ერაყიდან სირიის სანაპირომდე ნავთობსადენის მშენებლობის სავარაუდო ვადად 2027 წლის პირველი კვარტალი განისაზღვრა. Syrian Petroleum Company-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იუსეფ კაბლავიმ ეს ინფორმაცია ლონდონში გამართულ Energy Intelligence Forum-ზე გააჟღერა.
ოფიციალური პირის განმარტებით, თანმხლები ინფრასტრუქტურული სამუშაოების მომზადებასთან ერთად, პროექტი წინასწარი საინჟინრო დაპროექტების ფაზაში უკვე შევიდა. როგორც მან აღნიშნა, ახალი პროექტი ორმხრივი ენერგეტიკული მარშრუტების გაფართოებას უზრუნველყოფს.
ერაყული მხარის გეგმის თანახმად, შეთავაზებული მარშრუტი ბასრიდან ბანიანამდე იქნება გაშლილი და გამტარუნარიანობას მკვეთრად გაზრდის. სირიის სანაპირომდე მიმავალი მილსადენი დასრულების შემდეგ დღე-ღამეში 1 მილიონ ბარელს გაატარებს.
როგორც ირკვევა, ამ პროექტით ერაყი მიზნად ნედლი ნავთობის საექსპორტო არხების დივერსიფიკაციასა და არსებულ საზღვაო მარშრუტებზე დამოკიდებულების შემცირებას ისახავს. ეს ინიციატივა ოფიციალურ ბაღდადს ნედლეულის ალტერნატიული გზებით ექსპორტის შესაძლებლობას მისცემს.
აღსანიშნავია, რომ სირიის ტერიტორიაზე ერაყული ნედლი ნავთობის მისაღებად ბანიასის პორტის მოსამზადებელი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სირიის ენერგეტიკული სექტორის განვითარების ფარგლებში, ბანიასის საპორტო ინფრასტრუქტურისა და ნავთობგადასამუშავებელი ქარხნის რეაბილიტაცია უკვე დაიწყო. ოფიციალური დამასკოს განცხადებით, ეს ნაბიჯი ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალის სრულყოფილ გამოყენებას უზრუნველყოფს.
ცნობისთვის, სირია ერაყული ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირებაში ბანიასის პორტს უკვე იყენებს და ნედლეულის ნაწილს საგარეო ბაზრებზე ამ გზით ყიდის, თუმცა ახალი პროექტი მასშტაბებს მკვეთრად გაზრდის.
























