2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა მედიანურმა ხელფასმა 1 531 ლარი შეადგინა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 14.9%-ით არის გაზრდილი.
საქსტატის ანგარიშის თანახმად, 2025 წელს მედიანური ხელფასი საშუალო თვიურ ხელფასზე (2 165.2 ლარი) 29.3%-ით ნაკლები იყო.
საქმიანობის სახეების მიხედვით, 2025 წელს ყველაზე მაღალი მედიანური ხელფასი დაფიქსირდა შემდეგ სექტორებში:
- სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება - 2 501 ლარი;
- მშენებლობა - 2 328 ლარი;
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება - 2 264 ლარი;
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 2 250 ლარი;
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2 211 ლარი.
რაც შეეხება საშუალო თვიურ ნომინალურ ხელფასს, გასულ წელთან შედარებით 9.9 პროცენტით (194.5 ლარით) გაიზარდა და 2 165.2 ლარი შეადგინა. ხელფასების ზრდა თითქმის ყველა სექტორში დაფიქსირდა. საქმიანობის სახეების მიხედვით ყველაზე მაღალი ხელფასი იყო შემდეგ დარგებში:
- საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა - 4 123.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 12.1 პროცენტით);
- ინფორმაცია და კომუნიკაცია - 4 042.6 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 3.0 პროცენტით);
- მშენებლობა - 3 026.1 ლარი (წინა წელთან შედარებით გაიზარდა 13.5 პროცენტით).
რას ნიშნავს და როგორ ითვლიან მედიანურ ხელფასს?
დათვლის მეთოდოლოგია: საშუალო ხელფასის გამოსათვლელად საქსტატი კვარტალური კვლევებისათვის მონაცემებს 16 ათასამდე სხვადასხვა ზომის საწარმოდან აგროვებს. კვლევაში მონაწილე საწარმოები უწყებას დარიცხული შრომის ანაზღაურების ფონდს - ანუ მონაცემებს ხელფასებზე ჯამურად დახარჯული თანხის მოცულობაზე აწვდიან, რაც ძირითად ხელფასთან ერთად პრემია-დანამატს მოიცავს. საქსტატი მიღებულ რიცხვს ჯერ დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო რიცხოვნობაზე ყოფს, შემდეგ 3-ზე ან 12-ზე, იმის მიხედვით კვარტალურია კვლევა თუ წლიური.
განსხვავება მეთოდებს შორის ის არის, რომ საშუალო მაჩვენებელზე მცირე რაოდენობის მაღალანაზღაურებადი თანამშრომლების ხელფასი მნიშვნელოვნად ზემოქმედებს და დიდია ალბათობა მედიანური ხელფასის გამოთვლისას მიღებული შედეგთან სხვაობა იყოს. მედიანური დაანგარიშების დროს უკიდურესი წევრები ანუ ყველაზე მაღალი ხელფასისა და დაბალი ხელფასი მქონე პირები გამოირიცხება.
























