ელექტროსკუტერების (ე.წ. სქროლების) აკრძალვა გამოსავალი არ არის, თუმცა წესების არარსებობის გამო მოზარდების უსაფრთხოება ყოველდღიურად რისკის ქვეშ დგას - ამის შესახებ "საქართველოს საავტომობილო ფედერაციის" ვიცე-პრეზიდენტმა, მევლუდ მელაძემ BMG-სთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მევლუდ მელაძემ აღნიშნა, მიკრომობილობის განვითარებას წინ ვერაფერი დაუდგება, ამიტომ მთავარი ამოცანა ამ პროცესისთვის ფეხის აყოლა და მისი უსაფრთხო ჩარჩოებში მოქცევაა. განსაკუთრებულ გამოწვევას კი მოძრაობაში არასრულწლოვნების უკონტროლო ჩართვა წარმოადგენს:
"ეს ეპოქის ცვლილების ნაწილია და მსგავს სიახლეებს ვერ გავექცევით, მათ მხარი უნდა ავუბათ. თუმცა დღეს ძალიან დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ: 11-12-13 წლის ბავშვი გადაადგილდება ამ ტრანსპორტით და არსებული კანონმდებლობით ვერაფერს ეუბნები. მაქსიმუმ, მშობელმა უთხრას ან წაართვას, მაგრამ ეს პროცესს ვერ აჩერებს.
აქ მარტო ერთი მიმართულებით კი არა, გაცილებით მსხვილად არის საფიქრალი. მე პირადად შევყრიდი სპეციალისტებს და დავიწყებდი ფიქრს, როგორ გადავჭრათ ეს საკითხი კომპლექსურად", - ამბობს მევლუდ მელაძე.
ავტოფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ხაზს უსვამს, რომ მოზარდს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს საკუთარი სტატუსი ქუჩაში გადაადგილებისას, რადგან შეცდომის ფასი უშუალოდ სიცოცხლეს უკავშირდება.
"როგორც კი ადამიანი ამ ტრანსპორტს იყენებს, ის საგზაო მოძრაობის სრულფასოვანი მონაწილე ხდება. მას ზუსტად ისევე ეკისრება პასუხისმგებლობა, როგორც სხვას - მიუხედავად იმისა, რომ მართვის მოწმობა არ აქვს. ეს პასუხისმგებლობა პირდაპირ მიბმულია მის ჯანმრთელობასა და სიცოცხლესთან.
როგორც მართვის მოწმობის აღებისას უნდა არსებობდეს მინიმალური სახელმწიფო სასწავლო პაკეტი, ისე უნდა არსებობდეს სკუტერით გადაადგილების კონკრეტული წესებიც. ბავშვმა ბაღიდან და სკოლიდანვე უნდა იცოდეს, რა შეიძლება და რა - არა, რათა მინიმუმ გააცნობიეროს, როდის არღვევს წესს", - ამბობს ავტოფედერაციის ხელმძღვანელი.
მევლუდ მელაძის განცხადებით, საჭიროა მკაფიო კონტროლის მექანიზმები და სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურის კოორდინირებული მუშაობა, რათა საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით ქმედითი რეგულაციები შეიქმნას.
"ბევრი სტრუქტურა უნდა ჩაერთოს, რომ კონკრეტული ჩარჩო ჩამოყალიბდეს. თუ მსგავსი სამუშაო შეხვედრა გაიმართება, დიდი სიამოვნებით ჩავერთვები და გავუზიარებ საერთაშორისო გამოცდილებას, თუ როგორ აქვთ მოგვარებული ეს საკითხი სხვადასხვა ქვეყანაში ასაკობრივი ბარიერების მიხედვით.
მაგალითად, ჰოლანდიაში ყველა ზედმიწევნით იცავს წესებს. იქ სამარცხვინოა წესის დარღვევა და საზოგადოება მყისიერად იმაღლებს ხმას, როცა გადაცდომას ხედავს, რადგან ყველამ იცის: უწესო ქცევა საფრთხეს უქმნის როგორც თავად დამრღვევს, ისე გარშემომყოფებს", - ამბობს მელვუდ მელაძე BMG Auto Show-ს ეთერში.
























