მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13 000-მდე დევნილ ოჯახს ახალი საცხოვრებელი გადაეცემა - ზურაბ აზარაშვილი

627c589655d4a
BM.GE
12.05.22 09:43
769
ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დევნილთა განსახლების მასშტაბური პროექტის ფარგლებში, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ახალი საცხოვრებელი იძულებით გადაადგილებულ 13 000-მდე ოჯახს გადაეცემა.

როგორც ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფარგლებში, სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, დევნილთა განსახლების პროცესი რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს, რათა თითოეული ოჯახის საჭიროებები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

„2012 წლიდან დღემდე, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, ახალი საცხოვრებელი 27 000-ზე მეტ დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა. განხორციელებული სამუშაოების მიუხედავად, გამოწვევა ჯერ კიდევ დიდია. სწორედ ამიტომ, კიდევ უფრო აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, დევნილებისთვის უსაფრთხო და ღირსეული ცხოვრების პირობების შექმნის მიზნით.
2022 წელს, განსახლების სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, საცხოვრებელი უკვე მიიღო 1302-მა დევნილმა ოჯახმა, ხოლო წლის ბოლომდე დამატებით, 1000-მდე ბინა განაწილდება და 1000-ზე მეტი ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

სამინისტროს მიერ გაცემული დაპირების შესაბამისად, ახალაშენებულ კორპუსებში ბინა უკვე გადაეცა სანატორიუმ „ქართლში“ უმძიმეს პირობებში მცხოვრებ დევნილი ოჯახების უდიდეს ნაწილს, დარჩენილი ოჯახების განსახლება კი წლის ბოლომდე მოხდება, რითაც წლების განმავლობაში არსებული პრობლემა სრულად გადაიჭრება“, - განმარტა მინისტრმა.
მისივე თქმით, დღეისათვის სანატორიუმ „ქართლში“ 50 ოჯახია დასაკმაყოფილებელი.

„დევნილი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარე წელს სამშენებლო სამუშაოები დაიწყება თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, რუსთავსა და ბორჯომში, რაც მიზნად ისახავს დევნილთა განსახლების პროცესის კიდევ უფრო დაჩქარებას და თავისი მასშტაბით უპრეცედენტოა. ჯამში, მომდევნო წლებში 7000-მდე ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემა, 6000-მდე ოჯახი კი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება.

ორივე პროგრამის ბიუჯეტი, ჯამში, დაახლოებით, 900 მილიონი ლარი იქნება“, - აღნიშნა ზურაბ აზარაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები