თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 1 მაისიდან „დაავადებათა სკრინინგის“ პროგრამას ფილტვის კიბოს სკრინინგი დაემატება, რომლის დაფინანსებასაც თბილისის მერია უზრუნველყოფს.
კალაძის განმარტებით, პროგრამის ფარგლებში ერთი პაციენტის დასაფინანსებლად დედაქალაქის ბიუჯეტიდან 10 ათასიდან 235 ათას ლარამდე თანხა გამოიყოფა.
თბილისის მერის თქმით, მუნიციპალიტეტი ონკოლოგიურ დაავადებებთან ბრძოლის მიმართულებით არაერთ პროგრამას ახორციელებს და ამ პროცესში მოსახლეობის მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს. მისი განცხადებით, დედაქალაქის ბიუჯეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებას.
„4 თებერვალი კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. თბილისის მერია ამ ვერაგ სენთან ბრძოლაში მუდმივად მოსახლეობის გვერდით დგას და სიმსივნური დაავადებების როგორც სკრინინგულ, ისე მკურნალობისთვის აუცილებელ არაერთ პროგრამას ახორციელებს, რაც მომავალშიც გაგრძელდება. ბიუჯეტში განსაკუთრებული ადგილი უკავია ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მიმართულებას. გვაქვს ბევრი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომლითაც ვეხმარებით იმ ოჯახებს, ადამიანებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა“, - თქვა კალაძემ.
მისი ინფორმაციით, ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და მკურნალობის მიზნით ადმინისტრირებას უწევს „დაავადებათა სკრინინგის“, „ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის“ და „ძუძუს კიბოს სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამებს. ასევე, „სამედიცინო საჭიროებების დაფინანსების“ პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ონკოლოგიური პაციენტების სხვადასხვა საჭიროება.



























