მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

10 წლის განმავლობაში, 100 მგვტ-მდე პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ - Gross energy

ირაკლი ტყებუჩავა

"გროს ენერჯი" ჯგუფი მომდევნო 10 წელიწადში 100 მეგავატამდე პროექტების განხორციელებას აანონსებს. კომპანიის ფინანსური დირექტორი, ირაკლი ტყებუჩავა ამბობს, რომ ამ დროისთვის 2 მცირე მოცულობის ჰესზე მიმდინარეობს მუშაობა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 5 მილიონი დოლარია.

ტყებუჩავას თქმით, ამ პროექტების დასრულების შემდეგ გეგმაშია 3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაც, საიდანაც ორი ფშავის არაგვზე უნდა აშენდეს. ამ ჰესების მოცულობა 8 და 12 მეგავატი იქნება.

“ჩვენ დღეს 2 პატარა ჰიდროელექტროსადგურს ვაშენებთ. ეს არის ტაშისკარი ჰესი, ახალდაბის რაიონში, რომლის მოცულობა 1.3 მეგავატია. პროექტის თითქმის 30% დასრულებულია. მეორეა აჭარის რეგიონში, სკურდიდი ჰესი, 1.45 მეგავატის მოცულობის. აქ მშენებლობის ნებართვის მოპოვების ეტაპზე ვართ. ორივე პროექტზე სოციალურ საკითხებზე ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა გვაქვს, იმიტომ, რომ გვაქვს სოციალური ბიუჯეტი. თავიდანვე შედგა სწორი კომუნიკაცია ადგილობრივებთან. ჯამური საინვესტიციო მოცულობა 5 მილიონი დოლარია.

ამის დასრულების შემდეგ, ვაპირებთ, 3 პროექტის დაწყებას. ეტაპობრივად გეგმაშია 10 წლის განმავლობაში 100 მეგავატამდე პროექტების შექმნა. ერთ-ერთი იქნება ისევ სკურდიდის ჰესი, რომლის მოცულობა 2 მეგავატი იქნება. ასევე, ფშავის არაგვზე გვაქვს სურვილი 8 და 12 მეგავატის მოცულობის ჰესები ავაშენოთ. პროექტების ჯამური მოცულობა 50 მილიონი დოლარი იქნება”, - აცხადებს “გროს ენერჯი ჯგუფის” ფინანსური დირექტორი ირაკლი ტყებუჩავა "საქმის კურსში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები