მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11 სექტემბერს, 598 საარჩევნო უბანზე იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება

ცესკო
08.09.24 13:43
2436

11 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით 598 საარჩევნო უბანზე, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, იმიტირებული კენჭისყრა გაიმართება და მასში მონაწილეობა ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება.

ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

"ღონისძიების მიზანია საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავება. ამომრჩევლები პირადად გაეცნობიან ვერიფიკაციისა და ხმის მთვლელი აპარატების მუშაობას. საარჩევნო მოხელეები დაინტერესებულ პირებს განუმარტავენ რეგისტრაციის პროცედურას, ისინი ასევე თავად გაივლიან ხმის მიცემის პროცედურებს - რეგისტრატორის მაგიდასთან ბიულეტენზე საცდელი წრის გაფერადება, ფარული კენჭისყრის კაბინაში ბიულეტენზე წრის გაფერადება, ფარულობის უზრუნველყოფის მიზნით ჩარჩო-კონვერტში ბიულეტენის მოთავსება, ხმის მთვლელ აპარატში (ყუთში) ბიულეტენის მოთავსება. 11 სექტემბერს იმიტირებული კენჭისყრის პროცესი დაიწყება 11:00 საათიდან და გაგრძელდება 18:00 საათამდე. საარჩევნო ოლქების მიხედვით საარჩევნო უბნების ჩამონათვალი, სადაც გაიმართება იმიტირებული კენჭისყრა, განთავსებულია ბმულზე.

საარჩევნო ადმინისტრაცია მოუწოდებს ამომრჩევლებს, გამოიყენონ მორიგი შესაძლებლობა, რომ გაიუმჯობესონ ხმის მიცემის პროცედურების პრაქტიკული უნარ-ჩვევები, მონაწილეობა მიიღონ იმიტირებულ კენჭისყრაში და პირადად გაეცნონ საარჩევნო ტექნოლოგიებს. შეგახსენებთ, რომ საქართველოში განხორციელებული საარჩევნო რეფორმის შედეგად პარლამენტის მორიგი და ყველა შემდგომი არჩევნები საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

26 ოქტომბერს ამომრჩეველთა თითქმის 90% საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. იცვლება ამომრჩევლის ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) და ხმის მიცემის პროცედურები. შესაბამისად, ტექნოლოგიური სიახლეების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება და განათლება საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ინფორმირების მასშტაბური კამპანია, რომელიც ასევე ეხმიანება საერთაშორისო სტანდარტებსაც და რეკომენდაციებს, საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე დაიწყო.

საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრაცია ეტაპობრივად იმართება ქვეყნის მასშტაბით ხალხმრავალ ადგილებში, საჯარო და კერძო სტრუქტურებში. აღსანიშნავია რომ ამ დროისათვის ინფორმირებულია ნახევარ მილიონზე მეტი ამომრჩეველი", - წერია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები