მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა ივლისში 8%-იანი ეკონომიკური ზრდა - გოგიტა თოდრაძის განმარტება

გოგიტა თოდრაძე

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8% შეადგინა, ხოლო პირველი შვიდი თვის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.

ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებთან დაკავშირებით დღეს პრესკონფერენცია გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ. მისი თქმით, ივლისის განმავლობაში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 17.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.6%-ით მეტია.

კონკრეტული სექტორების მიხედვით მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა დამმუშავებელ მრეწველობაში, რაც პირველ რიგში საქართველოში ნავთობპროდუქტების გადამუშავების და ექსპორტის მიმართულებას უკავშირდებოდა. ასევე ზრდა დაფიქსირდა IT სექტორსა და საფინანსო სექტორში. ხოლო მშენებლობის სექტორი იყო ერთადერთი სადაც შემცირება აღინიშნა, რაც უკავშირდებოდა ინფრასტრუქტურის - გზების; ხიდების და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობაში კლებას.

"რაც შეეხება მიზეზებს დარგობრივ ჭრილში: დამმუშავებელი მრეწველობის სექტორში ზრდა ძირითადად ნავთობპროდუქტების წარმოების მოცულობის გაფართოებას და მეტალურგიულ მრეწველობას უკავშირდება. ნავთობპროდუქტების წარმოების მიმართულებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთას, გაზოილის, მაზუთის წარმოების მაჩვენებლები. ასევე რაც შეეხება მეტალურგიულ მრეწველობას, გაზრდილია თუჯის, ფოლადის და ფეროშენადნობების წარმოების მაჩვენებლები.

აქვე აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 25-ჯერ გაიზარდა აღნიშნული დასახელების ნავთობპროდუქტების ექსპორტი, ძირითადად აფრიკის რამდენიმე ქვეყნის და სინგაპურის მიმართულებით. რაც შეეხება მეტალურგიულ მრეწველობას, დაახლოებით სამჯერ გაიზარდა წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი, ძირითადად ამერიკის შეერთებული შტატების მიმართულებით.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან, აიტი სფეროში კონსულტაციების გაწევასთან და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან.

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდის მიზეზად სახელდება კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა. სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო ფერადი ლითონების მადნების მოპოვებასთან. ტრანსპორტისა და დასაწყობების სექტორში ზრდა განაპირობა ზოგადად საგარეო ვაჭრობაში შექმნილმა დადებითმა ტენდენციებმა, როგორიც გახლავთ მაგალითად ექსპორტის და იმპორტის მოცულობის ზრდა და შესაბამისად გაზრდილია ტვირთის სატრანსპორტო დამუშავების და დასაწყობების მაჩვენებელი.

როგორც უკვე აღვნიშნე, მშენებლობის სექტორში გამოვლინდა შემცირების ტენდენცია, რაც ძირითადად სამოქალაქო მშენებლობას უკავშირდება. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია გზების, ხიდების, ავტობანების, გვირაბების და სხვადასხვა სახის სამშენებლო ნაგებობების მშენებლობის მაჩვენებელი. შესაბამისად, თუ საგარეო ვაჭრობასაც მოვიშველიებთ მონაცემებს, 13%-ით არის შემცირებული სამშენებლო მასალების იმპორტი და დაახლოებით 19%-ით არის შემცირებული ცემენტის და კლინკერის იმპორტის მაჩვენებელი", - განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები