შრომის ბაზარზე პირველად შეღწევადობისა და განათლების დონის კორელაცია BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკის" ეთერში კერძო სექტორმა შეაფასა.
საქმე ისაა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მიერ ჩატარებული უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევის თანახმად, როცა ბიზნესს ეკითხებიან - სად უნდა იყოს პრიორიტეტული სახელმწიფოსთვის ინვესტიციების ჩადება - საწარმოების უმრავლესობა პრიორიტეტულ მიმართულებად პროფესიულ განათლებას ასახელებს (43%), მეოთხედი - 26% პრიორიტეტულ მიმართულებად მიიჩნევს უმაღლეს განათლებას, 13% საშუალო განათლებას, ხოლო 18%-ს საერთოდ არ აქვს პასუხი.
კვლევა ასევე აჩვენებს, რომ გამოკითხულ საწარმოთა 73%-ში პროფესიული განათლებით დასაქმებული კადრი საერთოდ არ ჰყავთ. ამასთან, მათი 59% დადებითად აფასებს პროფესიული განათლების მქონე დასაქმებულებს, ხოლო 57% მიიჩნევს, რომ მათ საწარმოებში დასაქმებულ პროფესიული განათლების ადამიანები დამატებით გადამზადებას არ საჭიროებენ.
კითხვაზე, რას აკეთებს ბიზნესი იმისთვის, რომ არსებული პრობლემები, მათ შორის პროფესიული განათლებისა და კადრების გადამზადების მიმართულებით არსებული გამოწვევები გადაჭრას, "ანალიტიკას" ეთერში მიხეილ ჭელიძემ, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის პრეზიდენტმა ისაუბრა. მისი აზრით, პროფესიული განათლების პოპულარიზაცია ადრეული ასაკიდანვე უნდა მოხდეს, რისთვისაც ქვეყანაში უკვე დანერგილია დუალური სწავლება. (დუალური სწავლება - მოდელი, რომელიც პროფესიულ სტუდენტს საშუალებას აძლევს, თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილება რეალურ სამუშაო გარემოში დააგროვოს).
"შრომის ბაზარზე პროფესიულ კადრებზე მოთხოვნა არის გაცილებით მაღალი, ვიდრე მიწოდება. აქედან გამომდინარე, ამ პროფესიული სასწავლებლების ხარისხიც ისეთი დამაკმაყოფილებელი არ არის. ადრე ჩატარებული კვლევების ფონზე ქვეყანამ მიიღო დუალური სწავლების კანონი, ანუ პრაქტიკაზე დაფუძნებული სწავლება. სწორედ ამის პოპულარიზაცია უნდა მოვახდინოთ; დუალური კანონის მთავარი პრინციპი ისაა, რომ სასწავლო პროგრამა უკვე შეთანხმებულია კონკრეტულ ბიზნესთან, მასზეა მორგებული და კადრები რომ გამოდიან, უკვე იციან მუშაობის პრინციპები - ანუ დროში იგებენ.
დროის მოგების კიდევ ერთი ფაქტორი სასკოლო სწავლების 12-დან 11 კლასამდე ჩამოსვლა იქნება. რადგან ვისაც სურს ქვეყნის დატოვება, ის 12 კლასს ისედაც დაამთავრებს, ხოლო ვინც ისედაც რჩებოდა, ტყუილად ერთ წელს აღარ დაკარგავს და ეკონომიკაში უფრო მალე ჩაერთვება, რაც კადრების გადინებას დააკომპენსირებს.
პროფესიული ორიენტაცია ერთ-ერთი მთავარი თემაა. ისეთ ასაკში უწევს მოსწავლეს გადაწყვეტილება მიიღოს რა უნდა, როცა თვითონ არ არის ჩამოყალიბებული, რა უნდა. ამიტომ სკოლებშიც არის სამუშაო, რომ მოსწავლეს პროფესიული ორიენტაცია თავიდანვე ჰქონდეს და 11 კლასის შემდეგ დიფერენცირებული სწავლება ამას შეუწყობს ხელს", - ამბობს მიხეილ ჭელიძე.
SME ასოციაციის პრეზიდენტის მოსაზრებას "ანალიტიკას" ეთერში One Point-ის მმართველი პარტნიორი, ნინო ნიაური დაუპირისპირდა, რომელმაც 11-წლიანი სასკოლო სწავლა უარყოფითად შეაფასა. მისი აზრით, 12 კლასის დამთავრება პროფესიული ორიენტაციის განვითარებას ხელს არ უშლის.
"დუალური სისტემა ძალიან ბევრი წლის წინ დაინერგა საქართველოში და ამ სისტემით ბიზნესი მუშაობს უკვე ძალიან დიდი ხანია, თუმცა ამ 12-წლიან სწავლებასაც მინდა შევეხო. 11 კლასზე გადაყვანა თითქოს შეფასდა ისე, რომ სკოლიდან გამოსული მოსწავლე უფრო ადრე შევა ბიზნესში. ეს არ არის სწორი არგუმენტი, იმიტომ რომ ბოლონიის პროცესი თავისთავად წარმოდგენილია ევროპის და ამერიკის საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებით. ბოლონიის პროცესი ზუსტად იმას გულისხმობს, რომ სწორი, ერთიანი სისტემის ქვეშ მოვექცეთ ჩვენ ევროპულ და ამერიკულ განათლებასთან ერთად. ევროპის და ამერიკის პრაქტიკა გვაჩვენებს ზუსტად, რომ პროფესიული განათლება ძალიან მაღალ დონეზე არის იქ და ამას ხელს არ უშლის არანაირი 12 კლასი. თვითონ ეს დუალური სისტემაც არის გერმანული მოდელი და გერმანული მოდელი გადასარევად მუშაობს გერმანიაშიც და ყველა სხვა ქვეყანაშიც. ამიტომ ეს, რა თქმა უნდა, ხელს არ უშლის და ეს ჩემი სუბიექტური აზრით, ბევრად უკან გადადგმული ნაბიჯია, რომელიც არცერთ შემთხვევაში არ უნდა შევაფასოთ პოზიტიურად", - განაცხადა ნინო ნიაურმა.
2025 წლის დეკემბერში "ქართული ოცნების" მიერ დანიშნულმა განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ განათლების რეფორმის მიხედვით, საჯარო სკოლების მე-11 კლასი პროფილური გახდება.
ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე მიქანაძემ ძირითადი პუნქტები წარადგინა, რომლის თანახმადაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, მე-11 კლასში ისწავლონ მხოლოდ იმ საგნები, რომლებიც ეროვნულ გამოცდებზე უნდა ჩააბარონ.
კონცეფციის დამტკიცების მიუხედავად, ოფიციალურ დონეზე პარლამენტმა ცვლილება (დაჩქარებული წესით) ჯერ მხოლოდ "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში შეიტანა, რომლის თანახმადაც, საუნივერსიტეტო სისტემაში დაინერგა 3+1+1 სისტემა, სადაც 3 წელი დაეთმობა ბაკალავრს, ხოლო 1 წელი - მაგისტრატურას.




























