2026 წლის 10 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით ძაღლების ჰიპერპოპულაციის პროგრამის ფარგლებში, კახეთის, იმერეთის რეგიონებსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, აყვანილია 502 ძაღლი - ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათი ცნობით, 1 თვეში ყველაზე მეტი, 423 მიუსაფარი ძაღლი კახეთიდან აიყვანეს. 22 - იმერეთიდან, ხოლო ზუგდიდიდან - 57.
უწყების ცნობით, ცხოველებს ჩაუტარდათ ვეტერინარული მანიპულაციები: ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, სტერილიზაცია/კასტრაცია, იდენტიფიკაცია რეგისტრაცია, დიაგნოსტიკური კვლევები. მათი ნაწილი გარემოს უკვე დაუბრუნდა.
"435 ძაღლი უკვე დაუბრუნდა გარემოს, დანარჩენი ცხოველების დაბრუნება კი ვეტერინარული მანიპულაციების შემდეგ, ეტაპობრივად მოხდება. ზუგდიდის ცენტრიდან ქუთაისის მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი 57 ძაღლიდან 28 პირველ აპრილს დაბრუნდა ქალაქ ზუგდიდში, 12 მათგანს, რომელებსაც უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი პროცედურები, ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის ცენტრის ეკიპაჟები, ქ. ზუგდიდში დღეს დააბრუნებენ.
თავშესაფარში კვლავ რჩებიან ძაღლები, რომლების მანიპულაციებს და რეაბილიტაციას მეტი დრო სჭირდება. ყველა საჭირო პროცედურის დასრულებისთანავე, ისინიც ანალოგიურად დაბრუნდებიან ზუგდიდში", - ნათქვამია სეს-ის განცხადებაში.
მინისტრის მოადგილემ ასევე ყურადღება გაამახვილა ცხოველების მეპატრონეების პასუხისმგებლობის საკითხზე.
"მიმდინარე წელს, რეგიონების მიხედვით, მოხდება გარკვეული რაოდენობის ცხოველების სტერილიზაცია და კასტრაცია, ხოლო მომავალი წლიდან ეს ვალდებულება უკვე მეპატრონეს ექნება. სწორედ ამ გზით მივაწოდებთ ინფორმაციას პატრონიანი ცხოველების მფლობელებს, რომლებიც, სამწუხაროდ, არიან მიუსაფარი ცხოველების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი წყარო.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პროგრამის ფარგლებში, ცოფის საწინააღმდეგო მასიური ვაქცინაციის პარალელურად, მოხდება პატრონიანი ცხოველების იდენტიფიკაცია, წინასწარი მონაცემებით იდენტიფიკაციას დაახლოებით 102 000 ცხოველი გაივლის, რაც ძალიან შთამბეჭდავი და ამბიციური გეგმაა", - განაცხადა ლაშა ავალიანმა.
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელებში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ სურსათის უვნებლობის სააგენტოს რეგიონებში მოსახლეობის მიერ მიკედლებული მიუსაფარი ძაღლები ტერიტორიიდან მიჰყავს. ადამიანები, რომლებიც Facebook-ზე ფოტო/ვიდეო მასალას ავრცელებენ, ასევე ყვებიან, რომ ზუსტად არ იციან, სად გადაჰყავთ მათ მიერ მიკედლებული და მზრუნველობაში მყოფი ცხოველები.
გუშინ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ცხოველები გორის მუნიციპალიტეტის თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც კრემატორიუმი გვიან ღამით მუშაობდა, სავარაუდოდ, ცხოველთა დაწვის მიზნით - სოფლის მეურნეობის სამინისტრო აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებს, რომ რეგიონებიდან აყვანილი არც ერთი ძაღლი გორის თავშესაფარში არ გადაუყვანიათ.




























