აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ანკარაში გამართული NATO-ს სამიტის ფარგლებში სირიის პრეზიდენტ აჰმედ ალ-შარაასთან შეხვედრა გამართა და ამ ქვეყნის ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოღების შესახებ განაცხადა.
ამერიკის ლიდერმა სირიის ახალი მთავრობის მიერ ქვეყნის მოკლე დროში გაერთიანებისა და სტაბილურობის მიღწევის მცდელობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს სახელმწიფო უკვე იმსახურებს დამატებითი შეზღუდვების მოხსნას. თეთრი სახლის ხელმძღვანელმა ალ-შარაას ძლიერი და რეგიონში საყოველთაოდ პატივსაცემი ლიდერი უწოდა. ტრამპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი სირიის ხელისუფლების მიერ გაწეული სამუშაოთი ამაყობს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კონგრესს პრეზიდენტის განზრახვის შესახებ ოფიციალურად უკვე შეატყობინა. საკანონმდებლო ორგანოს კი გადაწყვეტილების განსახილველად 45-დღიანი ვადა ექნება.
ტრამპის მიერ გაჟღერებული გადაწყვეტილება სირიისთვის საერთაშორისო ფინანსურ სისტემაში სრულფასოვანი დაბრუნების გზაზე ბოლო დიდი ბარიერის მოხსნას ნიშნავს. ეკონომიკური იზოლაციის დასრულება დამასკოსთვის უცხოური კაპიტალის მოზიდვისა და გლობალურ ბაზრებზე წვდომის აღდგენის საშუალება გახდება.
ამერიკელი ექსპერტების შეფასებით, ეს ნაბიჯი ქვეყანაში ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევასა და გრძელვადიანი ეკონომიკური რეფორმების გატარებას ხელს შეუწყობს. ფინანსური ბლოკადის მოხსნა სირიას საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და სავაჭრო კავშირების აღდგენის ახალ შესაძლებლობებსაც შეუქმნის.
ცნობისთვის, აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ 1979 წელს ასადის რეჟიმის ქმედებების გამო გამოაცხადა, ამჟამად კი ამ ნუსხაში მხოლოდ კუბა, ირანი და ჩრდილოეთ კორეა რჩებიან.
თავად სირიის ახალი ლიდერი, აჰმედ ალ-შარაა წარსულში „ალ-ქაიდასთან“ დაკავშირებულ დაჯგუფებას ხელმძღვანელობდა. მისი დაკავებისთვის აშშ-მა $10 მილიონიც კი დააწესა. მოგვიანებით იგი ამბოხებულთა კოალიციას სათავე ჩაუდგა და 2024 წლის ბოლოს ბაშარ ასადის მმართველობა დაამხო.




























