ქვეყანა ორი ახალი აეროპორტის მოლოდინშია. მთავრობის გეგმით ვაზიანში ახალი საერთაშორისო აეროპორტი უნდა აშენდეს, ხოლო თელავის აეროპორტმა შიდა რეისები უნდა მიიღო.
მთავრობამ შეცვალა პოზიცია და ახლა აპირებს უფრო იაფად თელავში საერთაშორისოს ნაცვლად, ადგილობრივი აეროპორტი ააშენოს. აღსანიშნავია ისიც, რომ მთავრობას დაპირება რომ შეესრულებინა, თელავის აეროპორტი შიდა რეისებისთვის ახლა უკვე მოქმედი უნდა ყოფილიყო. თუმცა როგორც აეროპორტების გაერთიანებაში გვითხრეს, მშენებლობაზე ტენდერი წლის ბოლოს გამოცხადდება.
“თავდაპირველად პროექტი ითვალისწინებდა საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას, თუმცა ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის უმსხვილესი, 20 მილიონ მგზავრზე გათვლილი პროექტის დაწყების შემდეგ და ახლო რადიუსში ორი საერთაშორისო აეროპორტის გეოგრაფიული სიახლოვის გათვალისწინებით, ასევე, სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრების რაციონალურად განკარგვის მიზნით და სწორი საავიაციო განვითარების მიზნებისთვის, მიმდინარეობს თელავის აეროპორტის პროექტში ცვლილებების შეტანა. პროექტის ოპტიმიზაციის შედეგად აეროპორტი მორგებული იქნება მხოლოდ შიდა ფრენებზე. განიხილება ბიუჯეტის კორექტირება, შემცირდება აეროპორტის გამტარობა, მიმდინარეობს სააეროდრომო ინფრასტრუქტურის ნაწილის კორექტირება, რომელიც მხოლოდ ადგილობრივი დანიშნულების ფრენებისთვის განკუთვნილ ხომალდებზე იქნება მორგებული, რაც სახელმწიფო ბიუჯეტს გაცილებით ნაკლები დაუჯდება", - აცხადებენ უწყებაში.
საავიაციო საკონსულტაციო ჯგუფის მმართველი პარტნიორი, გიორგი მოლოდინაშვილი BMG-ის ეუბნება, რომ თელავში ჯერჯერობით საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის საჭიროება არ არსებობს და მიესალმება იქ ადგილობრივი აეროპორტის გახსნას.
“სიმართლე გითხრათ, ვიზიარებ იმ პოზიციას, რომ თელავის აეროპორტისთვის საერთაშორისო სტატუსის მინიჭება გაუმართლებელი იქნებოდა. იმიტომ, რომ ისეთი ზომის ქვეყანაში როგორიც საქართველოა, განსაკუთრებით კი აღმოსავლეთ საქართველო, გვაქვს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი და იქიდან 100 კმ-ს რადიუსში მეორე საერთაშორისო აეროპორტის არსებობა ეკონომიკურად გაუმართლებელია და ვფიქრობ, ზედმეტი ხარჯი იქნებოდა. შესაბამისად, მივესალმები გადაწყვეტილებას, რომ თელავს ადგილობრივი აეროპორტი ექნება", - ამბობს მოლოდინაშვილი.




























