საქართველო-იტალიის აგროსასურსათო თანამშრომლობის გაღრმავება და ქართულ და იტალიურ კომპანიებს შორის პირდაპირი ბიზნესკავშირების განვითარება - ამ საკითხებზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა იტალიური ორგანიზაციების, Coldiretti-სა და Filiera Italia-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე, რომელსაც საქართველოსა და იტალიის შესაბამისი უწყებებისა და ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, პროდუქციის წარმოებისა და გადამუშავების, ასევე რეალიზაციის ერთიანი ღირებულებათა ჯაჭვების განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.
სონღულაშვილის განცხადებით, საქართველოსთვის განსაკუთრებით საინტერესოა იტალიის გამოცდილება მწარმოებლების, გადამმუშავებლებისა და ბაზრების დაკავშირების მიმართულებით. მისი თქმით, თანამშრომლობის გაღრმავება იგეგმება გადამუშავების, ტექნოლოგიების, ინვესტიციებისა და მაღალი დამატებული ღირებულების პროდუქციის წარმოების მიმართულებით.
უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველო-იტალიის აგროსასურსათო ბიზნესთანამშრომლობის პრაქტიკული მექანიზმის შექმნის ინიციატივა. მისი მიზანია თანამშრომლობის პრიორიტეტების განსაზღვრა, პოტენციური პარტნიორი კომპანიების გამოვლენა და კონკრეტული ბიზნესპროექტების განხორციელების ხელშეწყობა.
მხარეებმა ბიზნესინფორმაციის გაცვლისა და იტალიური კომპანიების საქართველოში ვიზიტების ორგანიზების საკითხებზეც იმსჯელეს, რაც ქართულ და იტალიურ ბიზნესებს შორის პირდაპირი კავშირების გაძლიერებას შეუწყობს ხელს.
























