მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 მლნ ლარის ინვესტიცია 2020 წელს - რა გეგმები აქვს ფრანგულ „ატლანტიკ საქართველოს“?

5edb468381675
ვიქტორია მღებრიშვილი
06.06.20 23:00
2666
ფრანგული კომპანია „Groupe Atlantic”-ი საქართველოში 2017 წლიდან შემოვიდა და ამ პერიოდის განმავლობაში ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დაფუძნებულ საწარმოში 73 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა. ამის შესახებ BM.GE-ს „ატლანტიკ საქართველოს“ დირექტორმა სტეფან ლე მატრიმ განუცხადა.

ძირითადად წყლის ელექტროგამათბობლების მწარმოებელი კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე ესპანეთში, საფრანგეთში, რუსეთში, პოლონეთში, აზერბაიჯანში, რუმინეთში, უკრაინაში, საქართველოში, უზბეკეთსა და ყატარში გადის.

როგორც “ატლანტიკ საქართველოს“ დირექტორი ამბობს, დღეისთვის საწარმო თავისი რესურსის 70%-ს იყენებს, შესაბამისად მათი მიზანი წარმადობის სრული ათვისებაა, რასაც წლიდან წლამდე წარმატებით ახორციელებენ.

„2018 წელს მთლიანად წარმოებულია - 125 000 წყლის გამაცხელებელი, ხოლო 2019-ში – 205 970, 2020-ში იგეგმება 2019 წელთან შედარებით წარმოების და შესაბამისად ექსპორტის 20%-ით გაზრდა.

3 წლის განმავლობაში, ჯამში 73 მლნ ლარზე მეტია ინვესტირებული. ამჟამად გვაქვს ორი ახალი მიმდინარე პროექტი, რომელიც დაახლოებით 10 მლნ ლარის დამატებითი ინვესტიციით 2020 წელს განხორციელდება. ეს არის წყლის გამათბობელის კომპონენტების წარმოება, რომელიც მთლიანად დასავლეთ ევროპაში ექსპორტირდება და მეორე პროექტი იქნება კონვექტორების (რადიატორების) წარმოების დაწყება საქართველოში. ბუნებრივია გაიზრდება დასაქმებულების რაოდენობაც და დაგვემატება 50 ახალი ადგილი”, - აცხადებს სტეფან ლე მატრი.

საერთაშორისო კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი ამბობს, რომ მათ საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვთ.

„ამჟამად კომპანია თავისი რესურსის 70%-ს იყენებს და ამიტომ ჩემი ამოცანაა შევძლოთ არსებული შესაძლებლობების 100%-ით გამოყენება, გავზარდოთ პროდუქციის მრავალფეროვნება ეკო-მეგობრულ პროდუქტზე ფოკუსირებით. გეგმები ნამდვილად ამბციური გვაქვს - რამდენიმე წლის განმავლობაში 2-ჯერ უნდა გაიზარდოს ჩვენი გაყიდვების მაჩვენებელი. მე ვიცნობ ჩემს ჯგუფს და ჩემს ხალხს, დარწმუნებული ვარ აუცილებლად შევძლებთ ამას“, - უთხრა BM.GE-ს „ატლანტიკ საქართველოს“ დირექტორმა.

მსოფლიოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე სტეფან ლე მატრიმ პანდემიიდან გამომდინარე შექმნილ მდგომარეობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, იმისთვის, რომ მათ საწარმოო პროცესი გამართულად ეწარმოებინათ, მნიშვნელოვანი იყო ადგილობრივ სტრუქტურებთან გამჭირვალე და კონსტრუქციული კომუნიკაცია, რაც საქართველოში ხელისუფლების მიერ უზრუნველყოფილი იყო.

„პანდემიამ ჩვენი კომპანიის მუშაობის პრინციპებში გარკვეული ცვლილებების შეტანა გვაიძულა, დაგვენერგა უსაფრთხოების ახალი მეთოდები, რომელიც საშუალებას მოგვცემდა მაქსიმალურად დაგვეცვა ჩვენი ადამიანური კაპიტალი. ჩვენთვის როგორც მწარმოებლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი იყო რომ საქართველოში დროულად იქნა შემუშავებული შესაბამისი პროტოკოლები და რეკომენდაციები, რომლებიც საკმაოდ კომპლექსური იყო, მაგრამ ჩვენი რესურსების მობილიზებით მაქსიმალურად სწრაფ პერიოდში შევძელით ადაპტაცია. შესაძლებლობის ფარგლებში გადავედით დისტანციურ მუშაობაზე (წარმოებაში ეს განსაკუთრებით რთული პროცესია). წარმატებით გავიარეთ სანიტარული ინსპექციაც და მოვიპოვეთ მუშაობის უფლება. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა კომუნიკაციას ოფიციალურ სტრუქტურებთან, კომუნიკაცია იყო გამჭვირვალე და კონსტრუქციული, რასაც ძალიან ვაფასებთ“, - აღნიშნა მან.

სტეფან ლე მატრიმ მსოფლიო მასშტაბით პანდემიის პირობებში კომპანიის გამოწვევებზეს ისაუბრა და აღნიშნა, რომ რისკების აღმოსაფხვრელად მუშაობა მათ 2019 წლის ბოლოდან დაიწყეს.

„გლობალურ ჭრილში, 2019 წლის ბოლოდან ჩვენ უკვე გვქონდა გარკვეული შიში მოსალოდნელი კრიზისის მიმართ, რის გამოც ჯგუფის მიერ (მთელი მსოფლიოს მასშტაბით) მოხდა წარმოებისთვის საჭირო ნედლეულის ნაადრევად შეძენა, რათა უზრუნველგვეყო მომხმარებლისთვის პროდუქციის დროული, უწყვეტი მიწოდება, ამ წინასწარ მიღებული ზომების შედეგად შევძელით ამ მძიმე პერიოდშიც კი ჩვეულ რეჟიმში გაგვეგრძელებინა ჩვენი პროდუქციის ექსპორტი“, - განმარტა კომპანიის დირექტორმა.

ცნოსბითვის, „ატლანტიკ საქართველო“ ფრანგული საერთაშორისო ჯგუფის „Groupe Atlantic“-ის შვილობილი კომპანიაა. დღეისთვის კომპანიას საქართველოში 140-მდე ადამიანი ყავს დასაქმებული „Groupe Atlantic“ მსოფლიოს 73 ქვეყანაში საქმიანობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები