მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რამ განაპირობა სექტემბერში 6%-იანი ეკონომიკური ზრდა? - გოგიტა თოდრაძის განმარტება

გოგიტა თოდრაძე

2026 წლის სექტემბერში საქართველოს ეკონომიკა წლიურად 6%-ით გაიზარდა. საქსტატის წინასწარი შეფასებით, იანვარ-სექტემბერში ეკონომიკის ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 7.4% შეადგინა.

სექტემბერში დღგ-ის გადამხდელი საწარმოების ბრუნვამ 17.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 13.5%-ით მეტია. ბრუნვის შემცირება მხოლოდ დამმუშავებელი მრეწველობისა და ადმინისტრაციული მომსახურებების სექტორებში დაფიქსირდა.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის განმარტებით, სექტემბერში ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყო მშენებლობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ვაჭრობისა და საფინანსო საქმიანობის სექტორებში დაფიქსირებულმა დადებითმა ტენდენციებმა. ამავე პერიოდში კლება იყო დამმუშავებელ მრეწველობაში.

“მშენებლობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობასთან - გაზრდილია გზების, ხიდების, გვირაბების მშენებლობის მაჩვენებელი. ასევე აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენციები შეინიშნებოდა როგორც საცხოვრებელი, ისე არასაცხოვრებელი შენობა-ნაგებობების მშენებლობის მოცულობის გაფართოებასთან. ასევე აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 11%-ით არის გაზრდილი სამშენებლო მასალების იმპორტის მაჩვენებელი.

ასევე, დაახლოებით 0.4%-ით გაიზარდა მშენებლობაზე გაცემული ნებართვების მაჩვენებელი, ხოლო დაახლოებით 2%-ით არის გაზრდილი შესაბამისი ნებართვის ფართობი. რაც შეეხება ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების რაოდენობას, აღნიშნული მაჩვენებელი 2.8%-ით არის გაზრდილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით.

ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავებასთან და შესაბამისი მიმართულებით მომსახურების მოცულობის გაფართოებასთან.

სამთო-მოპოვებითი მრეწველობის სექტორს რაც შეეხება, აქ ზრდა ძირითადად ფერადი ლითონების მადნების მოპოვებას უკავშირდება.

ვაჭრობის სექტორში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო როგორც მსუბუქი ავტომობილებით, ისე საწვავითა და საპოხი მასალებით ვაჭრობის მოცულობის ზრდასთან.

საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდას განაპირობებდა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდა.

დამმუშავებელი მრეწველობის სექტორს რაც შეეხება, როგორც მოგახსენეთ, აქ კლების ტენდენცია დაფიქსირდა, რაც ძირითადად დაკავშირებული იყო ძირითადი ლითონების, კვების პროდუქტების და სასმელების წარმოების მოცულობის შემცირებასთან. თუმცა აღსანიშნავია ისიც, რომ გაზრდილია ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი დაახლოებით 9.4%-ით (ძირითადად მაროკოს, გაერთიანებული სამეფოს, ასევე თურქეთის მიმართულებით). გარდა ამისა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ნავთობპროდუქტების წარმოების მაჩვენებლები - აქ საუბარია ძირითადად მაზუთის, გაზოილის და ნავთას წარმოებაზე. აღნიშნული საქონლის ექსპორტი სექტემბერში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაახლოებით 24-ჯერ არის გაზრდილი.

ასევე, მოგეხსენებათ, ტურიზმის სტატისტიკის შესახებ და მინდა ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ: 2026 წლის მესამე კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დაახლოებით 3.3%-ით არის გაზრდილი საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობა, ხოლო 4.7 %-ით არის გაზრდილი ტურისტული ვიზიტების რაოდენობის მაჩვენებელი,”- განაცხადა გოგიტა თოდრაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები