მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობისთვის ₾13.2-მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა

თელავის აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობისთვის ₾13.2-მილიონიანი ტენდერი გამოაცხადა.

ტენდერი თელავის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას ითვალისწინებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 21 თვის ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ჩათვლით.

პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ჰქონდეს განხორციელებული ჯამში არანაკლებ 25 000 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით; ასევე, მსგავსი სირთულის 1 შენობა-ნაგებობის მშენებლობა (რაც მოიცავს, ადმინისტრაციულ (ოფისები, ბიზნესცენტრები, სახელმწიფო დაწესებულებები) ან/და კომერციულ (სავაჭრო ცენტრები და სერვისცენტრები) ან/და სოციალური-კულტურულ (სკოლები, საავადმყოფოები და სპორტული კომპლექსები) ან/და სატრანსპორტო (აეროპორტების და სადგურები) შენობა-ნაგებობებს), რომლის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 10 000 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ან 2 შენობა-ნაგებობა, რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 000 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 13 275 136 ლარია, წინადადებების მიღება 25 სექტემბერს დაიწყება და 29 სექტემბერს დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ივნისში, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თელავის აეროპორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.

ცნობისთვის,

ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, “ქართული ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტისადმი წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ თელავის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, 2024 წელსვე უნდა დაწყებულიყო და 2025 წელს დასრულებულიყო. თუმცა 2025 წელი ისე მიილია, ამ მხრივ სიახლე არაფერი ყოფილა. თელავის აეროპორტი პრემიერის წლევანდელ ანგარიშშიც მოხვდა, კერძოდ, ივნისში, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი აეროპორტების მშენებლობები დააანონსა და აღნიშნა, რომ თელავის აეროპორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომ აეროპორტს საერთაშორისო სტატუსიც ექნებოდა, გასულ წელს გაირკვა, რომ აეროპორტების გაერთიანება პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობდა და თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა რეისებს მიიღებდა. მთავრობის მთავარი არგუმენტია ვაზიანში დაგეგმილი ახალი აეროპორტი, რომელიც ბოლო ცნობებით, 2031 წლიდან უნდა ამუშავდეს. ამიტომ მთავრობამ ვეღარ დაინახა თელავში საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება.

თელავის აეროპორტის დიზაინის კონკურსში არქიტექტორმა გიორგი ხმალაძემ გაიმარჯვა - ფოტოები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები