საქართველოს ზღვისპირეთში - ჩაქვში მოქმედი სასტუმრო Dreamland Oasis პანდემიურ რეალობაში ზაფხულის ტურისტული სეზონის დაწყებისთვის ემზადება. სასტუმროს მენეჯმენტს პოზიტიური მოლოდინები აქვს. ხელმძღვანელობაში მიიჩნევენ, რომ ეს წელი ტურიზმისთვის გამოსაცდელი იქნება.
პანდემიის გამო შექმნილი რთული მდგომარეობის მიუხედავად სასტუმრო ახალ სეზონს სიახლეებით ხვდება. ქვეყანასა და მსოფლიოში არსებული ეპიდემიის გათვალისწინებით, Dreamland Oasis-ში აცხადებენ, რომ მათთან უსაფრთხოების ნორმები მაღალ დონეზე იქნება დაცული.
„წელს, ოაზისის ტერიტორიაზე იხსნება ლაბორატორია, რომელიც ნებისმიერი სიმპტომის შემთხვევაში გატესტავს სტუმარს, როგორც სწრაფი, ასევე PCR ტესტით“, - აცხადებს Dreamland Oasis-ის გაყიდვების ხელმძღვანელი მარია მალიანი.
გარდა ამისა, სასტუმრო კომპლექსის ტერიტორიაზე 2021 წლის ზაფხულის სეზონისთვის სასტუმრო ნომრებისა და აპარტამენტების ახალი შენობა, აუზები და საბანკეტო დარბაზი აშენდა. კითხვაზე, რა მოცულობის ინვესტიცია ჩაიდო "Dreamland Oasis ჩაქვის" განვითარებაში, კონრეტული რიცხვის დასახელებისგან თავი შეიკავეს და BM.GE-ის უპასუხეს: „პირველ კვარტალში ქვეყანაში შემოსული ინვესტიციების 4-5% Dream Oasis-ზე მოდის“.
რაც შეეხება სიახლეებს, სასტუმროს გაყიდვების ხელმძღვანელი ამბობს:
„Dreamland Oasis მუდმივად განვითარების პროცესშია. წელს დაგვემატა ახალი შენობა, სადაც განთავსებულია აპარტამენტები და სასტუმროს 100 ნომერი.
2021 წლის მთავარი სიახლე ორი ახალი ღია აუზი გახლავთ. წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე დავამატეთ აუზები, რათა მაღალი დატვირთვის დროს დამსვენებლების სწორი გადანაწილება მოხდეს. წელს "ოაზისში" მოსულ სტუმარს 4 ღია აუზი და რა თქმა უნდა, ბავშვების საყვარელი ლოკაცია - აკვაპარკი დახვდება.
ასევე, აშენდა 600 პერსონაზე გათვლილი საბანკეტო რესტორანი Dream Palace, რომელიც სტუმრებს რეგულაციების მოხსნისთანავე უმასპინძლებს და მათი მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშვნას დაუვიწყარს გახდის“, - განაცხადა მარია მალიანიმ.
გარდა ამისა სასტუმრო კომპლექსი მომხმარებელს დასვენებისა და განტვირთვისთვის 3D / 7D /9D კინოთეატრს, ბოულინგს, ბილიარდს, სათამაშო აპარატების ოთახს, ტენისის და კალათბურთის კორტებს, საბავშვო ატრაქციონებსა და სკვერებს, კერძო პლაჟსა და დაცულ ტერიტორიას სთავაზობს.
სასტუმროში ამბობენ, რომ მიმდინარე წელს ზაფხულის სეზონის დასრულების შემდეგ Dreamland Oasis ახალი პროექტის განხორციელებას დაიწყებს.
„სეზონის დასრულებისთანავე, Dreamland Oasis მასშტაბურ პროექტს იწყებს. ეს SPA ცენტრია, რომელსაც ანალოგი მთელს რეგიონში არ ექნება. თუმცა ამის შესახებ, ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ“, - უთხრა BM.GE-ის სასტუმროს გაყიდვების ხელმძღვანელმა.
ცნობისთვის, Dreamland Oasis სეზონის პიკის დროს 500-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს, ხოლო ზამთრის მანძილზე 200-ზე მეტ კადრს ინარჩუნებს.