მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბილდკინგსთან" ხელშეკრულება გაფორმებულია - რა პირობებით ააშენებს სახელმწიფო თელავის აეროპორტს?

თელავის აეროპორტი

საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ თელავის აეროპორტის მშენებლობაზე "ბილდკინგს" ხელშეკრულება გაუფორმა. ტენდერში ჯამში ოთხმა კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, თუმცა მათგან ყველაზე დაბალი ფასი სახელმწიფოს "ბილდკინგმა" შესთავაზა.

ტენდერში შემდეგმა კომპანიებმა მიიღეს მონაწილეობა:

  • "დაგი" - 12 987 000 ლარი;
  • "საბა კონსტრაქშენ" - 12 611 380 ლარი;
  • "არ სი ქონსთრაქშენ" - 12 575 041 ლარი;
  • "ბილდკინგს" - 11 650 000 ლარი;

დოკუმენტის მიხედვით, თელავის ერეკლე II-ის სახელობის აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სამშენებლო სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 21 თვეში უნდა შესრულდეს, ხოლო ხელშეკრულება 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით მოქმედებს. ხელშეკრულების ჯამური ღირებულება 13 746 999 ლარს (დღგ-ის ჩათვლით) შეადგენს.

სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2016 წელს რეგისტრირებულ "ბილდკინგში" წილები ასე ნაწილდება: ლაშა რუხაძე - 40%, დავით კაპანაძე - 20%, ნელი კალაძე - 40%. კომპანიას ჯამში 214.4 მლნ ლარის ტენდერები აქვს მოგებული. დირექტორები ლაშა რუხაძე და საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მურთაზ მებონია არიან.

ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ირაკლი კობახიძემ პარლამენტისადმი წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ თელავის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, 2024 წელსვე უნდა დაწყებულიყო და 2025 წელს დასრულებულიყო. თუმცა 2025 წელი ისე მიილია, ამ მხრივ სიახლე არაფერი ყოფილა. თელავის აეროპორტი პრემიერის წლევანდელ ანგარიშშიც მოხვდა, კერძოდ, ივნისში, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი აეროპორტების მშენებლობები დააანონსა და აღნიშნა, რომ თელავის აეროპორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომ აეროპორტს საერთაშორისო სტატუსიც ექნებოდა, გასულ წელს გაირკვა, რომ აეროპორტების გაერთიანება პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობდა და თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა რეისებს მიიღებდა. მთავრობის მთავარი არგუმენტია ვაზიანში დაგეგმილი ახალი აეროპორტი, რომელიც ბოლო ცნობებით, 2031 წლიდან უნდა ამუშავდეს. ამიტომ მთავრობამ ვეღარ დაინახა თელავში საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები