მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 ევროპული ქვეყანა, სადაც ოჯახებს ყველაზე მეტი ვალი აქვთ

სესხი

გავრცელებული სტერეოტიპის თანახმად, სამხრეთევროპელები საკუთარ შესაძლებლობებზე აღმატებულად ცხოვრობენ, ჩრდილოევროპელები კი უფრო მეტს ზოგავენ. თუმცა, უახლესი მონაცემები სრულიად განსხვავებულ რეალობაზე მიუთითებს.

ევროკავშირში ყველაზე მეტად დავალიანებული ოჯახები მდიდარ ჩრდილოეთში გვხვდება და არა სამხრეთის ეკონომიკებში, რომლებიც, როგორც წესი, კონტინენტის ყველაზე მოწყვლად წევრებად მიიჩნევიან.

ევროსტატის მიერ მიმდინარე თვეში გამოქვეყნებული მონაცემებით, 2025 წელს ევროკავშირის ოჯახების ვალმა მშპ-ის 49.4% შეადგინა, ხოლო ევროზონაში ამ მაჩვენებელმა 50.7%-ს მიაღწია. ორივე მაჩვენებელი 2020 წლის შემდეგ ყოველწლიურად მცირდება.

საოჯახო ვალები მოიცავს ისეთ ვალდებულებებს, როგორებიცაა იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები, ასევე ოჯახის წევრების მიერ აღებული სხვა სახის ფინანსური ვალდებულებები.

საოჯახო ვალის მშპ-სთან შეფარდება არ აჩვენებს, თუ კონკრეტულად რამდენია თითოეული ოჯახის ინდივიდუალური დავალიანება. ამის ნაცვლად, იგი იძლევა ზოგად სურათს იმისა, თუ რამდენად არის დატვირთული საოჯახო სექტორი სესხებით, შემოსავალთან მიმართებით.

მაგალითად, 50%-იანი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ ოჯახების მიერ აღებული სესხები ქვეყნის მიერ ერთ წელიწადში წარმოებული მთლიანი პროდუქტისა და მომსახურების ნახევარს უტოლდება.

10 ყველაზე მეტად დავალიანებული ქვეყანა, საოჯახო ვალის მიხედვით:

10. გერმანია: 49.0%

მიუხედავად სიმდიდრისა, ევროპის უდიდესი ეკონომიკა ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელთან ახლოსაა. ამის ერთ-ერთი მიზეზი საკუთარი სახლის ფლობის უჩვეულოდ დაბალი მაჩვენებელია - 2022 წელს ის მხოლოდ 46.7%-ს შეადგენდა, რაც ერთ-ერთი ყველაზე დაბალი ნიშნულია ევროპაში. გასაქირავებელი ბინების ფართო ბაზარი, ხელმისაწვდომი ფასები და იპოთეკურ პროცენტებზე საგადასახადო შეღავათების არარსებობა, ოჯახებისთვის დიდი იპოთეკური სესხების აღების საჭიროებას ამცირებს.

9. პორტუგალია: 53.9%

2025 წლის ბოლოსთვის პორტუგალიაში შინა მეურნეობების ვალმა დაახლოებით 171 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 8.6%-ით მეტია. ეს ძირითადად უძრავ ქონებაზე ფასების მკვეთრი ზრდის ფონზე იპოთეკურმა დაკრედიტებამ განაპირობა.

8. კვიპროსი: 54.2%

ვიპროსის ცენტრალური ბანკის ინფორმაციით, ოჯახების ვალის კოეფიციენტი 2016 წლის დეკემბრის შემდეგ დაახლოებით 62%-ით შემცირდა. საოჯახო ვალის დაახლოებით 34% კვლავ ძველი უმოქმედო სესხებისგან შედგება, რომლებიც საკრედიტო შესყიდვების კომპანიების მფლობელობაშია და ეტაპობრივად გვარდება.

7. ბელგია: 56.4%

ბელგიური ოჯახების დაახლოებით 43.1% ფლობს საცხოვრებელს იპოთეკით, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ევროკავშირის საშუალო მაჩვენებელს (24.3%). სესხების უმეტესობას ფიქსირებული განაკვეთი აქვს. ბელგიის ეროვნულმა ბანკმა 2025 წელს იპოთეკური სესხების ზრდაც დააფიქსირა, ახალი სესხების მოცულობამ კი 40.7 მილიარდი ევრო შეადგინა (წინა წლის 31.7 მილიარდ ევროსთან შედარებით).

6. საფრანგეთი: 59.5%

საფრანგეთში იპოთეკური სესხები ძირითადად ფიქსირებული განაკვეთით გაიცემა. პორტუგალიისა და ესპანეთისგან განსხვავებით, აქ მცურავგანაკვეთიანი სესხები იშვიათია, დაკრედიტება კი მკაცრად კონტროლდება: მსესხებლებს, როგორც წესი, არ შეუძლიათ წმინდა შემოსავლის დაახლოებით მესამედზე მეტი მიმართონ ვალის მომსახურებაზე, იმ მაქსიმალური ზღვრის ფარგლებში, რომელსაც საფრანგეთის ბანკი ყოველთვიურად ადგენს.

5. ლუქსემბურგი: 60.5%

აქ ვალის ტვირთი კონცენტრირებულია. იპოთეკური სესხები საოჯახო ვალის 90%-ს შეადგენს, თუმცა ლუქსემბურგის ოჯახების თითქმის ნახევარს საერთოდ არ აქვს დავალიანება, ხოლო მედიანური წმინდა აქტივები (სიმდიდრე) 2023 წელს 676,000 ევროს შეადგენდა.

4. ფინეთი: 62.9%

ეს მაჩვენებელი თითქმის მთლიანად საცხოვრებლის შეძენითაა განპირობებული, თუმცა აქ გარკვეული ფინური სპეციფიკაც იკვეთება. იპოთეკური სესხები საოჯახო ვალის დაახლოებით 63%-ს შეადგენს, ხოლო საბინაო ამხანაგობების სესხებთან ერთად (ეს არის თავად შენობის მიერ აღებული ვალი, რომელსაც ბინის მყიდველები მემკვიდრეობით იღებენ) ჯამური წილი დაახლოებით 75%-ია.

3. შვედეთი: 82.3%

შვედეთი კვლავ რჩება ევროპაში იპოთეკაზე ერთ-ერთ ყველაზე მეტად დამოკიდებულ ეკონომიკად. ბაზარზე მცურავგანაკვეთიანი სესხები დომინირებს, რის გამოც ოჯახები მეტად მოწყვლადნი არიან საპროცენტო განაკვეთების ცვლილების მიმართ. ეს სუსტი წერტილი განსაკუთრებით თვალსაჩინო ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების ციკლის დროს გახდა.

2. დანია: 84.1%

დანიის ეროვნული ბანკი და ევროკომისია დიდი ხანია მაღალ ვალს საფრთხის სიგნალად მიიჩნევენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ მას დიდწილად მნიშვნელოვანი საპენსიო დანაზოგები და უძრავი ქონების აქტივები აბალანსებს. საოჯახო ვალი განკარგვად შემოსავალთან მიმართებით 2024 წელს დაახლოებით 177%-ს შეადგენდა, რაც კვლავ ერთ-ერთი უმაღლესი მაჩვენებელია ევროკავშირში.

1. ნიდერლანდები: 93.5%

ევროპაში ყველაზე მეტად დავალიანებული ოჯახები ნიდერლანდებში ცხოვრობენ, რაც მიზანმიმართული პოლიტიკის შედეგია. ნიდერლანდების ცენტრალური ბანკი (De Nederlandsche Bank) განმარტავს, რომ ქვეყანაში იპოთეკური ვალი მაღალია, "რადგან მთავრობა სახლის შესაძენად თანხის სესხებისთვის ხელსაყრელ პირობებს ქმნის". ეს მოიცავს იპოთეკური სესხის პროცენტზე საგადასახადო შეღავათებსა და დაკრედიტების სტანდარტებს, რომლებიც მყიდველებს საშუალებას აძლევს, აიღონ ქონების სრული ღირებულების ტოლფასი სესხი, მაშინ როცა სხვა ქვეყნებში ეს ზღვარი 90%-ით ან ნაკლებით შემოიფარგლება. აღნიშნული მაჩვენებელი ძალიან დიდი საპენსიო აქტივებითა და ოჯახების მაღალი ფინანსური კეთილდღეობით ბალანსდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები