განათლების მკვლევარ ლელა ჩახაიას შეფასებით, 2026 წლის ეროვნული გამოცდების შედეგებმა სახელმწიფოსა და აბიტურიენტების ინტერესებს შორის აცდენა აჩვენა. ამის შესახებ განათლების მკვლევარმა BMGTV-ის გადაცემა “წერტილთან” ინტერვიუში განაცხადა, სადაც შრომის ბაზრის მოთხოვნის საფუძველზე უმაღლესი განათლების სისტემაში განსაზღვრული კვოტები და ჩარიცხვები გააანალიზა. "ვნახეთ, რომ ძალიან ბევრ ისეთ პროგრამაზე, სადაც შარშანდელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა კვოტა, ძალიან ბევრი შეუვსებელი ადგილი დარჩა", - აცხადებს ლელა ჩახაია.
გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებზე დაყრდნობით, მკვლევარი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ გარკვეულ სპეციალობებზე (მაგალითად, ინფორმატიკასა და მედიცინაში) ადგილები მკვეთრად გაზარდა, ეს პროგრამები თითქმის ნახევრად ვაკანტური დარჩა, ხოლო ხელოვნურად შემცირებულ მიმართულებებზე (მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობებზე) მოთხოვნა რეკორდულად მაღალი აღმოჩნდა.
ლელა ჩახაიას მიაჩნია, რომ უნივერსიტეტებში კვოტების დაწესება მხოლოდ შრომის ბაზრის მიმდინარე კონიუნქტურას ვერ დაეფუძნება, რადგან განათლების სისტემას ბევრად ფართო, სტრატეგიული მიზნები აქვს. ამასთან, მისი დაკვირვებით, საგრანტო სისტემის ცვლილებამ განსაკუთრებით იმოქმედა მაღალქულიან და შედარებით დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფონის მქონე სტუდენტებზე, რომლებმაც დაფინანსების დაკარგვის რისკის გამო არჩევანი კერძოს სანაცვლოდ, საჯარო უნივერსიტეტებზე შეაჩერეს.
ინტერვიუ ლელა ჩახაიასთან
- რა გვაჩვენა ეროვნული გამოცდების შედეგებმა? - ერთი მხრივ, საბაკალავრო საფეხურზე ჩარიცხულ სტუდენტთა საერთო რაოდენობის მკვეთრი შემცირება არ ყოფილა; მეორე მხრივ კი, როგორც მოსალოდნელი გახლდათ, მიღება საჯარო უნივერსიტეტებში ოდნავ შემცირდა, ხოლო კერძო სასწავლებლებში გაიზარდა; თუმცა ამ მშრალი რიცხვების მიღმა ბევრი მნიშვნელოვანი ნიუანსი იმალება და შეგვიძლია უფრო დეტალურად ჩავხედოთ: მაგალითად, რომელ უნივერსიტეტებსა თუ პროგრამებზე გაიზარდა ან შემცირდა მიღება. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ანალიზი ისეთი პროგრამების დაკვირვებით კეთდება, რომლებზეც შარშანდელთან შედარებით კვოტები მკვეთრად გაზარდეს.
- განათლების სამინისტრომ კვოტების ცვლილება შრომის ბაზრის მოთხოვნით ახსნა, თუმცა თავად შრომის ბაზრის მოთხოვნის სრული კვლევა, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ჩაატარა, ამ დრომდე საჯარო არაა…
- დიახ… ეს იყო ერთ-ერთი მთავარი პრინციპი, რაც განათლების რეფორმის კონცეფციაშიც ჩაიდო და მას შემდეგაც მუდმივად კეთდება აქცენტი იმაზე, რომ უმაღლესი განათლების სისტემა შრომის ბაზრის მოთხოვნებთან თანხვედრაში უნდა მოვიდეს. დავიწყოთ იქიდან, რომ ამაზე თქვენს ეთერში მეც მისაუბრია და ჟურნალისტებსაც არაერთხელ გაუმახვილებიათ ყურადღება: უმაღლეს განათლებაში კვოტების დაწესება ვერ დაეფუძნება მხოლოდ და მხოლოდ შრომის ბაზრის ამჟამინდელი სიტუაციის ანალიზს. რა თქმა უნდა, განათლებას სხვა, უფრო ფართო მიზნებიც უნდა ჰქონდეს და არა მხოლოდ ბაზრის მიმდინარე კადრებით უზრუნველყოფა…
- მით უმეტეს, დღევანდელ სწრაფად ცვალებად გარემოში...
- რა თქმა უნდა. სწრაფად ცვალებად გარემოში, ჯერ ერთი, მომავლის პროფესიები უნდა განჭვრიტო; ამასთანავე, უმაღლესი განათლება შეიძლება ამზადებდეს ისეთ კადრებს, რომელთა საჭიროებასაც შრომის ბაზრის უბრალო ანალიზი ვერ გვიჩვენებს, რადგან ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს ქვეყნის სტრატეგიულ და ეკონომიკურ განვითარებას, ან კულტურისა და ტრადიციების დაცვას…
- თანაც მხოლოდ საქართველოსთვის ხომ არ ვამზადებთ კადრებს? ბევრი წარმატებული ქართველი, რომელმაც განათლება აქ მიიღო, უცხოეთში მუშაობს ან საქართველოდან მუშაობს უცხოური კომპანიისთვის…
- რასაკვირველია. ამიტომ მხოლოდ ამ კრიტერიუმზე დაყრდნობა, ბუნებრივია, მართებული არ არის. მეორე საკითხია თვითონ შრომის ბაზრის ჩატარებული ანალიზი და მისი მეთოდოლოგია. ეს მეთოდოლოგია იმ კონკრეტული ამოცანისთვის, რისთვისაც გამოიყენეს, შესაძლოა გამართულიც იყო - საწარმოებს ეკითხებოდნენ: „ახლა რამდენი თანამშრომელი გყავთ დასაქმებული და ხუთ წელიწადში რამდენის დამატებას ელოდებით?“... დაახლოებით, ასეთი სქემა გახლდათ. კვოტები იდეალურადაც რომ იყოს გაწერილი და შრომის ბაზრის ანალიზს ეფუძნებოდეს, მხოლოდ ადგილების რაოდენობის გაზრდა სტუდენტს ავტომატურად როგორ მოიზიდავს?! რა თქმა უნდა, აბიტურიენტთა გარკვეულმა ნაწილმა შეიძლება იფიქროს, რომ დიდ კვოტაზე მოხვედრის ალბათობაც მეტია, მაგრამ პრაქტიკაში საპირისპირო ვნახეთ: იმ პროგრამებზე, სადაც ადგილები მკვეთრად გაიზარდა, ძალიან ბევრი ვაკანსია დარჩა. მაგალითად, ასე მოხდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ინფორმატიკის“ პროგრამაზე, სადაც ადგილები გაორმაგდა. ინფორმატიკა, რა თქმა უნდა, მოთხოვნადი მიმართულებაა, თუმცა ამავე უნივერსიტეტში ცალკე არსებობს „საინფორმაციო ტექნოლოგიებიც“. კონკრეტულად „ინფორმატიკაზე“ კვოტა ორჯერ გაიზარდა, მაგრამ ადგილების თითქმის ნახევარი ვაკანტური დარჩა. კიდევ ერთი მაგალითია „დიპლომირებული მედიკოსის“ პროგრამა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, სადაც კვოტა ყველაზე მკვეთრად - 200-დან 900-მდე გაიზარდა, თუმცა მხოლოდ 350-მდე ადგილი შეივსო და თითქმის ორი მესამედი აუთვისებელი დარჩა. თუ სახელმწიფოს მართლაც შრომის ბაზარზე ზრუნვა ამოძრავებს, კვოტების გაზრდას თან უნდა ახლდეს დამატებითი ღონისძიებებიც: ცნობიერების ამაღლება, პროფესიების პოპულარიზაცია ან სტუდენტებისთვის გარკვეული ბენეფიტების შეთავაზება.
- „ქართული ოცნების“ ინიციატივით მოქმედებდა ე.წ. უფასო ფაკულტეტების პროგრამა შედარებით ნაკლებადპოპულარული, მაგრამ საჭირო პროფესიებით აბიტურიენტების დაინტერესების მიზნით… ახლა კი, როდესაც სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა ისედაც უფასო გახდა, უფასო სწავლა მოტივაცია ვერ იქნებოდა კვოტების შესავსებად, ხომ?
- დიახ, ეს ვეღარ იქნებოდა წახალისების ინსტრუმენტი. შესაბამისად, საჭირო იყო დამატებითი სტიმულები - მაგალითად, სპეციალური სტიპენდიები ან სხვა მექანიზმები.
- თუმცა, რამდენად ეფექტიანია „ძალით“ სწავლება და რამდენად ხარისხიან კადრს მივიღებთ საბოლოოდ, ეს ცალკე საკითხია…
- რა თქმა უნდა! სწორედ აქ მივდივართ მეორე მთავარ საკითხთან - როდესაც მოთხოვნაზე ვსაუბრობთ, ცალკე დგას შრომის ბაზრის საჭიროებები და ცალკე - თვითონ აბიტურიენტთა ინტერესები. ახალგაზრდას აქვს კონკრეტული არჩევანი, სახელმწიფო კი ეუბნება, რომ იქ ვერ დასაქმდება და ბაზარს სხვა რამ სჭირდება, თუმცა თუ მას მაინც ეს პროფესია სურს, ძალდატანებით არჩევანს ვერ შეაცვლევინებ - მას მხოლოდ მოტივაცია შეგიძლია შეუქმნა. მეორე მხრივ, დავინახეთ საპირისპირო ტენდენციაც: იმ ფაკულტეტებზე, სადაც კვოტები მკვეთრად შეამცირეს, მოთხოვნა ძალიან მაღალი აღმოჩნდა. მაგალითად, „საერთაშორისო ურთიერთობები“ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთოდ დაიხურა, ხოლო სხვა უნივერსიტეტებში ადგილები საგრძნობლად შეკვეცეს. „საერთაშორისო ურთიერთობებზე“ ყურადღებას იმის გამო ვამახვილებ, რომ კვოტების მკვეთრი შემცირების მიუხედავად, მოთხოვნის მიხედვით ის წელს პირველ ადგილზე იყო - ყველაზე მეტმა სტუდენტმა აირჩია იგი როგორც პირველ, ისე ჯამურ პრიორიტეტად. გამოდის, რომ სახელმწიფო აცხადებს: „საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტები არ გვჭირდება“, სტუდენტები კი პასუხობენ, რომ მათ მედიცინის ნაცვლად სწორედ ამ მიმართულებაზე სურთ სწავლა.
- 2026 წლის გამოცდების შედეგებიდან გამომდინარე, მოუწევს თუ არა განათლების სამინისტროს მომავალ წელს გადახედოს კვოტებს?
- იმედია, შედეგებს კარგად გააანალიზებენ და მომავალ წელს განსხვავებულ კვოტებს გამოაცხადებენ. პროგრამები, რომლებიც ვახსენეთ, რომ მაგალითად, ილიაუნში იყო, რეალურად კი არ გაუქმებულა, არამედ მიღება შეჩერდა. შესაბამისად, სახელმწიფოს არაფერი უშლის ხელს, რომ მომავალ წელს ამ მიმართულებებზე მიღება აღადგინოს.
- თქვენი აზრით, კვოტირების სისტემამ რა ხეირი მოუტანა და რამდენად დააბალანსა კერძო უნივერსიტეტების გამოწვევები, რომლებიც სახელმწიფო გრანტის გაუქმებამ შეუქმნა? ვნახეთ, რომ სწორედ პოპულარულ პროგრამებზე იყო საკმაოდ მაღალი მიღება…
- ზუსტად. კერძო უნივერსიტეტებში გადაინაცვლა სტუდენტების იმ ნაკადმა, რომელიც საჯარო სასწავლებლებში შეზღუდული კვოტების გამო ვერ მოხვდა, რამაც კერძო სექტორს ბალანსი შეუნარჩუნა. სავარაუდოდ, კერძო უნივერსიტეტებს დიდ ზიანი არ მიადგათ, თუმცა გამოიკვეთა სხვა ტენდენცია: მაღალქულიანი სტუდენტების ჯგუფში შარშანდელთან შედარებით გაიზარდა საჯარო უნივერსიტეტების არჩევის ალბათობა. ეს თითქმის გარანტირებულად უკავშირდება საგრანტო სისტემის გაუქმებას და, პირველ რიგში, შეეხო დაბალი სოციალურ-ეკონომიკური ფონის მქონე აბიტურიენტებს. აბიტურიენტი, რომელიც მაღალ ქულებს ელოდა, შარშან კერძო უნივერსიტეტს აირჩევდა იმის იმედით, რომ იქ სახელმწიფო გრანტს წაიღებდა; წელს კი, როცა იცოდა, რომ კერძო სექტორში დაფინანსებას ვერ გაჰყვებოდა, არჩევანი საჯარო უნივერსიტეტზე შეაჩერა.




























