მთავრობის 2026 წლის 10 ნოემბრის დადგენილებით ცვლილება შევიდა განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის სქემაში. ცვლილების შედეგად ინვესტორს შეუძლია მომიჯნავე ტერიტორიებზე დაგეგმილი ორი ან მეტი ჰესის პროექტი ერთ პროექტად გააერთიანოს.
გაერთიანებულ პროექტს მიენიჭება იმ პროექტებისთვის მანამდე დადგენილ ტარიფებს შორის ყველაზე დაბალი ტარიფი (ტარიფის შემცირების სტანდარტული წესის გარეშე).
ამას გარდა, ტარიფის შემცირების წესი მხოლოდ იმ შემთხვევაში ამოქმედდება, თუ გაერთიანებული პროექტის წინარე და სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევებით მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებებს შორის დადგენილ ზღვარზე მეტი სხვაობა დაფიქსირდება.
მთავრობას კვლავ შეუძლია პროექტის ვადების მაქსიმუმ 3 წლით გაგრძელება. ვადის გაგრძელება შესაძლებელი ხდება ნებისმიერი სხვა ობიექტური გარემოების გამოც, რომელიც ინვესტორისგან დამოუკიდებელი მიზეზით აფერხებს ან შეუძლებელს ხდის ვალდებულებების შესრულებას.
"მომიჯნავე საპროექტო არეალებზე განთავსებული ორი ან მეტი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის გაერთიანების მსურველი დაინტერესებული პირი უფლებამოსილია, გაერთიანების მიზნით, ამ მხარდაჭერის სქემის მე-8 მუხლის შესაბამისად, წარადგინოს განაცხადი. ამ პუნქტის საფუძველზე პროექტების გაერთიანების შემთხვევაში გაერთიანებულ ჰიდროელექტროსადგურის პროექტს განესაზღვრება გაერთიანებამდე შესაბამისი პროექტებისთვის დადგენილ ტარიფებს შორის ყველაზე დაბალი ტარიფი.
საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თითოეული ვადა გააგრძელოს შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, არაუმეტეს 3 წლით, თუ სამინისტროს წარედგინება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:
ა) სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის წერილი შესაბამისი ელექტროსადგურის ქსელში ინტეგრაციის შეუძლებლობის შესახებ;
ბ) შესაბამისი უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ სათანადო ფორმით გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურებული იქნება დაუძლეველი ძალის დადგომა და მისი გავლენა შესაბამისი მხარის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე;
გ) ინფორმაცია იმ ობიექტური გარემოებების შესახებ, რომლებიც დაინტერესებული მხარისგან დამოუკიდებელი მიზეზ(ებ)ით აფერხებენ ან შეუძლებელს ხდიან მის მიერ შესაბამისი ხელშეკრულებით ან ამ მხარდაჭერის სქემით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულებას", - წერია დოკუმენტში.
დადგენილებით ასევე დაზუსტდა, რომ ელექტროენერგიის ბაზრის ახალი (სამიზნე) მოდელის სრულად ამოქმედებამდე:
-
მხარდაჭერის სქემაში ჩართული სადგურის მიერ გამომუშავებული ენერგია ითვლება საბალანსო ელექტროენერგიად და ურთიერთობები რეგულირდება მოქმედი (2006 წლის) ბაზრის წესებით.
-
ფასთა სხვაობის ანაზღაურება (CfD მექანიზმი): თუ საბალანსო ენერგიის ფასი დადგენილ ტარიფზე დაბალია, სხვაობას ესკო უხდის ინვესტორს; ხოლო თუ ბაზრის ფასი ტარიფზე მაღალია — სხვაობას ინვესტორი უბრუნებს ესკოს.
























