„საქართველოს განვითარების ფონდად“ გარდაქმნილი „საპარტნიორო ფონდი“ საქმიანობას 10 სექტემბრიდან, 250 მილიონიანი კაპიტალით დაიწყებს.
„საქართველოს განვითარების ფონდის“ (DFG) წესდება უკვე ძალაშია, რომლის მიხედვით, ფონდის 100% სახელმწიფოს ეკუთვნის. ფონდის კაპიტალი დაყოფილია ამავე რაოდენობის ჩვეულებრივ აქციად. თითოეული აქციის ნომინალური ღირებულება 1 ლარია.
ამასთან, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა (ირაკლი ღარიბაშვილი, ლევან დავითაშვილი, ლაშა ხუციშვილი, ოთარ შამუგია და ირაკლი ქარსელაძე) უნდა დატოვონ ფონდის სამეთვალყურეო საბჭო, სადაც ახალი პირები უნდა დაინიშნონ. სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი არ შეიძლება იმავდროულად იყოს სახელმწიფო მოსამსახურე, სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, პოლიტიკური თანამდებობის პირი, საჯარო მოსამსახურე და ფონდის თანამშრომელი ან წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი.
მთავრობის მიერ დამტკიცებული სამეთვალყურეო საბჭოს ახალი შემადგენლობა, რომელსაც მინიმუმ 3 და მაქსიმუმ 5 წევრი ეყოლება, უფლებამოსილების განხორციელებას 2023 წლის 10 სექტემბრიდან უნდა შეუდგეს.
წესდები განისაზღვრა ფონდის დაფინანსების წყაროები. ესენია:
ა) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან მოზიდული გრანტები;
ბ) საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და სხვა სუბიექტებისგან მიღებული სესხები, რომელთა დაბრუნებაზე ფონდი თვითონ არის პასუხისმგებელი;
გ) განხორციელებული ინვესტიციებიდან მიღებული შემოსავალი;
დ) სახელმწიფოს მიერ ფონდისათვის გადაცემული კომპანიების ან/და უშუალოდ ფონდის მიერ დაფუძნებული კომპანიების დივიდენდები;
ე) წილებისა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვით მიღებული შემოსავალი;
ვ) ფონდის დამფუძნებლის შენატანები ფონდის კაპიტალში;
ზ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა სახსრები.
დოკუმენტში წერია, რომ აქციონერის (100% სახელმწიფო) ერთადერთი მოვალეობაა, უზრუნველყოს შენატანის განხორციელება, საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამართლებრივი აქტების თანახმად.
რაც შეეხება პროექტების დაფინანსებას. ფონდი პროექტს განიხილავს, თუ მასში ფონდის მონაწილეობის ღირებულება ერთდროულად არის:
ა) არანაკლებ 3 მლნ ლარისა, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;
ბ) არაუმეტეს ამ პროექტის ღირებულების 30 პროცენტისა, გარდა სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დადგენილი გამონაკლისი შემთხვევებისა;
გ) არაუმეტეს ამ პროექტის კაპიტალის 49 პროცენტისა.
წესდების მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია, ყოველი წლის დასაწყისში განსაზღვროს საინვესტიციო გეგმა, რომლის ფარგლებში მოხდება შესაბამისი პროექტების დაფინანსება. თუ პროექტი ერთზე მეტ პრიორიტეტს ესადაგება, მაშინ მასზე გამოსაყოფი სახსრები გადანაწილდება იმ პრიორიტეტზე, რომელიც ძირითადია ამ კონკრეტული პროექტისთვის. სამეთვალყურეო საბჭოს შეეძლება წლის განმავლობაში საინვესტიციო გეგმაში ცვლილებებიც შეიტანოს.