2024 წელს საჯარო და კერძო თანამშრომლობის (PPP) სააგენტომ 105 პროექტი განიხილა, რომლებიც ენერგეტიკის სფეროს მიეკუთვნება. ამის შესახებ სააგენტოს საქმიანობის წლიურ ანგარიშშია აღნიშნული.
დოკუმენტის თანახმად, საუბარია ჯამში 2658.082 მეგავატის პროექტებზე, საიდანაც უმეტესობა მზის ელექტროსადგურია (1350.63 მეგავატი), რომელსაც ქარის (869.5 მეგავატი) და ჰიდრო გენერაციის ობიექტები (437.952) მოსდევს. ჯამური ინვესტიცია 2.4 მლრდ აშშ დოლარს აჭარბებს, რომელიც ასე ნაწილდება: 973.4 მლნ დოლარი ქარის, 822.9 მლნ დოლარი ჰიდრო, ხოლო 639.1 მლნ დოლარი მზის პროექტებზე.
რაც შეეხება სხვა პროექტებს, ანგარიშის მიხედვით:
- 2024 წელს სააგენტომ აქტიურად დაიწყო მუშაობა თბილისის ხელმისაწვდომი საცხოვრისის პროექტზე. პოტენციური საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტის იდენტიფიცირების ფარგლებში სააგენტომ შეხვედრები გამართა სხვადასხვა უწყებასთან, სფეროს ექსპერტებთან, გამოითხოვა და შეაგროვა შესაბამისი მონაცემები და ინფორმაცია.
- 2024 წლის განმავლობაში, სააგენტო აქტიურად განაგრძობდა მუშაობას SOURCE სისტემის საქართველოში ინტეგრაციის მიმართულებით. SOURCE არის ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადებისა და მართვის მსოფლიოში აღიარებული პლატფორმა, რომელიც ქმნის პროცესების ელექტრონულ სისტემაზე სრულად გადატანის შესაძლებლობას. 2022 წლიდან დღემდე სააგენტომ უზრუნველყო SOURCE პლატფორმის შესახებ რამდენიმე პრეზენტაციის მოწყობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართულ უწყებებში.
- 2024 წლის ზაფხულიდან საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო ჩაერთო საჯარო და კერძო თანამშრომლობის მარეგულირებელი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან ჰარმონიზაციის მიმართულებით მუშაობაში. აღნიშნული პროცესის ფარგლებში სააგენტო პერიოდულად მართავდა შეხვედრებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან.
ცნობისთვის, საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო საჯარო სამართლის იურიდიული პირია, რომელიც ანგარიშვალდებულია პრემიერ-მინისტრის წინაშე. სააგენტომ ფუნქციონირება 2019 წლის თებერვლიდან დაიწყო. ამჟამად მას თავმჯდომარე არ ჰყავს, თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბატიაშვილია. PPP სააგენტოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნატალია მოწონელიძემ, რომელიც "ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის მეუღლეა, თანამდებობა 2024 წლის 8 თებერვლიდან დატოვა.




























