მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 290 ავიარეისი ათ დღეში - ანტალიაში ტურისტული სეზონის ბუმია

64a6d76523035
თამთა ჯიჯავაძე
07.07.23 10:29
3576
ანტალიაში ტურისტთა რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. კერძოდ, 24 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით ანტალიას საჰაერო გზით 1.7 მლნ ადგილობრივი და უცხოელი ვიზიტორი ეწვია. როგორც თურქული მედია წერს, საკურორტო ქალაქის აეროპორტმა მხოლოდ გასულ ათ დღეში 10 290 რეისი მიიღო და გაუშვა. მხოლოდ 1-ელ ივლისს კი, ანტალიის აეროპორტმა 1188 შიდა და საერთაშორისო ფრენა უზრუნველყო და 199 419 მგზავრი მიიღო, რაც თურქული მედიის ცნობით, ყველა დროის რეკორდული მაჩვენებელია.

რაც შეეხება მიმდინარე წლის პირველ ნახევარს, ამ პერიოდში მხოლოდ ანტალიას 5.5 მლნ ტურისტი ეწვია. ბოლო დროის რეკორდს კი მუსლიმურ დღესასწაულს - ყურბან ბაირამს უკავშირებენ, რა დროსაც მობილობა იზრდება.

როგორც სასტუმროების ასოციაციაში აცხადებენ, ანტალიაში რელიგიური დღესასწაულის დღეებში, განთავსების საშუალებები სრულად დაიჯავშნა. ტურიზმის სექტორის მოლოდინით, ივლისის დასაწყისში დაფიქსირებული ტურისტული ნაკადები თვის ბოლომდე და აგვისტოშიც შენარჩუნდება.

როგორც თურქული მედია წერს, წელს, ტურისტთა ნაკადები განსაკუთრებით გერმანიიდან და დიდი ბრიტანეთიდანაა გაზრდილი. გარდა ამისა, სტატისტიკის თანახმად, მაღალია მოთხოვნა პოლონეთიდან, რუმინეთიდან, ისრაელიდან, ყაზახეთიდან, ჩეხეთიდან, მოლდოვიდან და ავსტრიიდან.

„არ ვფიქრობდით, რომ წელს, 2019 წლის რიცხვებს მივაღწევდით უკრაინაში მიმდინარე ომის გამო. თუმცა, ვფიქრობ, რომ ტურისტთა რაოდენობა წლის ბოლოსთვის 15 მლნ-ს მიაღწევს, ვინაიდან რუსეთიდან და გერმანიიდან შემოსვლები 2019 წლის მონაცემებს აჭარბებს, გაზრდილია ასევე მოთხოვნა ისეთი ბაზრებიდან, როგორიც პოლონეთი და დიდი ბრიტანეთია“, - განაცხადა სასტუმროების ასოციაციის წარმომადგენელმა და დასძინა, რომ უკრაინიდან ტურისტთა რაოდენობა, რომელიც ტურიზმისთვის მნიშვნელოვან ბაზარს წარმოადგენდა, წელს 90%-ით შემცირდა.

თურქეთის ტურიზმის სექტორი ელის, რომ სეზონი ანტალიაში წლის ბოლომდე შენარჩუნდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები