წარმოგიდგენთ 2025 წლის მნიშვნელოვან ბიზნეს მოვლენებს საქართველოში. სტატიაში წარმოდგენილია საქართველოში ადგილობრივი და საერთაშორისო ბიზნესის მიღწევები, გეგმები და ახალი პროექტები. BMG ასევე გთავაზობთ 2025 წლის ეკონომიკის მთავარ მოვლენებს, სადაც თავმოყრილია ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური და საკანონმდებლო სიახლეები და პროცესები. ამასთან, 2025 წელი ისე დაიწყო და სრულდება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ინვესტორის შერჩევის პროცესის შესახებ სიახლე არ ყოფილა.
Eagle Hills-ის პროექტი
გასული წლის განმავლობაში ყველაზე აქტიურად მთავრობა UAE-ს მსხვილ დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ 6.5-მილიარდიან საინვესტიციო შეთანხმებაზე საუბრობდა და მას ქვეყნის საინვესტიციო იმიჯის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად აცხადებდა. ინვესტორთან შეთანხმება მიმდინარე წლის ოქტომბერში გაფორმდა და მისთვის სამეწარმეო კანონიც შეიცვალა, რომლითაც მთავრობის წევრებს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში შეცვლის უფლება მიეცათ. Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს:
- თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):
კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები. - გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.
სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მოლოდინია, რომ 2026 წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდება.
"სილქ როუდ ჯგუფმა" ყველაზე დიდი - $400-მილიონიანი ქართული კორპორატიული ობლიგაციები განათავსა
"სილქ როუდ ჯგუფმა" 2025 წლის სექტემბერში $400-მილიონიანი ევრობონდი განათავსა, რაც საქართველოს კერძო სექტორის ისტორიაში ყველაზე დიდი მოცულობის კორპორაციული ობლიგაციაა. ახალი ფასიანი ქაღალდი 5-წლიანი ვადიანობის იქნება და მასზე "სილქ როუდ ჯგუფი" ინვესტორებს 7.5%-ის კუპონის განაკვეთს გადაუხდის.
ახალი ფასიანი ქაღალდის ინვესტორები უმსხვილესი ამერიკული და ევროპული საფინანსო ინსტიტუტები არიან. მის განთავსებაში მონაწილეობა ამერიკულმა J.P. Morgan-მა და შვეიცარიულმა UBS-მა მიიღეს. ჰოლდინგის დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გიორგი რამიშვილმა აღნიშნა, რომ მათ ფასიან ქაღალდზე მოთხოვნა სამჯერ აჭარბებდა მიწოდებას, რაც "სილქ როუდ ჯგუფის" და საქართველოს ეკონომიკაში ინვესტირების მიმართ მაღალ დაინტერესებას უსვამს ხაზს, რადგანაც მთლიანობაში მოთხოვნა 1.3 მილიარდ დოლარს აჭარბებდა.
ქართულმა ბანკებმა 3 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს
2025 წლის 11 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.98 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია. ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 11 თვეში 1.5 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 7%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 1.1 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 115 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია. ასევე მაღალი მოგება აქვს "ბაზის ბანკს", 100 მილიონი ლარის ოდენობით, რაც წლიურად 40%-ით არის გაზრდილი. "კრედო ბანკის" მოგება კი 81 მილიონი ლარი იყო, რაც ასევე 40%-ით არის გაზრდილი. "ქართუ ბანკის" მოგება 40 მილიონ ლარს შეადგენდა (წლიურად 6%-ის კლება), პროკრედიტ ბანკს კი 28 მლნ ლარის მოგება, რაც წლიურად ასევე 9%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 54.8 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს. ასევე დიდი ზომის - 22.6 მლნ ლარის ზარალი აქვს "სილქ ბანკს", ჰეშბანკის ზარალი კი 10 მილიონი ლარი იყო.
"IDS ბორჯომმა" $120 მილიონის ინვესტიციით ახალი ქარხანა გახსნა
2025 წლის სექტემბერში IDS ბორჯომი საქართველომ, პირველი ქართული მინერალური წყლის „ბორჯომის“ წარმოების 135-ე წელს, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ახალი ქარხანა გახსნა. პროექტის ჯამური ინვესტიცია 120 მილიონი დოლარია. ბორჯომის ახალი ქარხანა აშენდა ყვიბისში, ყოფილი, N2 ჩამომსხმელი ქარხნის ტერიტორიაზე. საწარმოს საერთო ფართობი 48 000 მ2-ს შეადგენს. მასშტაბითა და წარმოების შესაძლებლობებით, საქართველოში ის ყველაზე დიდია ჩამომსხმელ სექტორში. საწყის ეტაპზე ქარხნის სიმძლავრე 750 მილიონი ბოთლია წელიწადში, ხოლო 2030 წლისთვის მილიარდ ბოთლამდე მიაღწევს.
"MBC" და "კრისტალი" მიკრობანკები გახდნენ
2025 წელს ორი მსხვილი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია - მიკრო ბიზნეს კაპიტალი (MBC) და "კრისტალი" ახალი კანონმდებლობის შესაბამისად, მიკრობანკები გახდნენ. შედეგად საქართველოში კომერციული ბანკების რაოდენობა 19-მდე გაიზარდა. „პორტფელი საკმაოდ სწრაფად იზრდება. ჩვენ ვადარებთ ხოლმე, როგორ იზრდებოდა ჩვენი კონკურენტების პორტფელი მათი საბანკო ლიცენზირების მერე და ამაზე უფრო სწრაფად ვიზრდებით, რაც გასაგებია. იმიტომ, რომ „კრისტალი“ არის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდი ფინანსურ სექტორში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ აქტივების ძალიან მცირე მოცულობა გვაქვს დიდ ბანკებთან შედარებით, ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მომხმარებელი, რომელიც წარსულშიც ჩვენი მომხმარებელი იყო."- აცხადებს "კრისტალის" CEO არჩილ ბაკურაძე.
"ბაზისბანკის" და "ლიბერთი ბანკის" მოლაპარაკებები გაერთიანების შესახებ გრძელდება
2025 წლის ნოემბერში „ლიბერთი ბანკის“ თანამფლობელმა ირაკლი რუხაძემ BMG-ის დაუდასტურა, რომ ამ ეტაპზე „ბაზისბანკის“ მიერ „ლიბერთის“ შეძენა აღარ განიხილება. თუმცა, ბიზნესმენი ორი ბანკის გაერთიანებას არ გამორიცხავს. „მხარეებს შორის კონსულტაციები გრძელდება პარტნიორობის სხვადასხვა ფორმებზე, რაც პოტენციურად ორი ბანკის გაერთიანებასაც მოიაზრებს. [ახლა] თუ რამეზე ვლაპარაკობთ, უფრო გაერთიანებაზე ვსაუბრობთ, რომელშიც ორივე მხარე დავრჩებით”, - გვითხრა ირაკლი რუხაძემ. BMG-ის ინფორმაციით, მხარეებს შორის ერთ-ერთი შეუთანხმებელი საკითხი გარიგების ღირებულება იყო, რაც რამდენიმე კვირის წინ თავად ირაკლი რუხაძემაც ირიბად დაადასტურა. სავარაუდოდ, გარიგების მონაწილეებს შორის შეთანხმება ამიტომ ვერ შედგა.
"არქიმ" ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხანა შეიძინა და თბილისში ახალ უბანს "გრანდ ავენიუს" ააშენებს
"არქიმ" თბილისის ცენტრში, სადგურის მოედნის მიმდებარედ ყოფილი ვაგონშემკეთებელი ქარხნის 217,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი შეიძინა, სადაც არანაკლებ 250-300 მილიონი დოლარის ინვესტიციით, ახალი საცხოვრებელი უბნის - "გრანდ ავენიუს" მშენებლობას გეგმავს. კომპანიამ წინასწარი გაყიდვები უკვე დაიწყო. პროექტს "არქი" წარმატებული ქართველი სპორტსმენების მხარდაჭერით განახორციელებს.
"რიკომ" 200 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა
საბროკერო კომპანია „ფორსაით ბროკერსის" და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „რიკო ექსპრესმა" 200 000 000 ლარის ოდენობის ობლიგაციების ემისია განახორციელა. ემისიის მიზნობრიობას 2023 წელს გამოშვებული 130 მილიონი ლარის ობლიგაციების რეფინანსირება და პორტფელის ზრდა წარმოადგენს. „რიკო ექსპრესის“ ბონდები 80%-ით უზრუნველყოფილია საკრედიტო პორტფელით, მისი ვადიანობა 5 წელს შეადგენს. საპროცენტო განაკვეთად კი განსაზღვრულია TIBR+3%.
საქართველოში პირველი ხელოვნური კუნძულის - "ამბასადორი აილენდის" კუნძულის მიწის შექმნის სამუშაოების 50% უკვე შესრულებულია
„ამბასადორი აილენდ ბათუმის” პროექტს განვითარების თვალსაზრისით წელს მნიშვნელოვანი შედეგები ჰქონდა, რადგან ხელოვნური კუნძულის პროექტი დაგეგმვის ეტაპიდან უკვე განხორციელების ფაზაში აქტიურად გადავიდა. წლის ბოლოს პროექტის მიწის სამუშაოების 50%-ზე მეტი უკვე განხორციელებულია - ტერიტორიის 26 ჰა მიღებულია ექსპლუატაციაში, ხოლო საპროექტო არეალის 48 ჰა ზღვაში ფორმირებულია.
"ამბასადორი ბათუმი აილენდის" პროექტში წელს ჩაერთო FK Development-ი, რომელიც ადგილზე Tonino Lamborghini თაუერის მშენებლობას გეგმავს. ამბასადორი აილენდის ტერიტორიაზე კომპანია IG Development-ი 120,000 კვადრატული მეტრის ფართობის სავაჭრო ცენტრის მშენებლობას გეგმავს.
"თეგეტამ" ლარში ნომინირებული 260 მილიონიანი ობლიგაცია განათავსა
"თეგეტამ" 260 მილიონი ლარის ეროვნულ ვალუტაში ნომინირებული ობლიგაციები განათავსა, რაც ლარის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ობლიგაციების განთავსებაა. ფასიანი ქაღალდების საპროცენტო განაკვეთი TIBR 6m + 3%-ით განისაზღვრა. ობლიგაციების ძირი თანხის 50% 3 წელიწადში დაიფარება, მეორე ნაწილი კი - 5-ში. ინვესტორები სარგებელს ნახევარწლიურად მიიღებენ. მდგრადობასთან დაკავშირებული ბონდების მთავარი ინვესტორი აზიის განვითარების ბანკია (ADB). ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია - მდგრადობასთან დაკავშირებული ობლიგაციების ნაწილი ადგილობრივმა ფინანსურმა ინსტიტუტებმაც შეიძინეს.
$80-მილიონიანი ინვესტიციით, ზესტაფონში ახალი მეტალურგიული ქარხანა გაიხსნა
$80-მილიონიანი ინვესტიციით, კომპანია "ჯორჯია მეტალის" ქარხანა გაიხსნა. ახალი მეტალურგიული კომპლექსი ზესტაფონის სოფელ არგვეთაში მდებარეობს და ის თანამედროვე წარმოების ხაზით წელიწადში 400,000 ტონა არმატურის გამოშვებას, იმპორტის ჩანაცვლებას და საქონლის ექსპორტზე გატანას გეგმავს. ბიზნეს რეესტრის თანახმად, საწარმოს აქციონერები არიან ბიზნესმენები ზურაბ ღიბრაძე (90%) და ავთანდილ კოჩაძე (10%). ისინი ამავდროულად ფლობენ იმერეთში არსებული მანგაზენის გადამმუშავებელი კომპანიის GTM ჯგუფის წილებს. "ჯორჯია მეტალი" 1000-მდე ადამიანის დასაქმებას გეგმავს. ქარხანა გადაადნობს შავ მეტალს და თანამედროვე წარმოების ხაზით ფოლადის არმატურას გამოუშვებს.
ისრაელის Tempo ჯგუფმა 57 მილიონ დოლარად "ზედაზენი" შეიძინა
ისრაელის ერთ-ერთმა უმსხვილესმა ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების მწარმოებელმა ჰოლდინგმა Tempo Beverages-მა "ზედაზენის" 60%-იანი წილი შეიძინა. გარიგების ღირებულება 57 მილიონ დოლარს შეადგენს. Tempo Beverages-სა და "ზედაზენის" მფლობელს, "დეილი ჯგუფს" შორის გარიგების თაობაზე პირველად ცნობილი აპრილის დასაწყისში გახდა, დღეს კი გაირკვა რომ გარიგება უკვე შედგა და Tempo Beverages-ი უკვე "ზედაზენის" 60%-ის მფლობელია.
$21-მილიონიანი ინვესტიციით, თბილისში მშრალი პორტი გაიხსნა
"თბილისის მშრალი პორტი" (Tbilisi Dry Port) 3 ივნისს ოფიციალურად გაიხსნა. თბილისის მშრალი პორტი, რეგიონში პირველი თანამედროვე სარკინიგზო საკონტეინერო და სატვირთო ტერმინალი, ოფიციალურად იხსნება და სრულფასოვან ფუნქციონირებას იწყებს. როგორც "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, ეს "უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი" საკვანძო როლს შეასრულებს კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სავაჭრო ნაკადების გაძლიერებაში. მისი თქმით, თბილისის მშრალი პორტი 28.5 ჰექტარ ტერიტორიაზე 3 ფაზად შენდება. უკვე ამოქმედდა პირველი ფაზა, რომელშიც 21 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. ამ ფაზის დასრულების შემდეგ, პორტს წელიწადში 100 000 კონტეინერის დამუშავება შეეძლება. დარჩენილი ფაზების დასრულების შემდეგ კი მისი სიმძლავრე 200 000 კონტეინერამდე გაიზრდება.
$31-მილიონიანი ინვესტიციით, ფოთში მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
2025 წლის ივნისში ფოთში მულტიმოდალური საკონტეინერო ტერმინალი ოფიციალურად გაიხსნა. მულტიმოდალური ტერმინალის პროექტი სს „ფოთის ტრანსტერმინალმა“ განახორციელა, რომელიც ყაზახური და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად დაფუძნებული კომპანიაა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 31.5 მილიონ აშშ დოლარია.
ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, ტერმინალი ფოთის პორტთან ახლოს, 9 ჰექტარზე მეტ ფართობზეა განლაგებული, მისი წლიური გამტარუნარიანობა, პირველ ეტაპზე, 80 000 კონტეინერზე მეტი იქნება. ამასთან, როგორც „ფოთის ტრანსტერმინალში“ აცხადებენ, ტერმინალი ერთდროულად 120-მდე სარკინიგზო ვაგონს მოემსახურება და 100-ზე მეტ ადამიანს დაასაქმებს.
შიდა ქართლში $230-მილიონიანი ინვესტიციით და EBRD-ის დაფინანსებით, 206-მეგავატიანი ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო
შიდა ქართლში კომპანია კომპანია "ფერის" ჯგუფში შემავალმა "ვინდ ფაუერმა" $230 მილიონიანი ინვესტიციით ქარის ელექტროსადგურის მშენებლობა დაიწყო. პროექტს EBRD 119 მილიონი დოლარის კრედიტით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში რამდენიმე ქარის ტურბინა უკვე დამონტაჟდა. ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრე 206 მეგავატი იქნება.
პროექტის ფარგლებში სოფელ რუისის მიმდებარედ სულ 33 ტურბინა განთავსდება და ის საქართველოში უმსხვილესი ქარის ელექტროსადგური იქნება.
"თანაინვესტირების ფონდმა" თბილისში 176-ნომრიანი სასტუმრო "თაბორი პარაგრაფი" გახსნა
"თანაინვესტირების ფონდმა" 2025 წლის სექტემბერში სასტუმრო თაბორი პარაგრაფი გახსნა. სასტუმრო, რომლის მშენებლობაც თითქმის რვა წელი გრძელდებოდა 176 ნომერს აერთიანებს და მასზე მთავრობის ინფორმაციით, 500 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
"ჯამურად სასტუმროში 500 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა და ეს ინვესტიცია, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს ასობით ახალ, მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილს ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. აღსანიშნავია, რომ „პარაგრაფ თაბორი“ არ არის ერთეული პროექტი. ის არის „საქართველოს ტურიზმის განვითარების ფონდის“ მიერ შექმნილი სასტუმროების ქსელის ნაწილი, რომელიც უკვე ფუნქციონირებს თბილისში, სიღნაღში და მალე აბასთუმანსაც მოიცავს,"- განაცხადა პრემიერმა.
თბილისში "სილქ როუდ ჯგუფმა" 239-ნომრიანი სასტუმრო "ტელეგრაფი" გახსნა
"სილქ როუდ ჯგუფმა" 2025 წლის სექტემბერში თბილისში სასტუმრო "ტელეგრაფი" გახსნა. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 65 მილიონ ევროს აღემატება.
ახალი სასტუმრო ცხრა სხვადასხვა კატეგორიის 239 ნომერს, განსხვავებული კონცეფციის შვიდ რესტორანს, ჯაზ კლუბს, ბარსა და საბანკეტო-საკონფერენციო დარბაზს აერთიანებს.
სასტუმროს განახლებულ დიზაინზე მსოფლიოში ერთ-ერთმა გამორჩეულმა არქიტექტურულმა სტუდიამ Neri&Hu. იმუშავა, რომელსაც მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა მასშტაბის არქიტექტურულ და დიზაინ-პროექტებზე მუშაობის გამოცდილება აქვს, მათ შორის ისტორიული შენობების რეკონსტრუქციაზე, და არის მრავალი პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი.
საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის
საქართველოს ბაზარზე Starbucks შემოდის. საქართველოში მისი ოპერატორი ახლო აღმოსავლეთისა და თურქეთის რეგიონში Starbucks-ის ფრენჩიზის მფლობელს, ქუვეითურ კონგლომერატ Alshaya group-ს შემოჰყავს, უშუალოდ საქართველოს ბაზარზე კი მის ოპერირებაზე თურქეთის ოფისი იქნება პასუხისმგებელი.
პრველ ეტაპზე ბრენდი ობიექტებს თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გახსნის, 7-8 წლიან პერსპექტივაში საუბარია მთელი საქართველოს მასშტაბით 50-მდე ფილიალის გახსნაზე.
თბილისის აუთლეტ ვილიჯი გაიხსნა
2025 წლის სექტემბერში თბილისში აუთლეტ ვილიჯი გაიხსნა. თბილისი აუთლეტ ვილიჯის პირველი ფაზა 12,500 კვ.მ. – ზე იქნება გაშენებული, მთლიანი სივრცე კი 20 000 კვმ-ს მოციავს. პროექტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება 40 მილიონ ლარს აჭარბებს.
თბილისი აუთლეტ ვილიჯი ესპანურმა არქიტექტურულმა კომპანიამ L35-მა დააპროექტა, ხოლო პროექტის დეველოპმენტზე საქართველოში წამყვანმა დეველოპერულმა კომპანია - დომუსმა იმუშავა.
IG Development-მა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს შენობა 36 მილიონ ლარად შეიძინა
2025 წლის აპრილში IG Development-მა საპრივატიზაციო აუქციონზე თბილისის ცენტრში მდებარე კიდევ ერთი უძრავი ქონება შეისყიდა. საუბარია ჭავჭავაძის გამზირზე არსებულ 9,200 კვადრატულ მეტრზე, რაც წარსულში სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფისს წარმოადგენდა. შესყიდვის ღირებულება 35.6 მილიონ ლარს შეადგენს, საინვესტიციო ვალდებულება კი დამატებით 20 მილიონი ლარია.
კომპანია ადგილზე მსხვილი დეველოპერული და კომერციული პროექტის მშენებლობას გეგმავს.
"ვისოლ ჯგუფმა" 28 მილიონ ლარად, თბილისში ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს შენობა შეიძინა
თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა 14-ში მდებარე სახელმწიფო ქონება, ყოფილი ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო ₾28.2 მილიონად „ვისოლ ჯგუფთან“ დაკავშირებულმა კომპანია „კოსტავა თაუერსმა“ იყიდა, რომელიც კოსტავას ქუჩაზე მომიჯნავე 33,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის - "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ყოფილი შენობის მფლობელია, რომელიც კომპანიამ საჯარო აუქციონზე 2022 წელს 65 მილიონ ლარად შეიძინა.
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით აუქციონზე თბილისში, ჩიქოვანის ქუჩა N14-ში მდებარე ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო მასზე არსებული შენობა-ნაგებობები 28.2 მილიონ ლარად 17 დეკემბერს გაიყიდა.




























