სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს მომავალი ოთხი წლის განმავლობაში კვლავ გოგიტა თოდრაძე უხელმძღვანელებს. ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის თანახმად, თოდრაძე უფლებამოსილების შესრულებას მესამე ვადით 3 მაისს შეუდგება.
გოგიტა თოდრაძე უწყებას 2018 წლის მაისიდან ხელმძღვანელობს. გთავაზობთ მის მიერ ბოლო - 2025 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის დეტალურ მიმოხილვას.
თოდრაძის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ნუსხა მოიცავს როგორც დედაქალაქს, ისე რეგიონებს და ასე გამოიყურება:
- ბინა სულხან ცინცაძის ქუჩაზე (154,6 კვ.მ.), შეძენილი 2020 წელს 82,000 აშშ დოლარად.
- ბინა მუხიანში (60 კვ.მ.), შეძენილი 2010 წელს 28,500 აშშ დოლარად (ნაწილი მიღებულია მემკვიდრეობით).
- ბინა (38,9 კვ.მ.) და არასაცხოვრებელი ფართი (17,02 კვ.მ.) გობრონიძის ქუჩაზე, შეძენილი 2014-2016 წლებში 19,600 აშშ დოლარად.
- ავტოფარეხი მუხიანში, შეძენილი 2018 წელს 500 აშშ დოლარად.
- მიწის ნაკვეთი სოფელ აგარაკში (1023 კვ.მ.), შეძენილი 2024 წელს 80,000 აშშ დოლარად.
- ოზურგეთი (სოფელი შემოქმედი/წითელმთა): ფლობს რამდენიმე მიწის ნაკვეთს (1500 კვ.მ., 4000 კვ.მ., 2000 კვ.მ., 1465 კვ.მ. და 2501 კვ.მ.) სხვადასხვა წილობრივი მონაწილეობით (20%-დან 25%-მდე), რომლებიც ძირითადად მემკვიდრეობით აქვს მიღებული. ერთ-ერთ ნაკვეთზე განთავსებულია 343,44 კვ.მ. ფართობის ორსართულიანი შენობა-ნაგებობა.
ოჯახის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომანქანა Mercedes Benz ML (2011), რომელიც ქეთევან ბასილაშვილმა 2018 წელს 11,000 აშშ დოლარად შეიძინა.
გოგიტა თოდრაძე ფინანსურ აქტივებს ძირითადად „თიბისი ბანკსა“ და „საქართველოს ბანკში“ ინახავს:
- თიბისი ბანკი: 6,102.33 აშშ დოლარი და 443.22 ევრო ანაბარზე; 5,270.24 ლარი მიმდინარე ანგარიშზე.
- საქართველოს ბანკი: 33.43 ლარი.
- მის მეუღლეს, ქეთევან ბასილაშვილს, „საქართველოს ბანკის“ სახელფასო ანგარიშზე 618.97 ლარი უფიქსირდება.
- შვილებს, ნია და ნიკოლოზ თოდრაძეებს, „სქულქარდებზე“ მცირე თანხები აქვთ (11.69 და 1.62 ლარი).
თოდრაძე ფლობს 20%-იან წილს შპს „ევროპის სასწავლო უნივერსიტეტში“, თუმცა აღნიშნავს, რომ კომპანია რეგისტრაციის დღიდან არ ფუნქციონირებს. მისი მეუღლე, ქეთევან ბასილაშვილი, არის შპს „GT group“-ის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი, რომელიც ასევე არ ფუნქციონირებს 2013 წლის შემდეგ.
შემოსავლები 2024 წელს:
- საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი: 104,958.05 ლარი.
- აკადემიური საქმიანობა: ჯამში 17,793.52 ლარი (კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თსუ, ჯიპა, ალტე უნივერსიტეტი).
- ქირავნობა: 12,000 ლარი საცხოვრებელი ფართის გაქირავებიდან.
- ქეთევან ბასილაშვილი (ფსიქოლოგი): 6,446.44 ლარი.
დეკლარაციაში ასახულია მსხვილი გასავლებიც:
- იპოთეკური სესხი (ბინისთვის): 5,303.54 ევრო (გადახდილი წლიური თანხა).
- იპოთეკური სესხი (მიწისთვის): 78,900.76 ლარი (გადახდილი წლიური თანხა).
- მიწის ნაკვეთის შეძენა: 80,000 აშშ დოლარი.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლამდე მოქმედი კანონით, „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის პოსტის დაკავება მხოლოდ ორი ვადით იყო შესაძლებელი. თუმცა, პარლამენტმა 1 აპრილს მიიღო ცვლილებები, რომლითაც აღნიშნული შეზღუდვა მოიხსნა. ამასთან, შეიცვალა დანიშვნის წესიც: თუ აქამდე დირექტორს პრემიერი პარლამენტის თანხმობით ნიშნავდა, ახალი ნორმით, აღმასრულებელი დირექტორისა და საბჭოს წევრების დანიშვნა-გათავისუფლების ექსკლუზიური უფლებამოსილება პრემიერ-მინისტრს მიენიჭა.




























