ბოლო ათი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ ეკონომიკის მიმართულებით 1554 ხელშეკრულებას მიენიჭა კომერციული საიდუმლოების სტატუსი - ამის შესახებ "ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში მიმდინარე სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საინვესტიციო ხელშეკრულებისთვის კომერციული საიდუმლოების სტატუსის მინიჭება შეესაბამება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო სტანდარტებს და ის ძირითადად მეორე მხარის - ინვესტორის თუ მომწოდებელი კომპანიის კომერციული ინტერესების დაცვის მიზნით ხორციელდება. ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, რომ Eagle Hills-ის პროექტი ამ 1554 ხელშეკრულებიდან ერთ-ერთია. ამასთან, მისი თქმით, თუკი წარსულში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე მამუკა ხაზარაძის ანაკლიის განვითარების კონსორციუმი კომერციული საიდუმლოების მქონე შეთანხმების გაფორმებას ითხოვდა, დღეს ის აპროტესტებს რომ Eagle Hills-თან საინვესტიციო შეთანხმება კომერციული საიდუმლოს სტატუსს ატარებს.
"ეს არის კონკრეტული კომპანიის ინტერესი, რათა აწარმოოს მოლაპარაკებები სხვა პოტენციურ პარტნიორებთან და ეს არის მიღებული პრაქტიკა. ეს პრაქტიკა არის საქართველოშიც და ეფუძნება საერთაშორისო პრაქტიკას. გასული 10 წლის განმავლობაში კომერციული საიდუმლოების სტატუსი მიენიჭა საქართველოს მთავრობის მიერ ეკონომიკის სფეროში გაფორმებულ 1552 ხელშეკრულებას. მათ შორისაა ანაკლიის პორტის ცნობილი ხელშეკრულება და სწორედ ის პირები, რომლებიც ითხოვდნენ ანაკლიის პორტის ხელშეკრულების გასაიდუმლოებას, დღეს იწუნებენ რომ არაა გასაჯაროებული საინვესტიციო ხელშეკრულება.
ჯანდაცვის სფეროშიც კომერციული ხელშეკრულებების გაფორმებული იყო კომერციული საიდუმლოების სტატუსით, მაგალითად კოვიდის დროს მედიკამენტებზე გაფორმებული 10 ხელშეკრულება იყო საიდუმლო სტატუსის. იგივე ფაიზერთან, სინოვაკთან თუ სხვებთან კონტრაქტები იყო საიდუმლოება. ეს არის მიღებული პრაქტიკა. და ესაა კომპანიის კომერციული ინტერესი.
ამასთან გასაიდუმლოებულია მხოლოდ ნაწილი ამ ხელშეკრულების და ყველა ძირითადი ნაწილი ჩვენ საზოგადოებას უკვე გავაცანით,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
"იგლ ჰილს საქართველო" 2025 წლის 28 აპრილს დაფუძნდა. მისი მფლობელი და დამფუძნებელი არის იგლ ჰილს დეველოპმენტ ჰოლდინგს ლიმიტედი, რომელიც თავის მხრივ ეკუთვნის ასევე UAE-ში რეგისტრირებულ Jaona Investment LLC-ის, რომლის დამფუძნებელი და მესაკუთრე არის მილიარდერი მოჰამედ ალაბარი. კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტს ეგვიპტის მოქალაქე ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი იკავებს.
სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.




























