ენერგეტიკის სექტორის წარმომადგენლების ნაწილი დარგის მხარდამჭერ სქემაში შესულ ცვლილებებს დადებითად აფასებს.
საქმე ისაა, რომ ენერგეტიკის სექტორის მხარდამჭერ სქემაში შესული ცვლილებებით, ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ, მომიჯნავე ტერიტორიებზე დაგეგმილი ორი ან მეტი ჰესის პროექტი ერთ პროექტად გააერთიანონ. ამასთან, პროექტების გაერთიანების შემთხვევაში, გაერთიანებულ ჰიდროელექტროსადგურს იმ ტარიფებს შორის ყველაზე დაბალი ტარიფი განესაზღვრება, რომლებიც გაერთიანებამდე შესაბამისი პროექტებისთვის იყო დადგენილი.
როგორც „გროს ენერჯი ჯგუფის“ ფინანსური დირექტორი BMG-სთან აცხადებს, სიახლე ხელს შეუწყობს პროექტების ოპტიმიზაციას. ამასთან, ირაკლი ტყებუჩავას, გაერთიანებული პროექტების საფუძველზე, ინვესტორებისთვის რიგი პროცესების გამარტივების მოლოდინი აქვს.
რაც შეეხება გაერთიანებული ჰიდროელექტროსადგურისთვის ყველაზე დაბალი ტარიფის განსაზღვრას, დარგის წარმომადგენლები ამბობენ, რომ პროექტების ოპტიმიზაციის შედეგად, ხარჯები შემცირდება, შესაბამისად, ინვესტორისთვის მსგავსი ტარიფი, შესაძლოა, მისაღები იყოს.
“ძალიან კარგი ინიციატივაა იქიდან გამომდინარე, რომ მომიჯნავე პროექტების ოპტიმიზაცია მოხდება. ჰიდრორესურსების შემთხვევაში ერთობლივად განხილვის შემთხვევაში, შეიძლება იმ კონკრეტული ხეობის უფრო ეფექტური და სწორი ათვისება მოხდეს, რაც გამოიწვევს როგორც ინვესტორის მხრივ უფრო უკეთესი პროექტის განხორციელებას, პროექტს უფრო მოგებიანს და შემოსავლიანს გახდის და სახელმწიფოს მხრივ რესურსების ეფექტურად ათვისებას გახდის შესაძლებელს. ასევე გარემოზე ზემოქმედების კუთხით უფრო შემარბილებელი და უკეთესი მდგომარეობა დადგება.
ასევე, როდესაც სხვადასხვა ტიპის მემორანდუმია და სხვადასხვა მხარდამჭერი მექანიზმია და პროექტი ერთი და იგივე ინვესტორის მიერ, ფინანსურ ინსტიტუტებთან, ადგილობრივ თვითმმართველობებთან სხვადასხვა მემორანდუმით მიდის მისი ერთდროულად განხორციელება, კონტროლი და ა.შ ძალიან რთულია, ერთიანობაში ეს ყველაფერი უფრო გამარტივდება.
თუ გაერთიანებულ პროექტს შევხედავთ როგორც ეფექტურს, ფინანსურად უფრო ნაკლები ინვესტიციის საჭიროება იქნება, ან უფრო მეტი გამომუშავება, ამ თვალსაზრისით, შესაძლებელია, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ინვესტორისთვის დაბალი ტარიფითაც მიმზიდველი იყოს”, - განაცხადა ირაკლი ტყებუჩავამ.
























