თელავის აეროპორტის მშენებლობა, საიდანაც შიდა ფრენები მიმდინარე წლის მაისიდან უნდა შესრულდეს, ჯერ არც დაწყებულა. აეროპორტის მშენებლობის გეგმებზე “ოცნების” ხელისუფლება წლებია საუბრობს, თუმცა გასულ წელს ამაზე საუბარი კიდევ უფრო გააქტიურდა. 2024 წლის ივნისში, “ოცნების” პრემიერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტისადმი წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ თელავის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, 2024 წელსვე უნდა დაწყებულიყო და 2025 წელს დასრულებულიყო. “სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 2024 წელს და საორიენტაციოდ დასრულდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 10 თვეში“, - განაცხადა მაშინ ირაკლი კობახიძემ.
მანამდე კი საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ირაკლი ქარქაშაძემ აღნიშნა, რომ იგეგმებოდა, თელავის აეროპორტი პირველი ფრენებისთვის 2025 წლის მაისისთვის ყოფილიყო მზად, რათა იგი ყველა სხვა შიდა აეროპორტს დაკავშირებოდა.
უფრო ფართო გეგმების შესახებ აცხადებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი. როგორც მან გასული წლის მარტში აღნიშნა, თელავის აეროპორტიდან სამომავლოდ საერთაშორისო რეისების განხორციელებაც იგეგმება.
"თელავის აეროპორტით კახეთს დავაკავშირებთ ყველა შიდა და საერთაშორისო აეროპორტთან, იმისთვის, რომ ხელი შევუწყოთ ტურისტული მობილობის ზრდას კახეთის რეგიონში. ჩვენ პირველ ეტაპზე გვექნება შიდა ფრენები მესტიაში და ბათუმში. ამით, ტურისტული დანახარჯები თანაბრად გადანაწილდება ყველა რეგიონზე", - აცხადებდა გასულ წელს ქვრივიშვილი.
იმისთვის, რომ თელავის აეროპორტის მშენებლობა დაიწყოს, ტენდერი აეროპორტების გაერთიანებამ უნდა გამოაცხადოს, თუმცა მანამდე პრემიერ-მინისტრის განკარგულების გამოცემაა საჭირო. Bm.ge-ის კითხვას იმის შესახებ, თუ როდის იგეგმება შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა, "ოცნების“ მთავრობის ადმინისტრაციაში პასუხი არ გასცეს.
აღსანიშნავია, რომ თელავის აეროპორტის ტერმინალის კონცეფტ-დიზაინისა და პროექტირების ავტორი არქიტექტორ გიორგი ხმალაძის კომპანია შპს "ხმალაძე არქიტექტორებია", რომელმაც 2023 წლის ბოლოს გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.
ცნობისთვის, ამ დრომდე თელავის აეროპორტ „მიმინოს“ მხოლოდ საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი სასწავლო მიზნებისთვის იყენებს.