მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 წელიწადში Kass Group-მა საქართველოში ₾120 მილიონის ინვესტიცია ჩადო|ეკატერინე თორდია

წალკის კანიონი

მრავალპროფილურმა საინვესტიციო კომპანია Kass Group-მა, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან საქმიანობს, 10 წელიწადში, ₾120 მილიონის ინვესტიცია განახორციელა.

Kass Group-ის პროექტებსა და გეგმებზე BMGTV–ის გადაცემა “წერტილში” კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ ისაუბრა.

ჰოლდინგის ყველაზე ცნობილი ობიექტია „კასს ლენდი - წალკის კანიონის რეზორტია”, რომელიც აერთიანებს უნიკალურ ინფრასტრუქტურას, საცხოვრებელ სივრცეებსა და ექსტრემალურ ატრაქციონებს: შუშის ხიდი, ვიზიტორთა ცენტრი, დაიმონდ რესტორანი, 55-ნომრიანი სასტუმრო, რომელიც აღჭურვილია სპა-აუზითა და საკონფერენციო დარბაზებით, სასტუმრო ტიპის კოტეჯები, ბაიკ ზიპ ლაინი, კანიონის საქანელა, ატრაქციონების პარკი, კარტინგები ბატუტების პარკი და ა.შ.

ეკატერინე თორდიას ინფორმაციით, ამჟამად ჰოლდინგი პირდაპირ 200-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, ხოლო არაპირდაპირ - 1 000-ზე მეტს და მათ უმრავლესობა ადგილობრივია.

“ეკოტურიზმი მსოფლიოში დიდი ხანია პოპულარულია - ადამიანებს სურთ ბუნებაში განსხვავებული გარემო შეიგრძნონ, მათთვის მნიშვნელოვანია ავთენტიკურობა და ხელუხლებელი გარემო. თუმცა, აქ ორი პრინციპი უნდა დავიცვათ: ერთის მხრივ, შევინარჩუნოთ ეს ავთენტიკურობა და, მეორეს მხრივ, შევქმნათ გამართული, უსაფრთხო ინფრასტრუქტურა. ჩვენი ინვესტიციის ყოველ ეტაპზე უსაფრთხოება უმთავრესი პრიორიტეტი იყო. სწორედ ექსტრემალური ატრაქციონების - მათ შორის, მინის ხიდის - შერწყმა ხელუხლებელ ბუნებასთან და ამ კომპონენტების ჰარმონია ქმნის დაუვიწყარ დასვენებას, რაც ჩვენი სტუმრების მუდმივ კმაყოფილებას განაპირობებს”, - ამბობს ეკატერინე თორდია.

კომპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმდინარე ინოვაციური პროექტი თბილისის ტელეანძის მოდერნიზაციაა - პროექტი პანორამული გადმოსახედების, ვიზიტორთა ცენტრისა და უნიკალური რესტორნის მოწყობას გულისხმობს. პროექტის საინვესტიციო ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი ლარია და ის 2028 წელს დასრულდება.

"დარწმუნებული ვართ, ეს სივრცე დედაქალაქის ახალ მიზიდულობის ცენტრად იქცევა. ჩვენი ჩანაფიქრით, საქართველოში ჩამოსული ყოველი ტურისტი აუცილებლად ესტუმრება როგორც თბილისის ანძას, ისე ჩვენს მეორე უნიკალურ პროექტს. ეს იქნება ერთგვარი მარშრუტი, რომელიც ვიზიტორებს სრულყოფილ, საინტერესო დღეს შესთავაზებს. ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეული სტუმარი ქვეყნიდან კმაყოფილი წავიდეს და მსოფლიოში საქართველოს უნიკალურობის თავისებურ ელჩად იქცეს”, - ამბობს კომპანიის გენდირექტორი.

ტურისტული მიმართულების გარდა, საინვესტიციო ჰოლდინგის პორტფოლიო მოიცავს ამიერკავკასიაში ყველაზე დიდ და მაღალტექნოლოგიურ თეთრეულის სამრეცხაოს TLS-სს (Tbilisi Laundry Service), რომელიც მსხვილ სასტუმროებს ემსახურება. ასევე, ჰოლდინგი ფლობს თანამედროვე ბიზნესცენტრს თბილისის ცენტრში, დანელიას ქუჩაზე.

ეკატერინე თორდია ამბობს, რომ საინტერესო პროექტების შემთხვევაში, Kass Group-ი საქართველოს ტურიზმში ახალი ინვესტიციების განხორციელებას არ გამორიცხავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები