მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2025 წლის მთავარი მოვლენები საქართველოს ეკონომიკაში

ფული ლარი

გთავაზობთ 2025 წლის მნიშვნელოვან მოვლენებს საქართველოს ეკონომიკაში. სტატიაში წარმოდგენილია ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური პარამეტრების, მსხვილი საინვესტიციო პროექტებისა და ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და საკანონმდებლო პროცესების შესახებ ინფორმაცია. ასევე, BMG ცალკე სტატიის სახით გთავაზობთ საქართველოს 2025 წლის მთავარ ბიზნეს მოვლენებს, რომელიც უშუალოდ კერძო კომპანიების მიღწევების შესახებ ფოკუსირდება. ამასთან, მნიშვნელოვანია გარემოება, რომ 2025 წელი ისე დაიწყო და სრულდება, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის საინვესტიციო შეთანხმება კვლავ არ გაფორმებულა, ხოლო ევროინტეგრაციის თვალსაზრისით, ქვეყნის მდგომარეობა გაუარესდა და ევროკომისიის თანახმად ქვეყანა სტატუსს მხოლოდ ქაღალდზე ინარჩუნებს.

2025 წლის 11 თვეში საქართველოს ეკონომიკა 7.5%-ით გაიზარდა

2025 წლის ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 7.2% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი თერთმეტი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.5%-ით განისაზღვრა. საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ეკონომიკური ზრდის შედეგების შესახებ პრესკონფერენცია გამართა. მისი განმარტებით, კერძო სექტორის ბრუნვამ ნოემბერში 15 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 10%-ით არის გაზრდილი. გოგიტა თოდრაძე აღნიშნავს, რომ სექტორების უმეტესობაში წლიურ ჭრილში ზრდა ფიქსირდება, ორი მიმართულებით - მშენებლობისა და ენერგეტიკის სექტორებში წლიურად კლებაა. ხოლო ზრდა განსაკუთრებით დიდი იყო ლოგისტიკისა და დამმუშავებელი მრეწველობის სექტორებში. 2025 წლის დეკემბრის ეკონომიკური ზრდის შედეგების შესახებ ინფორმაცია 2026 წლის იანვარში გახდება ცნობილი.

საქართველოში ინფლაცია 5%-მდე გაიზარდა, სურსათზე კი ფასების მატება 10%-ს აღწევს

2025 წლის გაზაფხულიდან საქართველოში ინფლაციის ზრდის პროცესი დაიწყო. მარტში ინფლაციამ სებ-ის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელს გადააჭარბა, ივნისში უკვე 4%-ს, ხოლო ოქტომბერში კი ის 5.2%-მდე გაიზარდა. ნოემბრის მდგომარეობით ინფლაცია 4.8%-მდე შემცირდა, თუმცა არსებული მდგომარეობით ინფლაცია კვლავ მომატებულ ნიშნულზე ნარჩუნდება.

ყველაზე მეტად ინფლაციაზე გავლენას სურსათის ფასების ზრდა ახდენს, რაც წლიურად 10%-ით არის გაძვირებული. 8%-ით არის მომატებული ფასები ჯანდაცვის ჯგუფში, სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების მიმართულებით კი ფასების მატება 7%-ს აღემატება. 2025 წლის დეკემბრის ინფლაციის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის იანვარში გახდება ცნობილი.

ეროვნულმა ბანკმა $2.2 მილიარდი შეისყიდა, რეზერვები კი $5.8 მილიარდამდე გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკი ნოემბრის განმავლობაში Bmatch პლატფორმით განხორციელებული სავალუტო შესყიდვების შესახებ აქვეყნებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც გასული თვის განმავლობაში შესყიდული რეზერვების მოცულობა 308 მილიონ დოლარს შეადგენდა. შედეგად რეზერვების ზომა 5.8 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. ამასთან, სები აცხადებს რომ რეზერვების შესყიდვა გაგრძელდა დეკემბერშიც, რის შესახებაც დეტალური სტატისტიკური ინფორმაცია 2026 წლის 26 იანვარს გამოქვეყნდება, იანვარ-ნოემბერში კი ჯამური შესყიდვები 2.2 მილიარდ დოლარს აჭარბებს. მათ შორის ყველაზე მეტი - 416 მილიონი დოლარი სებმა ივლისში შეისყიდა.

რეზერვების შესყიდვით, საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მეთოდოლოგიით განსაზღვრულ 100%-ს გაუტოლდა.

საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ქაღალდზე ინარჩუნებს - ევროკომისია

2025 წლის ნოემბერში ევროკომისიამ გაფართოების ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი 10 კანდიდატი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს ყოველწლიურ შეფასებას. ანგარიშის თანახმად, საქართველოს კანდიდატის სტატუსისგან მხოლოდ სახელი დარჩა. ევროკომისიის შეფასებით, ქვეყანაში სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა, კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზიითა და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდვით. გარდა ამისა, ევროკომისიის თანახმად, შეინიშნება მნიშვნელოვანი უკუსვლა იმ ცხრა პუნქტთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრულია კანდიდატის სტატუსისთვის კომისიის რეკომენდაციაში. ანგარიშში ნათქვამია, რომ კანონის უზენაესობის უზრუნველსაყოფად შექმნილი ინსტიტუტები გამოყენებულია პარტიული მიზნებისთვის და ხელისუფლებას არანაირი ნაბიჯი არ გადაუდგამს მოქმედების კურსის შესაცვლელად და ქვეყნის ევროკავშირის გზაზე დასაბრუნებლად.

ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საინვესტიციო შეთანხმება არ გაფორმებულა

2025 წლის განმავლობაში სახელმწიფოსა და ჯერ კიდევ 2024 წლის მაისში საერთაშორისო შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ დასახელებულ ჩინურ სახელმწიფო კორპორაცია CCCC-ს შორის ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტზე საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება ვერ მოხდა. მთავრობის ინფორმაციით არსებობს რამდენიმე საკითხი, რომელზეც კორპორაციასთან კითხვები ამ დრომდე არსებობს და მხოლოდ პოზიციების შეთანხმების შემდეგ მოხდება საინვესტიციო შეთანხმების გაფორმება.

რაც შეეხება უშუალოდ ინფრასტრუქტურის მშენებლობას, ადგილზე ჯერ კიდევ 2024 წლის აგვისტოდან $204-მილიონიანი კონტრაქტი Jan De Nul-ი ფსკერის დაღრმავების სამუშაოებს აწარმოებს. 2026 წელს ამ პროექტის ფარგლებში 50 მილიონი ლარი დაიხარჯება. 2026 წელს ასევე დაგეგმილია პორტამდე მისასვლელი გზის და რკინიგზის მშენებლობის დაწყება.

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა EU-ის საერთო ინტერესის პროექტის სტატუსი მიიღო

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტმა ევროკავშირისგან PCI/PMI-ს (საერთო ინტერესის პროექტი) სტატუსი მიიღო, რაც პროექტს მთელ რიგ უპირატესობებს ანიჭებს, მათ შორის დაფინანსების ნაწილში. BMG-ის ჯერ კიდევ ოქტომბერში, ევროკომისიაში განუცხადეს, რომ შავი ზღვის წყალქვეშა ელექტრონულ კაბელის პროექტი PCI/PMI-ის სტატუსის მოლოდინში იყო.

"პროექტს მიეცემა რიგი უპირატესობები, მათ შორის ნებართვების გაცემის პროცესის სისწრაფე. თუ ყველა შესაბამისი პირობა დაკმაყოფილდება, კონკურენტული განაცხადის პროცესის მეშვეობით Connecting Europe Facility (CEF) პროგრამიდან თანადაფინანსების მიღების შესაძლებლობა ექნება", - აცხადებდნენ ევროკომისიაში.

Eagle Hills-ის პროექტი

გასული წლის განმავლობაში ყველაზე აქტიურად მთავრობა UAE-ს მსხვილ დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-თან გაფორმებულ 6.5-მილიარდიან საინვესტიციო შეთანხმებაზე საუბრობდა და მას ქვეყნის საინვესტიციო იმიჯის ყველაზე მნიშვნელოვან წარმატებად აცხადებდა. ინვესტორთან შეთანხმება მიმდინარე წლის ოქტომბერში გაფორმდა და მისთვის სამეწარმეო კანონიც შეიცვალა, რომლითაც მთავრობის წევრებს კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში შეცვლის უფლება მიეცათ. Eagle Hills-ი საქართველოში ორ პროექტს განახორციელებს:

  • თბილისი, კრწანისი — Tbilisi Waterfront (590 ჰექტარი):
    კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილია პრემიუმ სასტუმროები, მაღალი კლასის საცხოვრებლები, რესტორნები, ბარები და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები.
  • გონიო — ყოფილი სამხედრო პოლიგონის ტერიტორია (250 ჰექტარი):
    პროექტი მოიცავს იახტ კლუბის, პრემიუმ სასტუმროების, მდიდრული საცხოვრებლებისა და კვების ობიექტების განვითარებას.

სახელმწიფო პროექტში უძრავი ქონებით, გონიოში არსებული 260 ჰექტარით და თბილისის მიმდებარედ არსებული 590 ჰექტარით შედის, ინვესტორმა კი უნდა მოამზადოს არქიტექტურული პროექტი და მოიზიდოს მისი განხორციელებისთვის საჭირო კაპიტალი, რაც წინასწარი შეფასებით 6.6 მილიარდ დოლარს შეადგენს. მოლოდინია, რომ 2026 წელს საპროექტო სამუშაოები დასრულდება.

ბრალი წარედგინათ ირაკლი ღარიბაშვილს, გრიგოლ ლილუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომეო მიქაუტაძეს, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს და სხვა ყოფილ მაღალჩინოსნებს

2025 წელს საქართველოს ყოფილ მაღალჩინოსნებს, მათ შორის ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, ყოფილ თავდაცვის მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს, ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილე კობა გაბუნიას, მუნიციპალური განვითარების ფონდის ყოფილ უფროსს, დავით ტაბიძეს სხვადასხვა სამოხელეო დანაშაულებზე ბრალი წარედგინათ. ასევე შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზებისთვის ბრალი წარედგინა ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ რომანოვ-ფარცხალაძეს. ასევე ბრალი წარედგინათ ამ პირებთან დაკავშირებულ კონკრეტულ ბიზნესმენებს.

წარდგენილი ბრალი მოიცავს როგორც უკანონო შემოსავლების მიღებას, უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, ქრთამის მიღებას, უაქციზო საქონლით ვაჭრობას და სხვა გარემოებებს, რომლებზეც საგამოძიებო პროცესი ამ დრომდე გრძელდება.

საქართველოს რკინიგზამ ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი მაგისტრალი გახსნა

საქართველოს რკინიგზამ 24 დეკემბერს ხაშური-ხარაგაული-ზესტაფონის ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მთავარ მონაკვეთს გახსნა - ღონისძიება სოფელ ქვიშხეთში, ახალაშენებული 8.3-კილომეტრიანი გვირაბის აღმოსავლეთ პორტალთან გაიმართა. შედეგად ოფიციალურად გაიხსნება 270 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელზეც საქართველოს რკინიგზა და მისი დაქირავებული კონტრაქტორი "ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიურო" ბოლო 14 წლის განმავლობაში მუშაობდა და მისი გახსნა კოვიდ პანდემიის გამო არაერთი წლით გადავადდა. ასევე გავლენა იქონია ზვარეს მეწყერმაც, რისთვისაც რკინიგზის მიმართულება შეიცვალა, სირთულეები დაკავშირებული იყო ასევე ქვიშხეთი-ზვარეს 8.3-კილომეტრიანი გვირაბის შიდა მოწყობასთან და მისთვის სავენტილაციო შახტის მოწყობასთან. ახალ მაგისტრალზე ორი პარალელური მიმართულებით საერთო ჯამში 90 კილომეტრი ახალი რკინიგზა დაიგო.

რიკოთის მაგისტრალი სრულად გაიხსნა

29 დეკემბერს აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის რიკოთის ჩუმათელეთი-ხევის გზაზე დარჩენილი 4-კილომეტრიანი 2-ზოლიანი გზა გაიხსნა. ეს იყო უკანასკნელი საგზაო მონაკვეთი, რომელიც ამ დრომდე არ იყო ექსპლოატაციაში შესული. ამ დრომდე გადაადგილებისთვის გამოიყენებოდა ამ გზის არსებული პარალელური ზოლი, სადაც ორივე მიმართულების ავტომობილი მოძრაობდა. აღნიშნული მონაკვეთი მიმდინარე წლის ზაფხულში გაიხსნა, რის შემდეგაც მეორე ზოლის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო. დღეს გზის მონაკვეთი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ გახსნეს. ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის სიგრძე 11.7 კილომეტრია და მისი ღირებულება 330 მილიონ ლარს შეადგენს. ხოლო მთლიანობაში რიკოთის მაგისტრალის მშენებლობა მოიცავს 52 კმ ახალ 4-ზოლიან გზას, 51 გვირაბსა და 97 ხიდს. ამ ეტაპზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 48 კმ-იანი ახალი გზით (50 გვირაბითა და 91 ხიდით), რაც მგზავრობის მანძილს 8 კმ-ით ამცირებს და ანახევრებს გადაადგილების დროს. პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს დაახლოებით 2.6 მილიარდ ლარს და ის ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), მსოფლიო ბანკის (WB) სესხებითა და საქართველოს ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

2025 წლის ბიუჯეტის საგადასახადო გეგმა გადაჭარბებით შესრულდა

ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების ოპერატიული ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც უკვე 30 დეკემბრის მდგომარეობით გადასახადების გეგმა გადაჭარბებით შესრულდა. ბიუჯეტით 2025 წლის განმავლობაში 21,940,000,000 ლარის გადასახადების აკრეფა იყო დაგეგმილი, ხოლო ხაზინის თანახმად, ბიუჯეტში უკვე შესულია 21,953,619,785 ლარი, შესაბამისად საბიუჯეტო შემოსავლების გადაჭარბება 13.6 მილიონ ლარს შეადგენს.

2025 წლის 1 იანვრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით კონკრეტული გადასახადების მიხედვით, საბიუჯეტო შესრულება ასე ნაწილდება:

  • საშემოსავლო გადასახადი - 7,513,479,892 ლარი, გეგმის 100%;
  • დამატებული ღირებულების გადასახადი - 8,109,868,380 ლარი, გეგმის 100%;
  • მოგების გადასახადი - 2,882,026,407 ლარი, გეგმის 100%;
  • აქციზის გადასახადი - 2,719,086,165 ლარი, გეგმის 101%;
  • იმპორტის გადასახადი - 145,974,793 ლარი, გეგმის 101%;
  • სხვა გადასახადები - 583,195,155 ლარი, გეგმის 100%.

ირაკლი კობახიძის განცხადება სურსათის ფასებზე და სუს-ში გამოძიების დაწყება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. ირაკლი კობახიძემ სადისტრიბუციო კომპანიებთან და მარკეტებთან აქტიური მუშაობა დააანონსა; სამართალდამცავ უწყებებს ბაზრის მოთამაშეების მხრიდან სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების აღმოფხვრის მიზნით, საკითხის სიღრმისეული შესწავლა დაავალა. მანვე აღნიშნა, რომ საჭიროების შემთხვევაში, ანტიმონოპოლიურ მექანიზმებსაც გამოიყენებენ. პარლამენტს კი საკითხის შესაფასებლად შესაბამისი საპარლამენტო ბერკეტების გამოყენების მიზნით საპარლამენტო კომისიის შექმნის თხოვნით მიმართა.

24 დეკემბერს კი ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სურსათის ფასების საკითხის დეტალურ შესწავლას იწყებს. ამის შესახებ სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა. როგორც ის ამბობს, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება ნებისმიერ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.

განათლების რეფორმა: უნივერსიტეტებში საგრანტო დაფინანსების გაუქმება, "ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტი"...

2025 წლის დეკემბერში პარლამენტმა, დაჩქარებული წესით განიხილა და სამი მოსმენით "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში საქართველოს მთავრობის ინიციირებულ ცვლილებები, თანმდევ პროექტებთან ერთად, დაამტკიცა. ახალი კანონი შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს:

  • დაინერგება დაფინანსების ახალი სისტემა. საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ - საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი „საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების“ შესაბამისად;
  • საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგება 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრიატს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას;
  • საქართველოს მთავრობა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით უნივერსიტეტებს განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლებაც ექნება.

უქმდება საგრანტო დაფინანსების სისტემა. კანონპროექტის თანახმად, 2026 წლის შემოდგომის სემესტრში სახელმწიფო უნივერსიტეტებისთვის პირველკურსელების "უფასო" სწავლება 20 მილიონი ლარი დაჯდება, რისი გამოყოფაც შემდგომში განათლების სამინისტროს მოუწევს.

2025 წელს ქართული ბანკების დეპოზიტები და კრედიტები 14%-ით გაიზარდა

2025 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქართული კომერციული ბანკების კრედიტების მოცულობა 69 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ერთწლიან ჭრილში 13.75%-ით არის გაზრდილი. ეროვნული ბანკის თანახმად, დეპოზიტების პორტფელი 2025 წელს 13.88%-ით გაიზარდა და მან 65.7 მილიარდ ლარს მიაღწია.

საბანკო სექტორის აქტივების ზომა კი ნოემბრის მდგომარეობით 105 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც ერთწლიან ჭრილში 12%-ით არის გაზრდილი.

ეროვნული ბანკი საბანკო სექტორის სრულ სტატისტიკას 2026 წლის იანვარში გამოაქვეყნებს.

ქართულმა ბანკებმა 3 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს

2025 წლის 11 თვეში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2.98 მილიარდი ლარის მოგება გამოიმუშავეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 126 მილიონი ლარით, ანუ 4%-ით მეტია. ბანკებს შორის მოგებით პირველ ადგილზე კვლავ "საქართველოს ბანკია", რაც 2025 წლის 11 თვეში 1.5 მილიარდ ლარს შეადგენდა, ეს თანხა წლიურად 7%-ით არის გაზრდილი. მეორე ადგილს "თიბისი ბანკი" იკავებს 1.1 მილიარდი ლარით, რაც წლიურად 3%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციაზე კვლავინდებურად "ლიბერთი ბანკია" 115 მილიონი ლარით, რაც წინა წელთან შედარებით 12%-ით გაზრდილი მოგების მაჩვენებელია. ასევე მაღალი მოგება აქვს "ბაზის ბანკს", 100 მილიონი ლარის ოდენობით, რაც წლიურად 40%-ით არის გაზრდილი. "კრედო ბანკის" მოგება კი 81 მილიონი ლარი იყო, რაც ასევე 40%-ით არის გაზრდილი. "ქართუ ბანკის" მოგება 40 მილიონ ლარს შეადგენდა (წლიურად 6%-ის კლება), პროკრედიტ ბანკს კი 28 მლნ ლარის მოგება, რაც წლიურად ასევე 9%-ით არის შემცირებული. რაც შეეხება მოგების მიხედვით სიის ბოლოში მყოფ ბანკებს, 4 კომერციული ბანკი ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 54.8 მილიონი ლარის ზარალი აქვს "ვითიბი ბანკს", რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული სანქციებიდან გამომდინარე ფაქტობრივად შეჩერებული აქვს. ასევე დიდი ზომის - 22.6 მლნ ლარის ზარალი აქვს "სილქ ბანკს", ჰეშბანკის ზარალი კი 10 მილიონი ლარი იყო. ეროვნული ბანკი საბანკო სექტორის სრულ სტატისტიკას 2026 წლის იანვარში გამოაქვეყნებს.

ქართულმა IT სექტორმა $791 მილიონზე დიდი შემოსავალი მიიღო

ამ დროისთვის ხელმისაწვდომი უახლესი სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის შემოსავალი გაიზარდა. ეროვნული ბანკის თანახმად IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 791 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 66%-ით, ანუ 316 მილიონი დოლარით მეტია. 2024 წლის განმავლობაში საქართველოს IT სექტორის საგარეო შემოსავალმა 688 მილიონი დოლარი შეადგინა, შესაბამისად, წელს 9 თვეში სექტორის შემოსავალი მთლიანად 2024 წლის მაჩვენებელს აღემატება. 2023 წელს კი სექტორის შემოსავალი 784 მილიონი დოლარი იყო.

სახელმწიფო საწარმოებში დირექტორების ცვლილებები

2025 წლის განმავლობაში ცვლილებები განხორციელდა სახელმწიფო საწარმოებში, მმართველები შეეცვალათ საქართველოს რკინიგზას, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციას, სახელმწიფო ელექტროსისტემას, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას და სხვა მსხვილ სახელმწიფო საწარმოებს.

მთავრობის განცხადებით, საწარმოებში ეფექტიანობის ზრდის მიმართულებით რეფორმები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს და ამ დრომდე სხვადასხვა ოპტიმიზაციით და გატარებული ზომებით ჯამურად სახელმწიფო საწარმოების მიერ დაზოგილი თანხა 700 მილიონ ლარს აღწევს.

ტურიზმის სექტორის შემოსავალი $4.6 მილიარდს მიაღწევს

2025 წლის პირველი 11 თვის განმავლობაში ტურიზმიდან საქართველოს ეკონომიკამ 4.4 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წლიურად 5%-ით არის გაზრდილი. Galt & Taggart-ის შეფასებით წლის განმავლობაში ტურიზმის შემოსავალი ჯამურად 4.6 მილიარდ დოლარს მიაღწევს, ხოლო 2026 წელს 4.9 მილიარდ დოლარამდე გაიზრდება.

თავის მხრივ ეკონომიკის სამინისტრო ტურიზმის სექტორის შემოსავლის შესახებ სრულ სტატისტიკურ ინფორმაციას 2026 წელს გამოაქვეყნებს.

საქართველოს ექსპორტი 11 თვეში 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა

2025 წლის 11 თვეში საქართველოს ექსპორტი წლიურად 10%-ით, 6.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშიდან ხდება ცნობილი. დოკუმენტის თანახმად, ექსპორტის ზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის სექტორმა, რომელიც წელს 18%-ით, 2.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.

მეორე პოზიციას იკავებს ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები 340 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 60%-ით არის გაზრდილი. აღნიშნული ძირითადად ოქროს საერთაშორისო ფასის ზრდით არის განპირობებული. მესამე პოზიციას კი სპირტიანი სასმელები იკავებს 256 მილიონი დოლარით, რაც წლიურად 5%-ით არის შემცირებული. ასევე შემცირებულია ღვინის ექსპორტი 245 მილიონ დოლარამდე, კლება წინა წელთან 7%-ს შეადგენს.

საქსტატი 2025 წლის საგარეო ვაჭრობის სრულ სტატისტიკას 2026 წლის იანვარში გამოაქვეყნებს.

საქართველომ 11 თვეში ფულადი გზავნილებიდან 3.3 მილიარდი დოლარის შემოსავალი მიიღო

ეროვნულმა ბანკის ინფორმაციით, 2025 წლის 11 თვეში საქართველომ ფულადი გზავნილების სახით 3.3 მილიარდი დოლარი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 232 მილიონი დოლარით, ანუ 7.5%-ით მეტია.

აშშ - 618 მილიონი დოლარი; იტალია - 562 მილიონი დოლარი; რუსეთი - 424 მილიონი დოლარი; გერმანია 289 მილიონი დოლარი; საბერძნეთი - 266 მილიონი დოლარი; ისრაელი - 252 მილიონი დოლარი; თურქეთი 101 მილიონი დოლარი, ხოლო ყირგიზეთი კი 87 მილიონი დოლარი. ეროვნული ბანკი 2025 წლის ფულადი გზავნილების სრულ სტატისტიკას 2026 წლის იანვარში გამოაქვეყნებს.

უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 750,000 ლარამდე გაიზარდა

2025 წლის პირველი აგვისტოდან არაჰეჯირებული მსესხებლებისთვის უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 500,000 ლარიდან 750,000 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, მათ ვისაც ლარში აქვთ შემოსავალი 750,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხებს ვეღარ აიღებენ. სებ-ის განცხადებით ეს ცვლილება მიმართულია საბანკო კრედიტების დოლარიზაციის შემცირებისკენ.

ეროვნულმა ბანკმა სავალუტო სესხების ზღვარი 2025 წლის 1 იანვრიდანაც გაზარდა და დღემდე ის 500,000 ლარს შეადგენდა. 2024 წელს კი ეს ზღვარი 200,000 ლარიდან 400,000 ლარამდე გაზარდა, შესაბამისად დღეს მიღებული გადაწყვეტილება ამ პოლიტიკის ნაწილია და ის ზღვრის კიდევ 250,000 ლარით ზრდას მოიცავს.

დიდუბიდან დიდი დიღმის მიმართულებით ტრამვაის ხაზი მოეწყობა - ბიუჯეტი 416 მილიონი ლარია

თბილისის მერიამ წელს ტრამვაის პროექტზე დაიწყო მუშაობა. არსებული გეგმის მიხედვით, დიდი დიღმიდან მეტრო დიდუბემდე ახალი ტრამვაის ხაზის სიგრძე 7.5 კილომეტრია და მას 11 გაჩერება ექნება.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ტრამვაის მშენებლობაზე ოქტომბერში გამოცხადებული ₾416-მილიონიანი ტენდერის დასრულების თარიღი ორი თვით გაახანგრძლივა. ტენდერი პირვანდელი გეგმით, 22 დეკემბერს სრულდებოდა, თუმცა მასში წინადადებების წარდგენის ვადა 2026 წლის 16 თებერვლამდე გახანგრძლივდა.

პროექტის თანახმად, თბილისის მერია ტრამვაის 10 შემადგენლობას შეიძენს.

თბილისის მერია 150 მილიონ ევროდ მეტროს 111 ვაგონს შეიძენს - შეთანხმება ხელმოწერილია

2025 წლის ივლისში საერთაშორისო ტენდერის გამარჯვებულად გამოვლინდა "ჯი-თი ჯგუფი", რომელიც თბილისის მერიას 150 მილიონ ევროდ 111 ახალ ვაგონს მიაწვდის. აღნიშნულ ვაგონებს ჩინური მწარმოებელი CRRC დაამზადებს.

როგორც მთავრობის განკარგულებიდან ირკვევა კომპანიას პროექტის განხორციელებისთვის საჭირო ავანსი უკვე ჩაერიცხა, ხოლო ავანსის გარანტიისთვის კომპანიამ 17.6 მილიონი ევროს საბანკო გარანტია წარადგინა.

ახალი ვაგონების მოწოდება 2026 წლის ბოლოდან უნდა დაიწყოს.

პროექტი აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ფინანსდება.

პარლამენტის და სამინისტროების არსენალის მთაზე გადატანა იგეგმება - სამთავრობო ქალაქის პროექტი

საქართველოს მთავრობა არსენალის მთაზე სამთავრობო ქალაქის მშენებლობას გეგმავს. მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული პროექტირების ბაზრის მოკვლევის თანახმად, ადგილზე გადავლენ როგორც სამინისტროები, ასევე თბილისის მერია, მთავრობის ადმინისტრაცია და საქართველოს პარლამენტი. სამთავრობო ქალაქი არსენალის მთაზე სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ 77 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე უნდა აშენდეს.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ბაზრის მოკვლევის თანახმად, პროექტის ფარგლებში სულ 282,750 კვადრატული მეტრის ახალი საოფისე და ადმინისტრაციული ნაგებობები უნდა აშენდეს. მათ შორის უნდა მოეწყოს ღონისძიებების გასამართი არანაკლებ 10,000 კვადრატული მეტრის მისაღები სივრცეც. ჩამოთვლილ ობიექტებს შორის ყველაზე დიდი იქნება თბილისის მერია 59,900 კვადრატული მეტრის ფართობით, პარლამენტის შენობისთვის კი 31,350 კვადრატული მეტრის საოფისე შენობა იქნება გათვალისწინებული.

ეროვნული სტადიონის პროექტი

მთავრობა თბილისში, აეროპორტის მიმდებარედ ახალი, 70,000 მაყურებელზე გათვლილი სტადიონის აშენებას გეგმავს. პროექტთან დაკავშირებით 2025 წლის ზაფხულში 876 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოცხადდა, თუმცა 2025 წლის 25 ნოემბერს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ტენდერი შეწყვიტა. 2026 წლის ბიუჯეტში კი პროექტი გათვალისწინებული აღარაა, თუმცა მთავრობა აცხადებს, რომ პროექტის განვითარება მაინც იგეგმება, რისთვისაც სტადიონის მომავალი მიწის ნაკვეთი 2025 წლის დეკემბერში სრულად სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდა, რადგანაც მთავრობამ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტთან 101,000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობის შეთანხმება გააფორმა და ამ უკანასკნელს თსუ-ს ყოფილი მეშვიდე კორპუსის შენობა გადასცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები