მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

100-ლარიანი ჯარიმა და -5 ქულა - დღეიდან 3 თვე გზის გარკვეულ მონაკვეთებზე ზამთრის საბურავები სავალდებულოა

ზამთრის საბურავები

დღეიდან, 1-ელი დეკემბრიდან, 1-ელ მარტამდე პერიოდში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საგზაო მონაკვეთებზე ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულო ხდება.

მთავრობის დადგენილება კონკრეტულ მოთხოვნებს აწესებს ზამთრის საბურავებთან და მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებთან დაკავშირებით:

მოთხოვნა მსუბუქი ავტომობილები (M1) ავტობუსები (M2, M3)
პროტექტორის სიღრმე არანაკლებ 3 მმ არანაკლებ 4 მმ
ასაკი დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი დამზადებიდან არ უნდა იყოს გასული 10 წელი
მარკირება საბურავზე უნდა იყოს დატანილი სიმბოლო „ფიფქი“ საბურავზე უნდა იყოს დატანილი სიმბოლო „ფიფქი“
ჯაჭვები პოლიციელი უფლებამოსილია, განსაკუთრებული პირობებისას, მოითხოვოს წამყვან თვლებზე ჯაჭვის დამაგრება.

სანქციები და უფლებამოსილებები:

  • ჯარიმა: მოთხოვნების დარღვევა იწვევს 100-ლარიან ჯარიმას და მართვის მოწმობისთვის მინიჭებული ქულათა რაოდენობის 5 ქულით შემცირებას.
  • გადაადგილების აკრძალვა: პოლიციელი უფლებამოსილია, მძღოლს აუკრძალოს კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ საბურავი არ შეესაბამება წესებს.
  • ავტომობილის ჩამორთმევა: თუ მოძრაობის გაგრძელება საფრთხეს ქმნის, სატრანსპორტო საშუალება შეიძლება დროებით ჩამოერთვას და განთავსდეს სპეციალურ დაცულ სადგომზე.

ზამთრის საბურავებით მოძრაობა სავალდებულოა შემდეგ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე:

  • თბილისი-სენაკი-ლესელიძე: ოსიაურის კვანძი-სურამის კვანძი, რიკოთის გვირაბი-წევა.
  • მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსი: მონაკვეთი მლეთა-კობი.
  • ფონიჭალა-მარნეული-გუგუთი: მონაკვეთი დმანისის გადასახვევი-გუგუთი.
  • ხაშური-ახალციხე-ვალე: მონაკვეთი ქვიშხეთი-ვალე.
  • თბილისის შემოსავლელი: მონაკვეთი ზაჰესი-რუსთავი.
  • ახალციხე-ნინოწმინდა: მონაკვეთი ახალციხე-საზღვარი.
  • ახალქალაქი-კარწახი: მონაკვეთი ახალქალაქი-საზღვარი.

შიდასახელმწიფოებრივი გზები :

  • ბათუმი (ანგისა)-ახალციხე: მონაკვეთი ქედა-ახალციხე.
  • ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილი: მონაკვეთი ჯვარი-ლასდილი.
  • ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქი: მონაკვეთი ბორჯომი-ახალქალაქი.
  • ჟინვალი-ბარისახო-შატილი: მონაკვეთი ჟინვალი-ბისო.
  • კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდა: მონაკვეთი ფარცხისი (თეთრიწყაროს გადასახვევი)-ნინოწმინდა.
  • ვაზიანი-გომბორი-თელავი: მონაკვეთი სასადილო-თელავი.
  • ჩოხატაური-ბახმარო: სრულად.
  • დაბა ბაკურიანის წრიული და დიდველის კომპლექსთან მისასვლელი: სრულად.
  • თბილისი (გლდანი)-თიანეთი: მონაკვეთი თბილისი-თიანეთი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები