მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

განათლების კონცეფციაში ხარისხის გაზრდაზე პირდაპირ არაფერი წერია, "უფასო სწავლა" კი პიარული მესიჯია|ლელა ჩახაია

ლელა ჩახაია

განათლების მკვლევარ ლელა ჩახაიას შეფასებით, განათლების ეროვნული კონცეფცია და გატარებული რეფორმები, რეალურად ვერ უზრუნველყოფს უმაღლესი განათლების ხარისხის გაზრდას, ხოლო ყველა სახელმწიფო უნივერსიტეტის გარკვეული პირობით „უფასოდ“ გამოცხადება უფრო პიარული გზავნილია, ვიდრე - ხელმისაწვდომობის რეალური ზრდა.

ამის შესახებ ლელა ჩახაიამ BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, სადაც 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე განათლების რეფორმის პირველი წელი ვრცლად მიმოიხილა.

მკვლევრის თქმით, განათლების ეროვნულ კონცეფციაში პირდაპირ ხარისხის გაუმჯობესებაზე საუბარი საერთოდ არ არის და დოკუმენტი აქცენტს მხოლოდ ოპტიმიზაციაზე აკეთებს.

"ძალიან დეტალურად გავეცანი განათლების ეროვნულ კონცეფციას, რომელიც თავიდან გამოქვეყნდა და პირდაპირ ხარისხის გაზრდაზე მანდ არაფერი წერია. მეორე პუნქტში, რომელიც ვითომ ხარისხს ეხება, წერია, რომ მთავარ პრობლემად ხედავენ იმას, რომ ხარისხი არათანაბარია და რესურსები არაოპტიმალურად და არაეფექტიანადაა განაწილებული. ეს იმიტომ წერია, რომ ხარისხის გაზრდას ფიზიკურად ვერცერთი ღონისძიება, რაც ახლა გატარდა და რაც დაგეგმილი იყო, ვერ გამოიწვევს. განათლების ხარისხი რისგან შედგება?! - არის სასწავლო პროგრამები, არის აკადემიური პერსონალი, არის სასწავლო გარემო, არის დამატებითი გარემო, რომელიც სტუდენტს შეიძლება შეუქმნა, რომ კარგად ისწავლოს… ამათგან არაფერი ამ კონცეფციაში არ ეწერა ანუ არ წერია, რომ ან ვთქვათ პროგრამები გაუმჯობესდება ან ის, რომ რესურსები გაუმჯობესდება - არაფერი არ იყო მოცემული და ხარისხის გაუმჯობესებისკენ როგორ გადაიდგმებოდა ნაბიჯები?!

"დოკუმენტში წერია, რომ ხარისხს გავათანაბრებთ და რესურსების ოპტიმიზაციას გავაკეთებთ. ეს იმისთვის, რომ გამართლებულიყო “ერთი ქალაქი - ერთი ფაკულტეტის” პრინციპი, რომ ბევრი უნივერსიტეტია, ზოგან კარგი პროფესორები არიან, ზოგან - არა და თუ შეაერთებ, მხოლოდ საუკეთესოებს დატოვებ... დაახლოებით, ეს იყო მიდგომა,“ - აცხადებს ლელა ჩახაია.

რაც შეეხება განათლების ხელმისაწვდომობას, განათლების მკვლევარი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების ახალი მოდელი არსებითად არ ცვლის სურათს, ვინაიდან უფასო და დაფინანსებული პროგრამები მანამდეც არსებობდა.

“არ ვიცი, ხელმისაწვდომობა როგორ იზრდება, რადგან ეს “უფასო განათლება” თავიდანვე პიარული მესიჯი იყო - ამაზე ბევრი ვისაუბრეთ. უფასო პროგრამებიც არსებობდა, 100%-იანი გრანტიც და საჯარო უნივერსიტეტებში ხალხი სრულიად უფასოდ სწავლობდა; ასევე ფინანსდებოდნენ ისინიც, ვინც 50-და 70-პროცენტიან გრანტს იღებდა. ანუ საბიუჯეტო სახსრებით სწავლის საფასურის დასაფარად არაერთი საშუალება არსებობდა. ახლა ოდნავ კი გაიზარდა იმ სტუდენტების რაოდენობა, ვისაც სწავლა სრულად დაუფინანსდება, მაგრამ ისე არ არის, თითქოს ასეთი რამ არასდროს ყოფილა და ახლა პირველად მოხდა. ეს, უბრალოდ, ტყუილია”, - განმარტავს მკვლევარი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები