საჩხერეში მდებარე ბარ-რესტორან „ოტუნას“ დამფუძნებელი, ბესიკ გულიაშვილი BM.GE-სთან ზაფხულის სეზონს აფასებს და აღნიშნავს, რომ მათი რესტორანი 100%-ით არის დატვირთული.
მისი თქმით, ძირითადად ადგილობრივი სტუმრები ჰყავთ, თუმცა აქტიურად სტუმრობენ უცხოელი ვიზიტორებიც სხვადასხვა ქვეყნიდან.
"ყოველდღე ძალიან კარგად ვმუშაობთ, დაახლოებით 100%-ით ვართ დატვირთული. ძირითადად, ადგილობრივები გვყავს, რადგან ზაფხულია და ყველა რაიონშია წამოსული. ამასთან, ვმასპინძლობთ ტურისტებს ფაქტობრივად ყველა ქვეყნიდან. ძირითადად, გზად გამვლელი ტურისტები არიან. ამასთან, ბაიკერებიც ძალიან ხშირად გვსტუმრობენ. სავარაუდოდ, რაჭის გზა მოსწონთ და გზად, ჩვენთანაც შემოივლიან ხოლმე.
საბავშვო ზონის მოწყობას ვგეგმავდით, რომელშიც დაახლოებით 40 000 ლარის ინვესტიცია უნდა განგვეხორციელებინა, თუმცა პროექტზე მუშაობა გადატვირთული მუშაობის გამო, ჯერჯერობით არ დამიწყია. გეგმის განხორციელებას, სავარაუდოდ, შემოდგომიდან დავიწყებთ",- აცხადებს გულიაშვილი.
ინფორმაციისთვის, ბარ-რესტორანი „ოტუნა“ საჩხერეში სამი წელია ოპერირებს და მომხმარებელს ქართულ და ევროპულ კერძებს სთავაზობს. რესტორნის სრულად მოსაწყობად, შენობის მშენებლობის გარეშე დაახლოებით 200 000 ლარის ინვესტიცია განახორციელეს. რესტორანში ამ დროისათვის 14-მდე ადამიანია დასაქმებული.