საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ, სუსის ანტიკორუფციულ სააგენტოსთან და პროკურატურასთან ერთად, სამხედრო სამსახურისგან თავის არიდების მიზნით ყალბი დოკუმენტების დამზადების სქემა გამოავლინა. დაკავებულია 1959 წელს დაბადებული ვ.შ., რომელმაც, გამოძიების ინფორმაციით, 30-ზე მეტ პირს დაეხმარა ჯარისგან თავის დაღწევაში.
უწყების ცნობით, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია სოლიდური თანხა: 105 000 აშშ დოლარი და 50 000 ლარი.
ბრიფინგზე გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა, დეტალურად ისაუბრა დანაშაულის სქემასა და ამოღებულ ნივთმტკიცებებზე.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ვ.შ.-მ დახმარება გაუწია 30-ზე მეტ პირს და თაღლითურად დაეუფლა ჯამში 100 000 ლარზე მეტ თანხას. მისი პირადი ჩხრეკის დროს ამოღებულ იქნა 6168,50 ლარი, ხოლო საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას - 105 000 აშშ დოლარი, 50 000 ლარი და ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა დაფასოებული სახით.
დაკავებულ პირთან და მის თანამზრახველებთან, კანონით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედებები, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რის შედეგადაც შესაძლებელია გაფართოვდეს დამნაშავე პირთა წრე“.
გამოძიების ვერსიით, ვ.შ. დანაშაულებრივ კავშირში მყოფ სხვა პირებთან ერთად, ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, წვევამდელებს ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველ ყალბ მტკიცებულებებს უმზადებდა.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: 180-ე მუხლი (თაღლითობა) და 362-ე მუხლი (ყალბი დოკუმენტის დამზადება, გასაღება ან გამოყენება).
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი ფაქტების მიმართ უწყება „უკომპრომისო იქნება“.




























