2026 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში საქართველოში საწვავის მოხმარება 5%-ით, 1.53 მილიონ ტონამდე გაიზარდა, ხოლო საწვავში გადახდილი ფასი კი 46%-ით, 1.6 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, თუკი 2025 წელს ქვეყანა ერთ ტონა ნავთობპროდუქტებში 754 დოლარს იხდიდა, 2026 წელს ეს ტონაზე 1052 დოლარამდე გაიზარდა, რაც ფასის 40%-იან მატებას წარმოადგენს. მათ შორის ფასის ზრდა ყველაზე მწვავეა უკანასკნელ თვეებში, ოქტომბერში ერთი ტონის შესყიდვა საშუალოდ 1475 დოლარად მოხდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 96%-იან გაძვირებას წარმოადგენს.
რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, მათ შორის 10 თვის ჭრილში პირველ ადგილს კვლავ რუსეთი იკავებს, საიდანაც წელს იმპორტი ძირითადად გაზაფხულის პერიოდში ხორციელდებოდა. რუსეთიდან სულ 309 მილიონი დოლარის ღირებულების საწვავი შემოვიდა. მეორე ადგილზეა 238 მილიონით თურქეთი; მესამეზე ბულგარეთი 215 მილიონი დოლარით, შემდეგ პოზიციებს კი რუმინეთი და აზერბაიჯანი იკავებენ.
| # | ქვეყანა | მლნ დოლარი | ტონა | ზრდა/კლება წინა წელთან |
| 1 | რუსეთი | $309 | 414,791 | -26% |
| 2 | თურქეთი | $238 | 178,700 | 196% |
| 3 | ბულგარეთი | $215 | 181,292 | 32% |
| 4 | რუმინეთი | $182 | 181,795 | -9% |
| 5 | აზერბაიჯანი | $148 | 133,419 | 73% |
























