მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

11-წლიანი სისტემა შექმნის ბარიერებს ევროპულ სასწავლებლებში აღიარების კუთხით - „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბი"

12

განათლების სისტემაში დაგეგმილ რეფორმასთან დაკავშირებით, "მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის" წევრები განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ გადახედონ გაჟღერებულ ინიციატივებს.

"ჩვენ, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის“ წევრები, გამოვხატავთ შეშფოთებას განათლების სისტემაში განსახილველი ცვლილების მიმართ, რომელიც ითვალისწინებს სრული ზოგადი განათლების ხანგრძლივობის 12 წლიდან 11 წლამდე შემცირებას.

როგორც მასწავლებლებს, რომლებიც ვართ მოწოდებულნი ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისკენ, მიგვაჩნია, რომ ეს ინიციატივა წარმოადგენს მნიშვნელოვან უკან გადადგმულ ნაბიჯს და საფრთხეს უქმნის როგორც ქართველი მოსწავლეების კონკურენტუნარიანობას, ასევე ქვეყნის საგანმანათლებლო ინტეგრაციას ევროპულ სივრცეში. სასკოლო განათლების 11 წლამდე შემცირება პირდაპირ ეწინააღმდეგება ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის (EHEA) ფარგლებში დამკვიდრებულ სტანდარტებსა და ბოლონიის პროცესის პრინციპებს, რომელიც საქართველომ გაიზიარა", - წერია განცხადებაში.

მათივე განცხადებით, ევროპის წამყვან ქვეყნებში სრული ზოგადი განათლება უმეტესად 12 ან 13-წლიანია. 11-წლიანი სისტემა შექმნის ბარიერებს ჩვენი კურსდამთავრებულებისთვის ევროპულ უმაღლეს სასწავლებლებში აღიარებისა და ინტეგრაციის კუთხით.

"მივმართავთ საქართველოს მთავრობას, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და ყველა შესაბამის უწყებას, გადახედონ ამ ინიციატივას, უზრუნველყონ ქართული განათლების სისტემის სტაბილურობა და მისი ჰარმონიზაცია საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცესთან", - აცხადებენ „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულთა კლუბის" წევრები.

16 ოქტომბერს "ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განათლების რეფორმის პრეზენტაცია გამართა. მისი თქმით, იგეგმება, რომ ერთი ფაკულტეტი იქნება შექმნილი მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, თბილისთან ერთად უნდა შეიქმნას მეორე ძირითადი საუნივერსიტეტო კერა და ეს არის ქუთაისი. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, სკოლებში 11- წლიან სასწავლო პროგრამა იქნება, ბაკალავრიატი 3-წლიანი, მაგისტრატურა 1-წლიანი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები