11 ივლისს, თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიების მხარდამჭერები საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, თბილისის მერია და სპორტის სამინისტრო არიან.
Real American Freestyle (RAF) ტურნირი აშშ-ის ფარგლებს გარეთ პირველად იმართება. მასში მონაწილეობას 24 მსოფლიო დონის სპორტსმენი მიიღებს: ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო სპორტის ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, ჰენრი სეჰუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.
სპორტულ ღონისძიებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი Fox Nation-ის პლატფორმის საშუალებით იხილავს. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.
„ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებას. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სპორტული ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო ვიზიტორებისა და მედიის წარმომადგენლების მოზიდვაზე, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე“, - აცხადებენ ტურიზმის ადმინისტრაციაში.
მათივე ცნობით, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მსოფლიოში ცნობილმა სპორტსმენებმა თბილისის ისტორიული უბნები დაათვალიერეს, გაეცნენ ქართულ სამზარეულოს, ტურისტულად საინტერესო ადგილებს.




























