მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

13-14 ივლისს გურჯაანის ტექნოპარკი „ღვინოთონი 3.0“-ს უმასპინძლებს

GITA
13.07.24 09:17
3053

2024 წლის 13-14 ივლისს, გურჯაანის ტექნოპარკში, "ღვინოთონი 3.0" ჩატარდება. ორგანიზატორი საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოა.

სააგენტოში განმარტავენ, რომ ჰაკათონის (ინოვაციური პროექტების კონკურსი) მიზანია მეღვინეობის სექტორში არსებული პრობლემების/გამოწვევების ინოვაციური ან/და ტექნოლოგიური გზით გადაჭრა და კონკრეტული პროტოტიპების შექმნა.

ჰაკათონი განკუთვნილია 16 წლის ზემოთ ნებისმიერი პირისთვის, რომელიც დაინტერესებულია ინოვაციური და ტექნოლოგიური მეწარმეობით, პროტოტიპირებით, მეღვინეობით, ინჟინერიით, პროგრამირებით, დიზაინით. მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ისე გუნდურად (2-4-წევრიანი გუნდები). პროექტში უზრუნველყოფილი იქნება ტრანსპორტირება: თბილისი-გურჯააანი/გურჯაანი-თბილისი.

პროექტის მონაწილეები, ტექნოპარკის სივრცეში, 36 საათის განმავლობაში, კვალიფიციური მენტორების დახმარებითა და ფაბლაბში (ინოვაციური მეწარმეობის ლაბორატორია) არსებული რესურსების გამოყენებით, შექმნიან ინოვაციური და ტექნოლოგიური სტარტაპ იდეის პროტოტიპებს. მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა პროექტის მსვლელობისას ისარგებლონ გურჯაანის ტექნოპარკის სივრცით დღისა და ღამის განმავლობაში. მეორე დღეს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს გამარჯვებულს, რომელსაც გადაეცემა 10.000 ლარის ოდენობის გრანტი პროტოტიპის განვითარების მიზნით.

ღონისძიება ასევე ხელს შეუწყობს პროექტში მონაწილე კომპანიებისა და ორგანიზაციების დაკავშირებას ინოვაციური ბიზნეს იდეების მქონე ადამიანებთან და მათ შორის საქმიანი ურთიერთობის სტიმულირებას. პარტნიორი კომპანიები გამოავლენენ საკუთარ რჩეულებს და გადასცემენ სპეციალურ პრიზებს, რომელთაც ასევე მიეცემათ მათთან თანამშრომლობის და პროდუქტის ტესტირების შესაძლებლობა.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია შემდეგ ბმულზე: https://shorturl.at/SOoVw

პროექტის განმახორციელებელია Tbilisi School of Communication

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები