დღეს 11 სექტემბერია, ან როგორც ამერიკელები იტყვიან, ცხრა-თერთმეტი. ეს თავისუფალი სამყაროს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა, რომელმაც მთელ მსოფლიოს ნათლად დაანახა, რომ ტერორიზმი უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს, რომლისგან დაცული ამერიკის მსგავსი ზესახელმწიფოც კი არ არის.
ნიუ-იორკში, მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებზე ალ-კაიდას ტერორისტების თავდასხმიდან 22 წელია გასული, ამ დროის განმავლობაში კი ნამდვილად ბევრი რამ შეიცვალა.
დავიწყოთ იმით, რომ ტერაქტიდან მეორე დღეს ამერიკის მოსახლეობა ისეთი ერთიანი იყო, როგორც არასოდეს. ამერიკას ტერორიზმის სახით ახალი მტერი გაუჩნდა, რომელიც შეიძლებოდა ნებისმიერი ეროვნების, რასის, სქესის და რელიგიის წარმომადგენელი ყოფილიყო.
ასეთი მოქნილი მტრის წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება მსოფლიოს არცერთ სახელმწიფოს არასოდეს ჰქონია, ამიტომაც ეს განვლილი ოცწლეული გამოწვევებითა და სირთულეებით იყო აღსავსე.
2001 წლიდან დღემდე, ამერიკის მთავრობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში 2 ტრილიონ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული, ამ ბრძოლას კი ათასობით ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა.
საერთო ჯამში, ამ 22-წლიანი ბრძოლის შემდეგ მივიღეთ ასეთი მოცემულობა: ალ-კაიდა და ისლამური სახელმწიფო ისევ განაგრძობენ ფუნქციონირებას, თუმცა მათი მოქმედების არეალი მნიშვნელოვნადაა შეზღუდული.
ამერიკული ჯარების გასვლის შემდეგ, თალიბანმა სრული კონტროლი მოიპოვა ავღანეთზე; აფრიკის კონტინენტზე კი ტერორიზმის ახალი ტალღა მძვინვარებს, რომლის შეკავებასაც აღარავინ ცდილობს.
11 სექტემბრის ტრაგედიიდან 22 წლის შემდეგაც კი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა დასრულებული არ არის და ეს ისევ რჩება მსოფლიოს ერთ-ერთ დიდ პრობლემად, რომელიც ახლა უბრალოდ ყურადღების მიღმა რჩება.