მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

100 საზოგადოებრივი ტუალეტი ტურისტულ ზონებში – მთავრობამ ბაზრის კვლევა გამოაცხადა

ტუალეტი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ტურისტულ ზონებსა და ღირსშესანიშნაობების მიმდებარედ 100 საზოგადოებრივი ტუალეტის მშენებლობას გეგმავს. ორგანიზაციამ დღეს სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოაქვეყნა განაცხადი პროექტის სავარაუდო ფასების დადგენის მიზნით ბაზრის მოკვლევის დაწყების თაობაზე. სამუშაოები განხორციელდება Design-Build მოდელით, რაც ნიშნავს, რომ საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები ერთიან ხელშეკრულებაში იქნება გაერთიანებული.

გეგმის მიხედვით, თითოეული ობიექტის მშენებლობა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება. პირველ შემთხვევაში პროექტირება და შეთანხმება ერთ თვეში უნდა დასრულდეს, ხოლო მშენებლობისა და აღჭურვის ვადა 3 თვეა.

ტექნიკური დავალების თანახმად, საზოგადოებრივი ტუალეტები I კლასის შენობა-ნაგებობების სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს. გათვალისწინებულია როგორც ქალების, ისე მამაკაცების სველი წერტილები, მათ შორის ადაპტირებული სივრცეები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტში ასევე შედის ტექნიკური სათავსოები და, საჭიროების შემთხვევაში, სერვის პერსონალისთვის განკუთვნილი სივრცე.

ტენდერის პირობებში მითითებულია, რომ პროექტი უნდა ითვალისწინებდეს ოპერირების მარტივ პირობებსა და მომსახურების ეფექტურ ორგანიზებას.

დაინტერესებულ პირებს წინადადებების წარდგენა 2025 წლის 7 აგვისტოს ჩათვლით შეეძლებათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები