USAID-ის პროგრამა „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის საქართველოში სამი წლის წინ ამოქმედდა და ამ დროის განმავლობაში პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსებისთვის $13 მილიონის ამერიკული ინვესტიცია განხორციელდა - ამის შესახებ BMGDrive-ში USAID-ის პროგრამის რეგიონებში პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კომპონენტის ხელმძღვანელი, ნელი რევაზიშვილი საუბრობს.
“პროგრამის გლობალური ამოცანა დასაქმების ბაზარზე მოთხოვნადი პროფესიების განვითარებაა, დამსაქმებლებთან თანამშრომლობით და მათი უშუალო ჩართულობით. ამ ეტაპზე ჩვენ უკვე გვყავს პარტნიორები, მოხდა 13 მილიონი დოლარის მოცულობის ინვესტირება უშუალოდ ამერიკელი ხალხისგან, რამაც ქვეყანაში შექმნა 250-ზე მეტი პროფესიული მომზადება/გადამზადების შესაძლებლობა - მათი ნაწილი უკვე ჩაშვებულია, ნაწილი კი სხვადასხვა ეტაპზეა. თანაინვესტირებით კი დამატებით 25 მილიონ დოლარამდე მოვიზიდეთ, რომელიც, როგორც ჩვენი პარტნიორი, კერძო სექტორის წარმომადგენლებისგან, ისე სახელმწიფო სტრუქტურებიდან, განათლების თუ ეკონომიკის სამინისტროებიდან მოდის.
პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება რეგიონებში პროფესიულ საგანმანათლებლო შესაძლებლობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ისეთი პროფესიების განვითარებაა, რომლებიც მაქსიმალურად შეუწყობს ხელს მოსახლეობას, არა მხოლოდ მიიღონ განათლება ადგილზე, არამედ ადგილობრივ დონეზევე უზრუნველყონ დასაქმების შესაძლებლობის მოძიება”, - განმარტავს ნელი რევაზიშვილი.
პროგრამის წარმომადგენელი ასევე აღნიშნავს, რომ USAID-ის ეს პროგრამა პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობას საქართველოსთვის პერსპექტიულ არაერთ სექტორში იძლევა. შესაბამისად, კურსების არჩევანიც მრავალფეროვანია.
“პროგრამის დიზაინის შექმნის საწყის ეტაპზე განისაზღვრა საქართველოში სწრაფად მზარდი სექტორები და ინდუსტრიები და თუ სად იყო ყველაზე მეტი საჭიროებები. სექტორების საკმაოდ ფართო არჩევანი გვაქვს, დაწყებული განახლებადი ენერგიებით, დამთავრებული, მათ შორის, კინემატოგრაფიით - სპექტრი საკმაოდ ფართოა და მოიცავს ყველა იმ ინდუსტრიას, რომელიც სწრაფად ვითარდება, ან განვითარებისთვის სჭირდება კონკრეტული უნარების მქონე ადამიანები.
მაგალითად, დღეს ქვეყნის მდგრადი განვითარების გეგმიდან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია შუა დერეფანი და სახმელეთო გადაზიდვების გაუმჯობესება. შესაბამისად, ვთანამშრომლობთ საქართველოს სარკინიგზო-სატრანსპორტო კოლეჯთან, საქართველოს რკინიგზასთან და მარაბდა-კარწახის რკინიგზასთან - სტრატეგიულ ლოკაციებზე შექმნილია სატრენინგო ცენტრები, სადაც სწავლების ინოვაციური, ჰიბრიდული მოდელით, იმერეთისა და მიმდებარე რეგიონების მოსახლეობას შეეძლებათ 13 მნიშვნელოვანი მიმართულებიდან შეიძინონ პროფესია, რომელსაც ადგილზევე შეისწავლიან და გამოიყენებენ.
ასევე, კავკასიის უნივერსიტეტთან, ბასკების გასტრონომიულ აკადემიასთან და განათლების სამინისტროსთან ერთად, პროგრამამ ძალიან მნიშვნელოვანი რესურსის ინვესტირება შეძლო გურჯაანში გასტრონომიული აკადემიის განვითარებისთვის. USAID ხელს უწყობს, რომ შედგეს თანამშრომლობა ესპანეთში არსებულ და მსოფლიოში აღიარებულ ბასკეთის კულინარიულ საგანმანათლებლო ცენტრთან, რომლის სწავლების მოდელიც გურჯაანის აკადემიაში დაინერგება და ამ სექტორის განვითარებას შეუწყობს ხელს”, - განმარტავს რევაზიშვილი.
USAID-ის პროფესიული განათლების ხელშემწყობი პროგრამა ქვეყნის მასშტაბით 29 ტრენინგცენტრს ფლობს და ყველა რეგიონს, მათ შორის დიდ ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებსაც ფარავს. პროგრამისა და საგანმანათლებლო კურსების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოძიება კი მათ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელებშია შესაძლებელი.