სირიის მთავრობის მიერ საწვავის ტარიფების მკვეთრ მატებას ქვეყნის რამდენიმე ქალაქში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა. როგორც ირკვევა, ოფიციალურმა დამასკომ დიზელის ფასი 40%-ით, ხოლო ბენზინის ღირებულება 28%-ით გაზარდა.
გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ადგილობრივმა დემონსტრანტებმა ჰამაში, ხან-შეიხუნსა და მაარათ ალ-ნუმანში საავტომობილო გზები საბურავების დაწვით გადაკეტეს. ამასთან, აქციის მონაწილეებმა ალეპოსა და თურქეთს შორის არსებული ცენტრალური მაგისტრალის ბლოკირება რამდენიმე საათით შეძლეს. როგორც ირკვევა, საწვავის გაძვირებამ ქვეყნის მასშტაბით მწვავე საჯარო დისკუსიები და სოციალურ ქსელებში პროტესტის ტალღაც გამოიწვია.
რაც შეეხება მთავრობის ოფიციალურ პოზიციას, სირიის ხელისუფლებამ ტარიფების მატება საერთაშორისო ბაზარზე საწვავის შესყიდვის გაძვირებული ხარჯებით ახსნა და ამ ნაბიჯს დროებითი ზომა უწოდა. სახელმწიფო სააგენტო SANA-ს ცნობით, უწყება ფასების კორექტირებას საერთაშორისო ბაზრის ცვლილებების შესაბამისად გააგრძელებს.
























