მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„10 000 ტონამდე ორაგულის წარმოებას შევძლებთ“ - გურიაში ნორვეგიული ორაგულის მეურნეობა შენდება

61a91654b8f1b
თამთა ჯიჯავაძე
02.12.21 23:52
8569
გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ წყალწმინდაში „გურია ფიშ ფარმინგი“ ნორვეგიული ორაგულის მეურნეობას აშენებს. როგორც კომპანიის დირექტორმა, ვანო დობორჯგინიძემ Forbes Georgia-ს განუცხადა, პროექტი შავი ზღვის სანაპიროსთან სათევზე მეურნეობის მშენებლობას ითვალისწინებს, სადაც ნორვეგიული ორაგული მოშენდება. მისივე თქმით, პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.

„პირველი ეტაპი მიმდინარე წელს დასრულდება, რის შემდეგაც დაახლოებით 300 ტონა თევზის წარმოებას შევძლებთ. სამშენებლო პროცესის პარალელურად სათევზე მეურნეობა გაიზრდება და თანდათან წარმოებაც მოიმატებს. პროექტის ყველა ეტაპის განხორციელებას ჯამში ხუთი წელი დასჭირდება. ამის შემდეგ, ჩვენი გათვლით, 5-დან 10 ათას ტონამდე ორაგულის წარმოებას შევძლებთ“, - აღნიშნა ვანო დობორჯგინიძემ.

მისივე თქმით, საწყის ეტაპზე მეურნეობა დაახლოებით 1 ჰექტარ ტერიტორიას დაიკავებს. თუმცა, კომპანიის განკარგულებაში საერთო ჯამში 10 ჰექტარი მიწაა.

გარდა ამისა, კომპანიის დირექტორის თქმით, წარმოებული ორაგული ადგილობრივ ბაზარს მოიცავს, თუმცა მისივე განცხადებით, წარმოების ისეთ მასშტაბებზეა საუბარი, რომ ადგილობრივი ბაზარი მთლიანი პროდუქტის სრულად ათვისებას ვერ შეძლებს. „შესაბამისად, ძირითადი მასა ექსპორტზე გავა. ამჟამად ბაზრის მოკვლევა მიმდინარეობს. ჯერჯერობით კონკრეტული გადაწყვეტილება არ მიგვიღია, თუმცა ევროპისა და აზიის ათვისებას ვგეგმავთ. ამ მიზნით მოლაპარაკებებს უკვე ვაწარმოებთ“, - დასძინა მან.

პროექტის პირველი ეტაპის განხორციელება 8,5 მილიონი ლარი ჯდება. აქედან 5 მილიონი ლარით „აწარმოე საქართველოში“-მ დააფინანსა. კომპანიის გამოთვლებით, პროექტის მთლიანი ღირებულება, სულ მცირე, 200 მილიონ ლარს შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები