მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ბაზისბანკმა“ „ლიბერთიში“ წილი დაახლოებით 97.29%-მდე გაზარდა - რა გარიგებები აღირიცხა ბირჟაზე?

ბაზის ბანკი და ლიბერთი

„ბაზისბანკმა“ მინორიტარებისგან აქციების გამოსყიდვით „ლიბერთიში“ წილი დაახლოებით 97.29%-მდე უკვე გაზარდა. საფონდო ბირჟაზე აღრიცხულია 11 გარიგება, რომლის ფარგლებშიც „ლიბერთის“ 55 855 773 აქცია გასხვისდა, თითო აქცია სწორედ იმ ფასად (0.15785 ლარი), რაც „ბაზისბანკმა“ აპრილში „ლიბერთის“ მაჟორიტარებისგან წილის გამოსასყიდად გადაიხადა. დამატებითი პაკეტის ჯამური ღირებულება 8.8 მლნ ლარია.

გასხვისებული აქციები ჯამში ლიბერთის გამოშვებული ჩვეულებრივ აქციების (4,270,672,478 აქცია) 1.3%-ს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბაზისბანკი“, რომელიც უკვე ფლობდა 95.99%-ს წილის 1.3%-ით, 97.29 %-მდე გაზრდას შეძლებდა.

აღსანიშნავია, რომ „ბაზისბანკს“ გაცხადებული აქვს, რომ სურს სრულად გამოისყიდოს „ლიბერთის“ მცირე აქციონერების ხელში არსებული აქციები.

16 ოქტომბერს „საკანონმდებლო მაცნეზე“ გამოქვეყნდა განცხადება, რომ „ბაზისბანკი“ „ლიბერთი ბანკის“ დარჩენილი აქციების, ანუ ბანკის დაახლოებით 4%-ის პაკეტის, სავალდებულო წესით გამოსყიდვას გეგმავს.

განცხადებაში "ბაზისბანკი" მიუთითებს, რომ გამოსყიდვის პროცედურის დაწყების მიზნით, კანონით გათვალისწინებული ვადის გასვლის შემდეგ, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. აქციების სამართლიან ფასს სასამართლო განსაზღვრავს, ჩვეულებრივი და პრივილეგირებული აქციებისთვის კი ფასი ცალ-ცალკე დადგინდება.

ამ განცხადების გამოქვეყნებიდან „ლიბერთის აქციებზე“ 10 გარიგება დაიდო.

ბაზისბანკმა ლიბერთის 95.99% აპრილში შეიძინა

"ბაზისბანკმა" "ლიბერთი ბანკის" საკონტროლო პაკეტი საქართველოს ეროვნული ბანკის თანხმობის შემდეგ, 2026 წლის 16 აპრილს შეიძინა. გარიგების ფარგლებში ბანკის ჩვეულებრივი აქციების 95.99%-ის შესყიდვაზე 674.1 მილიონი ლარი გადაიხადა. ლიბერთის ყოფილი აქციონერების მიერ მიღებული დივიდენდის ჩათვლით, გარიგების საერთო ღირებულება დაახლოებით 802 მილიონ ლარს აღწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები