თელავის აეროპორტის სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებული გამოვლინდა. ახლა, ხელშეკრულების მომზადების პროცესი მიმდინარეობს.
27 აგვისტოს გამოცხადებულ თელავის აეროპორტს, ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა კომპანიამ შპს "ბილდკინგსმა" მიიღო. კომპანიის მიერ წარდგენილი ფასი 11.65 მილიონ ლარს შეადგენს, რაც სავარაუდო ღირებულებასთან შედარებით 1.62 მილიონი ლარით ნაკლებია.
სამეწარმეო რეესტრის მიხედვით, 2016 წელს რეგისტრირებულ კომპანიაში წილები ასე ნაწილდება: ლაშა რუხაძე - 40%, დავით კაპანაძე - 20%, ნელი კალაძე - 40%.
კომპანიას 214.4 მილიონის ტენდერები აქვს მოგებული.
დირექტორები ლაშა რუხაძე და საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე მურთაზ მებონია არიან.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სამუშაოები უნდა დასრულდეს ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 21 თვის ვადაში, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების ჩათვლით.
პრეტენდენტს 2022 წლის 1 იანვრიდან უნდა ჰქონდეს განხორციელებული ჯამში არანაკლებ 25 000 000 ლარის ღირებულების სამშენებლო სამუშაოები დღგ-ს ჩათვლით; ასევე, მსგავსი სირთულის 1 შენობა-ნაგებობის მშენებლობა (რაც მოიცავს, ადმინისტრაციულ (ოფისები, ბიზნესცენტრები, სახელმწიფო დაწესებულებები) ან/და კომერციულ (სავაჭრო ცენტრები და სერვისცენტრები) ან/და სოციალური-კულტურულ (სკოლები, საავადმყოფოები და სპორტული კომპლექსები) ან/და სატრანსპორტო (აეროპორტების და სადგურები) შენობა-ნაგებობებს), რომლის ღირებულება შეადგენს არანაკლებ 10 000 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით, ან 2 შენობა-ნაგებობა, რომელთა ჯამური ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ 15 000 000 ლარს დღგ-ს ჩათვლით.
ცნობისთვის, ჯერ კიდევ 2024 წლის ივნისში, ირაკლი კობახიძემ პარლამენტისადმი წარდგენილ ანგარიშში აღნიშნა, რომ თელავის აეროპორტის ტერმინალისა და ასაფრენ-დასაფრენი ზოლის მშენებლობა, 2024 წელსვე უნდა დაწყებულიყო და 2025 წელს დასრულებულიყო. თუმცა 2025 წელი ისე მიილია, ამ მხრივ სიახლე არაფერი ყოფილა. თელავის აეროპორტი პრემიერის წლევანდელ ანგარიშშიც მოხვდა, კერძოდ, ივნისში, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ახალი აეროპორტების მშენებლობები დააანონსა და აღნიშნა, რომ თელავის აეროპორტის მშენებლობა ოქტომბერში დაიწყება და 2028 წლის ბოლომდე დასრულდება.
აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი დაპირების მიუხედავად, რომ აეროპორტს საერთაშორისო სტატუსიც ექნებოდა, გასულ წელს გაირკვა, რომ აეროპორტების გაერთიანება პროექტის ოპტიმიზაციაზე მუშაობდა და თელავის აეროპორტი მხოლოდ შიდა რეისებს მიიღებდა. მთავრობის მთავარი არგუმენტია ვაზიანში დაგეგმილი ახალი აეროპორტი, რომელიც ბოლო ცნობებით, 2031 წლიდან უნდა ამუშავდეს. ამიტომ მთავრობამ ვეღარ დაინახა თელავში საერთაშორისო აეროპორტის საჭიროება.
2026 წლის სექტემბერში მესტიის ახალი ტერმინალის მშენებლობის 15 მლნ ლარის ღირებულების ტენდერი ჩავარდა. წინადადებების მიღების ვადაში [25-30 სექტემბერი] მონაწილეობა არცერთ კომპანიას არ მიუღია. პროექტის მიხედვით, მესტიის აეროპორტში 950 კვ.მ საერთო ფართობის ახალი, თანამედროვე საფასადე და შემინული სისტემებით აღჭურვილი ტერმინალი უნდა აშენებულიყო. შენობას ფუნქციურად უნდა მოეცვა მოსაცდელი და სარეგისტრაციო სივრცეები, ჩასხდომისა და მოფრენის დარბაზები, ბარგის მიღება-გაცემის ზონები, უსაფრთხოების კონტროლის ზონა და საოფისე ფართები. ასევე დაგეგმილი იყო 11 600 კვ.მ ფართობის ტერიტორიის კეთილმოწყობა, პარკინგის ჩათვლით.
























