10 თვეში თბილისის ღია სივრცეებში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლისთვის 24 ჯარიმა დაიწერა - ამის შესახებ bm.ge-ის თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან აცნობეს.
2023 წლის 28 ივნისს პარლამენტმა „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება დაამტკიცა, რომლის თანახმადაც ღია სივრცეებში, მათ შორის, ბულვარში, პარკში ან სკვერში, ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე ყოლისთვის მფლობელი 150 ლარით ჯარიმდება, ნაცვლად მანამდე განსაზღვრული 20 ლარისა. 1 წლის განმავლობაში განმეორებითი სამართალდარღვევის შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა 50-დან 300 ლარამდე გაიზარდა.
BM.GE დაინტერესდა, კანონის ამოქმედებიდან დღემდე რა შემოსავალი მიიღო თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტმა აღნიშნული კანონდარღვევისთვის დაწერილი ჯარიმებიდან და შესაბამისი კითხვით თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიმართა.
უწყების ინფორმაციით, 2023 წლის 1 აგვისტოდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით - 10 თვეში, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული სამართალდარღვევის 24 შემთხვევა გამოვლინდა.
მათივე ცნობით, სამართალდარღვევის განმეორებითი შემთხვევები საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა.
ამასთან, „ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს“ მიერ 2023 წლის 01 აგვისტოდან 2024 წლის 31 მაისის ჩათვლით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე გამოწერილი ჯარიმების საერთო რაოდენობა 3600 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, შესაბამისი დადგენილების განახლებული რედაქციის თანახმად, რომელიც ცვლილების დამტკიცებიდან (28 ივნისიდან) რამდენიმე თვეში, 21 ნოემბერს შევიდა ძალაში, ძაღლის ღია სივრცეებში გასეირნება, მათ შორის პარკებსა და ბულვარებში, მხოლოდ საბელით ან ალიკაპით იქნებოდა შესაძლებელი და აღნიშნული მოთხოვნა დეკორატიული ჯიშის ძაღლებზეც გავრცელდა, რომლებიც მანამდე, გამონაკლისის სახით, ამ წესისგან თავისუფლდებოდნენ.