ზუსტად ერთი თვე შესრულდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებიდან. ცენტრალური საარჩევნო კომისიის შემაჯამებელ ოქმში ასახულ მაჩვენებლებს მხოლოდ “ქართული ოცნება” ეთანხმება. ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და პრეზიდენტი 26 ოქტომბრის არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ. არჩევნების სამართლიან გარემოში ჩატარებასთან დაკავშირებით კითხვები აქვთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებსაც. საერთაშორისო თანამეგობრობა თბილისს არჩევნების სადავო შედეგების ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს, რათა გადამოწმდეს გაყალბებასთან დაკავშირებული “სერიოზული ეჭვები”. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების 18 ნოემბრის შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ევროკავშირის ტექნიკური მისია საქართველოში ჩამოვა და განვითარებულ მოვლენებს შეისწავლის.
არჩევნების შედეგები და 150 დეპუტატის არჩევის კანონიერება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული. პარალელურად გამოძიება მიმდინარეობს გენერალურ პროკურატურაში. სანამ სარჩელი სასამართლოშია, კონსტიტუციონალისტების დიდი ნაწილის მტკიცებით, პარლამენტის უფლებამოსილების ცნობა არაკანონიერია.
კანონიერებაზე დავის მიუხედავად “ოცნების” პარლამენტმა მიმდინარე კვირაში მუშაობა დაიწყო და სავარაუდოდ ხვალ მთავრობის ახალ შემადგენლობაც დაამტკიცებს. რატომ ვერ მოიტანა საპარლამენტო არჩევნებმა ცვლილებები, სად ვართ ერთი თვის თავზე და როგორ შეიძლება ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარების მიზანს მივაღწიოთ?
სტუმარი: კახა გოგოლაშვილი - "რონდელის ფონდის" ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი;