მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების პროცედურა დაამტკიცა | რას მოიცავს?

მდინარე მაგანა

მთავრობამ მდინარეების სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურა დაამტკიცა. შესაბამისი დადგენილება პრემიერ ირაკლი კობახიძის ხელმოწერით 20 აგვისტოს გამოსცეს.

პროცედურა ვრცელდება საქართველოს ტერიტორიაზე განსაზღვრულ მდინარეთა აუზებსა და სააუზო უბნებზე, მათ შორის, ქვეყნის ტერიტორიაზე მოქცეული საერთაშორისო მდინარის აუზის უბნის ნაწილებზე.

თითოეული მდინარის აუზისთვის/სააუზო უბნისთვის უნდა მომზადდეს სააუზო მართვის დამოუკიდებელი გეგმა. მდინარის აუზის მართვის გეგმა საქართველოს მთავრობის მიერ 6 წლის ვადით დამტკიცდება და იგი ყოველ 6 წელიწადში ერთხელ განახლდება.

მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის პროექტის შემუშავების ორგანიზება სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ფუნქცია იქნება.

დადგენილების მიხედვით, მდინარის აუზის მართვის გეგმა უნდა მოიცავდეს: სააუზო ტერიტორიული ერთეულის მახასიათებლების ანალიზს (მათ შორის, მახასიათებლების შესწავლის შედეგზე დაფუძნებული აღწერა, რომელიც ზედაპირული წყლებისთვის მოიცავს წყლის ობიექტების საზღვრებს, ზედაპირული წყლების ტიპოლოგიას); დაცული ზონების საზღვრების ამსახველი რუკას; წყლის უარყოფითი ზემოქმედების რისკის ზონების ჩამონათვალს და რისკის მართვის პროგრამას; წყალსარგებლობის ეკონომიკური ანალიზის მოკლე მიმოხილვას (მათ შორის, წყალმოხმარებასთან დაკავშირებული ყველაზე ხარჯეფექტიანი ღონისძიებების იდენტიფიცირება (მოთხოვნა-მიწოდების პროგნოზების, ინვესტიციებისა და ხარჯების ანაზღაურების შეფასებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში); მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის განხორციელების ღონისძიებათა პროგრამას, რომლითაც უნდა განისაზღვროს გეგმის განხორციელების ორგანიზაციული, ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური ასპექტები და ა.შ.

მდინარის აუზის/სააუზო უბნის მართვის გეგმის შემუშავების პროცესში ჩართული უნდა იყოს საზოგადოება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები