მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"11%-იან ზრდაში უჩვეულო არაფერია" - საქსტატის და RS.ge-ის პასუხები ეკონომიკის ზრდის ფაქტორებზე

გოგიტა თოდრაძე

"სტატისტიკური ინფორმაციის არასწორ ინტერპრეტაციას უნდა დაესვას წერტილი" - ასე უპასუხა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ BMGTV-ის გადაცემა "წერტილში" წამყვანის ტრადიციულ კითხვას.

საქსტატის ხელმძღვანელთან ინტერვიუს მთავარი თემა იყო იანვარში დაფიქსირებული 11%-იანი ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორები და მეთოდოლოგია, რომლითაც საქსტატის ეკონომიკური ზრდის წინასწარ, ყოველთვიურ შეფასებას აქვეყნებს.

საქმე ის არის, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, ეკონომიკური ზრდის ყოველთვიური შეფასებისას, საქსტატისთვის ერთ-ერთ ძირითად წყაროს წარმოადგენს დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი საწარმოების ბრუნვები, რომელთა მონაცემებს უწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისგან იღებს.

- როდის და როგორ ამოწმებს საქსტატი ფინანსთა სამინისტროს მონაცემების სიზუსტეს, რომელსაც სტატისტიკის სამსახური ეკონომიკის ზრდის შეფასებისას იყენებს?

- მოგეხსენებათ, საქსტატი მთლიანი შიდა პროდუქტის კვარტალური და წლიური მაჩვენებლების გაანგარიშებას სამი მეთოდით - დანახარჯების, წარმოების და შემოსავლების მიხედვით ახორციელებს. ყოველთვიური ზრდის წინასწარი შეფასებისას კისაქსტატი ეყრდნობა დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მონაცემებს, რომელსაც შემოსავლების სამსახური გვაწვდის, თუმცა კვარტალური პერიოდულობით ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, დამოუკიდებლად, ჩვენ მიერ ორგანიზებული კვლევებით დავითვალოთ ეკონომიკის ზრდის მაჩვენებელი...

- რამდენადაც ვიცი, ძირითადად, მონაცემები ემთხვევა...

- დიახ, და ამიტომაც არ გვქონია იმის საბაბი, რომ რაიმე სახის უზუსტობა შეგვემჩნია, თორემ ნამდვილად შევწყვეტდით აღნიშნული წყაროს გამოყენებას ეკონომიკის ზრდის დაანგარიშებისას. მოკლედ, უნდა დაველოდოთ პირველი კვარტალის მონაცემებს, რომელიც მოგვცემს უფრო მეტ სურათს იმის შესახებ, რამ განაპირობა 11%-ით ეკონომიკის ზრდა და რომელი სექტორები იყო წამყვანი კონტრიბუტორები...

- ანუ დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვის მონაცემებს, რომელსაც შემოსავლების სამსახური გაწვდით, თქვენ ვერ ამოწმებთ?

- ჩვენ როგორ გადავამოწმებთ, ამა თუ იმ კომპანიის დღგ-ის ბრუნვა რამდენი იყო!? ჩვენ ვეყრდნობით წყაროს, რომელიც შემოსავლების სამსახურია და მიღებული მონაცემების დაზუსტება შემდეგ სხვადასხვა კვლევის საფუძველზე ხდება...

- შემოსავლების სამსახური საქსტატისთვის სანდო წყაროა?

- 2010 წლიდან ვიყენებთ ამ წყაროს და აქამდე არ გვქონია პრობლემა; იმედია, არც აწი გაჩნდება კითხვის ნიშნები... თუ წინა წლების ტენდენციას დავაკვირდებით, ყოველთვიური ეკონომიკური ზრდისას გამოყენებული დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მონაცემები მჭიდრო კორელაციაშია იმ კვლევის შედეგებთან, რომელსაც ჩვენ აბსოლუტურად დამოუკიდებლად, სხვადასხვა სექტორის გამოკვლევის საფუძველზე ვიღებთ.

- იანვრის 11%-იან ეკონომიკურ ზრდაში საქსტატისთვის უჩვეულო არაფერი არ იყო?

- ნამდვილად არაფერი იყო უჩვეულო. ჩვენ გვაქვს არგუმენტები, რომელ სექტორში რა ფაქტორებმა განაპირობა ეკონომიკის 11%-ით ზრდა... ჩვენ ვიდრე გამოვაქვეყნებთ მონაცემებს, ჯერ ვაანალიზებთ სხვადასხვა მაჩვენებელს და მათი ცვალებადობის მიზეზს და შემდეგ ვაწვდით საზოგადოებას ინფორმაციას. ეკონომიკის ზრდის არსებულ მაჩვენებლებს აქვს მიზეზი და ეს არგუმენტებიც.

„წერტილთან“ ინტერვიუში გოგიტა თოდრაძემ ვრცლად ისაუბრა, რატომ არ მოახდენდა გავლენას იანვრის ეკონომიკურ ზრდაზე ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტის ღირებულების ხელოვნების ნიმუშების იმპორტი, რაზედაც BMG-მ საქსტატისგანაც წერილობითი პასუხიც მიიღო.

ნახატების იმპორტს იანვრის 11%-იან ზრდაზე გავლენა არ მოუხდენია - საქსტატის განმარტება

გარდა სტატისტიკის ეროვნული სამსახურისა, BMG-მ რამდენიმე კითხვით შემოსავლების სამსახურსაც მიმართა. კითხვები, ძირითადად, შეეხებოდა ეკონომისტების და ფინანსისტების ეჭვებს 11%-იანი ეკონომიკური ზრდის სიზუსტესთან დაკავშირებით, კერძოდ, რამდენად სანდო წყაროა შემოსავლების სამსახურის მონაცემები საქსტატისთვის.

BMG-ის კითხვები:

1. როგორ აიხსნება ის ფაქტი, იანვარში დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვა 12 მლრდ ლარი იყო, რაც წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, თითქმის 15%-იანი ზრდაა, მაგრამ იანვარში სახელმწიფო ბიუჯეტში დღგ-ის გადასახადი შემცირდა?
2. ფინანსისტების და ეკონომისტების ნაწილის ვარაუდით, შესაძლებელია, იანვარში ისეთი საწარმოების დღგ-ის ბრუნვა გაიზარდა, რომლებიც არ იხდიან ან არ მოუწიათ დღგ-ის გადასახადის ბიუჯეტში გადახდა. ადასტურებთ?
3. დღგ-ის გადასახადის სახით ბიუჯეტში ნაკლები გადასახადის შესვლა, მაგრამ დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის ზრდა უკავშირდება თუ არა იანვარში, 481 მლნ დოლარის ნახატების და 33 მილიონი დოლარის ქანდაკებების იმპორტს, რაზედაც ე.წ. ოფშორების კანონის გამო, გადასახადის გადამხდელ კომპანიას არ მოუწია გადასახადების გადახდა?

შემოსავლების სამსახურის პასუხები:

"საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებისათვის გამოყენებული დღგ-ის გადამხდელი საწარმოთა ბრუნვის მონაცემები ეყრდნობა შემოსავლების სამსახურის ინფორმაციას. თავის მხრივ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, კანონმდებლობის შესაბამისად განმარტავს, რომ საგადასახადო მიზნებისათვის, დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების ჩამონათვალი, დღგ-ის დეკლარირებისა და გადასახადის გადახდის წესი განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით. აღნიშნულის თანახმად, დღგ-ის გადამხდელად საწარმოთა ბრუნვაში არ აისახება იმპორტირებული საქონლის ღირებულება. აქედან გამომდინარე, იმპორტის ოპერაციებს არ აქვს გავლენა ბრუნვების მოცულობაზე და შესაბამისად ეკონომიკური ზრდის წინასწარ შეფასებაზე.

ამასთან, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა იანვრის თვის დღგ-ის ბრუნვების ანგარიშგების (დეკლარირების) და გადახდის პერიოდია მომდევნო თვე - თებერვალი. შესაბამისად, შეკითხვა - იანვრის თვის დღგ-ის ბრუნვებისა და ამავე თვეში დღგ-ის სახით მობილიზებული თანხების შედარებასთან დაკავშირებით, არის არარელევანტური.

ასევე აღსანიშნავია, რომ იანვრის თვეში მთლიანი დღგ-ს შემცირება ძირითადად უკავშირდება იმპორტზე გადახდილი დღგ-ის შემცირებას. ეს კი პირდაპირ კავშირშია საქონლის იმპორტის შემცირებასთან. იანვარში ხელოვნების ნიმუშებისა და ქანდაკებების გამორიცხვით იმპორტი შემცირდა თითქმის 1%-ით (რომელიც ბრუნვებში არ აისახება), ამასთან ამავე პერიოდში ექსპორტი (რომელიც გათავისუფლებულია დღგ-საგან და ბრუნვებშიც შედის) გაიზარდა 19%-ით.

რაც შეეხება საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციას, შეგიძლიათ იხილოთ სახელმწიფო ხაზინის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://treasury.ge/ka/revenues

აღნიშნულ გვერდზე ხელმისაწვდომი საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების იანვრის თვის ანგარიშგების (ფორმა N1) მიხედვით, დამატებული ღირებულების გადასახადის სახით 2025 წლის იანვრის თვეში ბიუჯეტში მობილიზებულია 805.5 მლნ ლარი, (კლება 0.9%) საიდანაც საქართველოს ტერიტორიაზე რეალიზებული პროდუქციიდან და გაწეული მომსახურებიდან მობილიზებულია 420.5 მლნ ლარი (ზრდა 11%), ხოლო იმპორტირებული პროდუქციიდან - 385.1 მლნ ლარი (როგორც აღვნიშნეთ კლების ძირითადი მიზეზი, შემცირდა 11.3%-ით)."

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები